ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში ისტორიული სახლები ინგრევა – რას აპირებენ მერობის კანდიდატები

23 სექტემბერი, 2021 • 17599
თბილისში ისტორიული სახლები ინგრევა – რას აპირებენ მერობის კანდიდატები

თბილისის ასობით მცხოვრებლისთვის ჩამოინგრევა თუ არა მათ თავებზე სახლის ჭერი – ყოველდღიური შეკითხვაა.

ავლაბარში, ჩუღურეთში, სოლოლაკში თუ სხვა ისტორიულ უბანში ასობით ავარიული, ისტორიული სახლი დგას. მათ ბზარები, ნახევრად ჩამონგრეული აივნები თუ დეფორმირებული ფანჯრები შეუიარაღებელი თვალითაც კი თვალსაჩინოა.

საცხოვრებელი სახლი სოლოლაკში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ქალაქის სხვა სისტემური პრობლემების მსგავსად, ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია და ასეთი ნგრევის დროს მოქალაქეების საცხოვრებლით დაკმაყოფილება – მერიის ვალდებულებაა. მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით ჯამში – 10 000-მდე ავარიული შენობაა, სხვადასხვა დაზიანების ხარისხით.

ნეტგაზეთი დაინტერესდა რა ხედვა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით მერობის იმ კანდიდატებს, რომელთაც ბოლო კვლევების მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამ“, გიორგი გახარიას და ანა დოლიძის პარტიებმა ინტერვიუ არ მოგვცეს.

კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი გუნდის ურბანული პოლიტიკის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ გამართა. წინასაარჩევნოდ ეს ერთ-ერთო პირველი პრეზენტაცია იყო.

პრეზენტაციის დაწყებისთანავე კალაძემ განაცხადა, რომ „ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს“ და კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. აქვე დასძინა, რომ ბევრი პროექტი კორონავირუსის პანდემიის დროს გადაიდო, მათი ნაწილი კი პროგრამაში ხელახლა შეიყვანეს.

ამავე ღონისძიებაზე ავარიული და ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე ვიცე-მერებმა – ირაკლი ხმალაძემ და ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრეს.

როგორც ხმალაძემ განმარტა, საბჭოთა კავშირის დროინდელ, ავარიულ ან/და ექსპლუატაციის ვადაგასულ შენობებს 2022 წლიდან მუნიციპალიტეტი აღარ გაამაგრებს. ამის სანაცვლოდ, თბილისის მერია აპირებს, რომ ასეთი შენობები დაშალოს, ტენდერი გამოაცხადოს და სამშენებლო კომპანიასთან ერთად ამ ტერიტორიაზე მსგავსი შენობა ააშენოს – უკეთესი სტანდარტითა და იმავე კონტურის.

რაც შეეხება ამ პროექტის დაფინანსებას, ამ პასუხისმგებლობას სრულიად მერია იღებს. თუმცა, ზუსტი რიცხვები არ სახელდება. ხმალაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია ტენდერს მოიგებს და ააშენებს შენობას, მას ანაზღაურება ნამატი ფართის გადაცემითა და ნაწილობრივი სუბსიდირებით გადაეხდება. მისივე განმარტებით, შენობების სიმაღლეები ძალიან არ შეიცვლება: მააგალითად 5-სართულიანი შენობები, მაქსიმუმ 8-სართულიანებით შეიცვლება.

სქრინი მერიის პრეზენტაციიდან

რაც შეეხება ისტორიულ უბნებს, ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციისას ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ სამომავლოდ კალაძის გუნდი 300 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის. მათ შორის, დაასახელა თბილისის გალავნისა და ინგოროყვას ქუჩები.

ბენდელიანმა განაცხადა, რომ როგორც თბილისის გალავანზე მყოფ ძველ საცხოვრებელ სახლებს, ასევე ინგოროყვას ქუჩაზე მდგარ სახლებს – მერია სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს.

ახალ პროგრამულ დაპირებებში მოხვდა გორგასლის ქუჩის პროექტიც, რომელზეც მერია ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა. მაშინვე წარადგინა ფოტომონტაჟი, თუ როგორ განვითარდებოდა ეს ტერიტორია.

სქრინი მერიის პრეზენტაციიდან

ნეტგაზეთს კალაძის გუნდთანაც ჰქონდა დამატებითი კითხვები, მათ შორის იმაზე თუ რას უპირებენ ისინი დანარჩენ ისტორიულ რაიონებს, სადაც ასევე მრავლადაა ძველი შენობები თუმცა, ინტერვიუს შეთავაზებაზე „ოცნებაში“ არ გვიპასუხეს.

კითხვებს შორის ერთ-ერთი ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას უნდა შეხებოდა, რომელიც დღეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ისტორიული უბანია. ჯერ კიდევ 2019 წელს, მერია ჰპირდებოდა მოსახლეობას, რომ ამ ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებდა და ტურისტულად მიმზიდველს გახდიდა. პროექტის სავარაუდო ღირებულებად მაშინ უწყებამ 50 მლნ ლარი დაასახელა.

თუმცა, ეს დაპირება არასდროს შესრულებულა. ერთადერთი კი რაც მოხდა – ფიროსმანის ქუჩის რამდენიმე შენობა მერიასთან შეთანხმებული კერძო ინიციატივის ფარგლებში გრაფიტით მოხატეს. ფიროსმანის ქუჩაზე კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში წელს აღარ უსაუბრიათ.

„ნაციონალური მოძრაობა“

სხვა პარტიების მსგავსად, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამბობენ, რომ ისტორიულ და ავარიულ შენობებში მცხოვრები მოსახლეობა მერიისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

ნიკა მელიას გუნდის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ენმ-ს ხელისუფლების დროს არსებული პროგრამა – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ხელახლა უნდა აღდგეს, ოღონდ ახალი ძალებით.

ის განმარტავს, რომ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს საცხვრებელი სახლების რეაბილიტაციასაც, უბნებისა და ქუჩების ავთენტურობა უნდა შენარჩუნდეს, ამავდროულად გათვალისწინებული უნდა იყოს ტურისტული მარშრუტები. საბოლოოდ, ამ ხედვის მიხედვით, ტურისტული მარშრუტები ერთმანეთს უნდა ებმოდეს.

კითხვაზე, ასეთ მასშტაბურ პროექტებზე, საიდან შეიძლება თანხები მოიძიონ, ირაკლი ნადირაძე გვპასუხობს:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტში დღესაც არსებობს საკმაოდ დიდი რესურსები, მათ შორის, თანხები, რომლებიც იხარჯება გაბერილ ბიუროკრატიაში, ზედმეტად იხარჯება სხვადასხვა პროექტებში. აქედან შეიძლება თანხების გამოთავისუფლება. თუმცა, დამატებით, შესაძლებელია ასევე სახელმწიფო ტრანსფერების, საერთაშორისო გრანტებისა და უცხოური ინვესტიციების მოძიება. ამაზე უნდა იმუშაოს ქალაქმა, საქალაქო სამსახურებთან ერთად, ვფიქრობთ, რომ ამ თანხების მობილიზება შეიძლება“,“ – განმარტავს ნადირაძე.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ყველა პარტიამ ახსენა, რომ ქალაქის რეაბილიტაციის პროცესში, ასე თუ ისე, ბიზნესს ჩართავდა. გამონაკლისი არც ენმ არის.

კითხვაზე, რით დააინტერესებს პარტია ბიზნესს და რატომ უნდა უღირდეს კერძო კომპანიას ავარიული სახლების რეაბილიტაცია, როდესაც ისტორიულ უბანში შენობას ახალ სართულებს ვერ მიაშენებს – ნადირაძე საშეღავათო სისტემის დანერგვას ასახელებს. იქნება ეს სპეციალური ფართების გამოყოფა, ალტერნატიული სივრცის შეთავაზება, საგადასახადო შეღავათები თუ სხვა.

„იგივე აპრობირებული მეთოდია, რომ სკვერის რეაბილიტაციის ან ქუჩაში გამწვანების დროს შესთავაზო ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე საბრენდო ნიშნის ან რეკლამის დადგმა,“ – ამატებს ის.

„უბნების რეაბილიტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებს, ეს ნიშნავს სრულფასოვან დაგეგმარებას. ამაზე უნდა იმუშაოს ურბანისტებმა. როდესაც საუბარია ტურისტის მოზიდვაზე, იქ წინასწარ უნდა დაიგეგმოს მცხოვრებლებს რამდენად შეექმნებათ დისკომფორტი, რამდენად მარტივი იქნება პარკირება, სატრანსპორტო ნაკადები, გამწვანება და ა.შ. ამის შემდეგ კი გადაწყდეს შემდგომი ნაბიჯები, ტრანსპორტის განვითარება, მრავალსართულიანი პარკინგი თუ სხვა,“.

„ბევრი ქუჩაა გადასარჩენი, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპიროზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ უნდა იყოს რაღაც ამოგლეჯილი უბნები. როდესაც დაიწყება დაგეგმარება, უნდა განვითარდეს ისე, რომ ტურისტული მარშრუტები ერთი მეორეს ებმებოდეს და მომგებიანი იყოს, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ქალაქისთვის. ერთიან ტურისტულ და ისტორიულ ინფრასტრუქტურას ქმნიდეს,“ – აცხადებს ის.

ლელო

„ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი პროფესიით თავად ურბანისტია. ის ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის და ქალაქის ისტორიის დაკარგვასთან ერთად, დღეს ასობით მოქალაქეს „მორიგეობით სძინავს“ ასეთ ავარიულ სახლებში.

პრობლემა კი ბევრია – მათ შორის, ის, რომ ადამიანებს, ვისაც უნდათ და აქვთ შესაძლებლობა თავად გაამაგრონ ისტორიული შენობა, მერია დიდი ბიუროკრატიით ხვდება. დრო იწელება, სახლის მდგომარეობა კი უარესდება. ამის პარალელურად კი პასუხისმგებლობას კულტურულ მემკვიდრეობაზე მერია ხშირად საერთოდ არ იღებს.

„ლელოში“ ამბობენ, რომ აქვთ სპეციალური 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ურბანული მემკვიდრეობის გადარჩენას გულისხმობს – „ისტორია ერთი შენობა ან ერთი ქუჩა არ არის, გარემოც კულტურული მემკვიდრეობაა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქალაქმა,“.

 

ბიბილაშვილი ხაზს კულტურული მემკვიდრეობის აღწერის და უკვე ამის შემდგომ დეტალურად გაწერილი სტრატეგიის შექმნის აუცილებლობას, რაც მისი თქმით, მართალია, ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება, მაგრამ არ აქვს.

„მერია უნდა იყოს მთავარი პარტნიორი, იდეების მიმწოდებელი. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი თვითონაა მზად გადაარჩინოს ძეგლი, სადაც ცხოვრობს, ქალაქი უნდა იყოს ინიციატორი, მოუმზადოს პროექტი, მისცეს ნებართვა და მხარი დაუჭიროს მას,“ – ამბობს ანა ბიბილაშვილი და ამატებს, რომ არც ერთი მშენებლობა არ უნდა დაიწყოს კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე.

„ლელოს“ პროგრამა და ავარიული სახლების გადარჩენის ფინანსური მხარე ასევე უკავშირდება ბიზნესსექტორის თანამონაწილეობასაც. განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებში, როდესაც ტერიტორიას დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს.

„მაგალითად, ფიროსმანის ქუჩა, რომელიც უნდა გაეკეთებინა კალაძეს – ამ სივრცეს აქვს საინვესტიციო პოტენციალი და ამის პროექტიც არსებობს, ასევე არის ოქროს უბნის განაშენიანების პროექტიც, რომელიც თავის დროზე ევროპელმა ექსპერტებმა შექმნეს. ის დღეს თაროზე დევს… მთელი უბანი შეიძლებოდა განვითარებულიყო ისე, რომ ქალაქს არაფერი დაეხარჯა.

ეს პოლიტიკური ნება ქალაქს არ აღმოაჩნდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უბანი ნადგურდება. შედეგად გვაქვს ის, რომ თითოეულ დღეს, როდესაც ქალაქი გადაწყვეტილებას არ იღებს ჩვენ ვკარგავთ მნიშვნელოვან ისტორიას. იქნება ეს ფიროსმანის ქუჩა, ავლაბარი თუ სხვა ისეთი დასახლება, სადაც ისტორიულ შენობებში ადამიანები ცხოვრობენ,“ – ჰყვება ანა ბიბილაშვილი.

ანა ბიბილაშვილი ბადრი ჯაფარიძესთან და ვატო სურგულაძესთან ერთად. ფოტო: ლელო

„კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო მასშტაბით აქვს ის გამოცდილება, რომ არის ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემო. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მოთხოვნადია ტურისტულად. [ბიზნესისთვის] ეს შეიძლება იყოს პოტენციალი, მათ შორის, გამოთავისუფლებული ან თავისუფალი ადგილების ათვისება ისე, რომ ერთიანი განაშენიანება არ დაირღვეს.

დღეს ეს ათვისება ხდება ერთიანი სახის დარღვევის ხარჯზე. ამის ძალიან კარგი მაგალითია, თუნდაც ჭონქაძის ქუჩა, სადაც ქუჩის ერთ მხარეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობები, რომელიც ინგრევა და უმძიმეს მდგომარეობაშია და მეორე მხარეს – მიდის ახალი განაშენიანება, რომელიც ეფარება ისტორიულ ნაწილს – ქუჩის ერთ მხარეს ხდება ნგრევა ისტორიული ნაწილის, მეორე მხარეს ახალი შენობების აგება, ისე, რომ არ ხდება ამ ქუჩის იერ-სახის, განშლის, სიმაღლის გათვალისწინება. ასეთი ჩარევები არ შეიძლება.

ისტორიულ სივრცეებში შესაძლებელია ახალი განაშენიანება, ახალი მოცულობები გაჩნდეს, ოღონდ ეს იყო ძალიან მოზომილი და გარემოზე მორგებული. ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი და ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს აწონ-დაწონილი, განსაკუთრებით ისტორიულ ნაწილში… ჩარევა უნდა ხდებოდეს ისე, რომ პირიქით, კულტურული მემკვიდრეობა გამოიკვეთოს“.

რაც შეეხება ბიზნესის ჩართულობას, „ლელოში“ ამბობენ, რომ მერია უნდა იყოს პარტნიორი და მედიატორი – დაიცვას ქალაქის, ადგილობრივების ინტერესები და თან სწორად შესთავაზოს საინვესტიციო პოტენციალი.

ანა ბიბილაშვილის თქმით, დაინტერესების მექანიზმები ბევრნაირია, მათ შორის, ბიზნესისთვის საშეღავათო პირობების შეთავაზება.

„შეიძლება რაღაც პირდაპირ შემოსავალზე ქალაქმა უარი თქვას, იმიტომ, რომ ჰქონდეს არაპირდაპირი შემოსავალი. მაგალითად, თუ ინვესტორი განავითარებს პროექტს ისე, რომ შეინარჩუნებს კულტურულ მემკვიდრეობას, ქალაქი შენარჩუნებული მემკვიდრეობიდან მიიღებს არაპირდაპირ სარგებელს – ამით შემდგომ მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საშუალება ინვესტორის მოზიდვისა და დაინტერესების. არსებობს ბევრი გზა, მთავარია მერია იყოს პარტნიორი. დღეს მერია არ არის პარტნიორი, არც ინვესტორებისთვის, არც ადამიანებისთვის. ეს არის უბრალოდ დახურული სივრცე, რომელიც მხოლოდ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნის,“ – განმარტავს ბიბილაშვილი.

„მესამე ძალა“

დაიცავი, არ დააზიანო, აღადგინე – მერობის კანდიდატის, თამარ კეკენაძის თქმით, ეს არის ის პრინციპი, რითაც „მესამე ძალა“ იხელმძღვანელებს. მანამდე კი აუცილებელია, რომ ხელახლა მოხდეს კვლევა და შესწავლა ყველა შენობის, რადგან მათი აღდგენა ერთიანი სტანდარტით შეუძლებელია.

„მნიშვნელოვანია გვქონდეს სრული სურათი ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების შესახებ და რა თქმა უნდა, ამის განხორციელებას ვგეგმავთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. შემდეგი ეტაპი კი იქნება ინვესტორებთან მოლაპარაკება, რათა ბიზნესი მერიასთან ერთად ჩაერთოს ამ ტიპის აღდგენით პროცესში.

ყველას კარგად გვესმის, იმისთვის, რომ ამ ტიპის შენობებს დავუბრუნოთ ძველი იერ-სახე, საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული,“ – ამბობს ნეტგაზეთთან თამარ კეკენაძე.

ის იხსენებს, რომ ე.წ. კარდაკარზე სიარულისას თავად შეხვდა ბევრ ისეთ მოქალაქეს, რომელიც დაზიანებულ შენობაში ცხოვრობს და არ აქვს ისეთი აუცილებელი კეთილდღეობებიც კი, როგორიცაა კანალიზაცია, წყალი, გაზმომარაგება თუ სხვა.

თამარ კეკენაძე. ფოტო: „მესამე ძალა“.

კითხვაზე, როგორ ხედავს ის ბიზნესისა და მოქალაქეების თანაცხოვრებას, თამარ კეკენაძე გვპასუხობს, რომ არსებული რეგულაციები, თუნდაც ხმაურზე, ბიზნესმა უნდა აღასრულოს, თუმცა ამავდროულად, არ უნდა მოხდეს დისკრიმინაცია, არც ბიზნესის და არც მოქალაქეების.

პროექტების დაფინანსების ნაწილშიც „მესამე ძალა“ ბიზნესის თანამონაწილეობაზე საუბრობს. ჩვენს კითხვაზე, ზემოხსენებულის ფონზე, რატომ უნდა უღირდეს ბიზნესს ქალაქის ნაწილის აღდგენა, თამარ კეკენაძე გვპასუხობს:

“სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები, რა თქმა უნდა, მისცეს. ეს შეიძლება იყოს საგადასახადო შეღავათი, შეიძლება იყოს იჯარის კუთხით შეღავათი და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა განისაზღვროს ობიექტების, უბნებისა და ამოცანების მიხედვით, რომელსაც დავისახავთ,“ – ამბობს ის.

„ლეიბორისტული პარტია“

„ლეიბორიტუსლი პარტიის“ მერობის კანდიდატი, მიშა ქუმსიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დღეს თბილისში 3 ათასამდე მრავალბინიანი ისტორიული სახლია, რომელიც დროულ რესტავრაციას საჭიროებს.

ქუმსიშვილის თქმით, ამის დასაძლევად მერიაში უნდა შეიქმნას საინვესტიციო საბჭო – „რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გასწიოს მედიაცია, მოიძიოს ის ინვესტორები, რომელთათვის საინტერესო იქნება ეს თუ ის ტერიტორია და რა თქმა უნდა, შესაძლებელია სუბსიდირებაც,“.

„დეტალები დამოკიდებულია თავად ტერიტორიაზე, სამშენებლო ტიპზე და ა.შ. ზოგან უნდა დაინგრეს, ახალი აშენდეს და ადამიანების დროებითი საცხოვრისი უნდა უზრუნველყოს მერიამ. ახალაშენებული შენობა კი უნდა უხდებოდეს ქალაქის სტილს, იერ-სახეს და ესაბამებოდეს სტანდარტებს,“ – ამატებს ქუმსიშვილი.

ის დასძენს, რომ შენობების რესტავრაციაზე, იქნება ეს ფინანსური თუ საპროექტო ნაწილი, პასუხისმგებლობას მერია უნდა იღებდეს. რისთვისაც, დღეს ბიუჯეტში რესურსი მეტ-ნაკლებად არის.

„შეუძლებელია, რომ 1-2 წელიწადში სრულად იყოს მოგვარებული ეს პრობლემა, მაგრამ ყოველწლიურად შეიძლება, რომ გარკვეული თანხები გამოიყოს, მაგალითად, 50 მლნ სავსებით რეალისტურია, რომ ყოველწლიურად გამოიყოფოდეს სწორედ ამ სახლების რემონტისთვის და რესტავრაციისთვის. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში, მინიმუმ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სახლების აღდგენას შევძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ ასევე დროულად ხდებოდეს გამაგრებითი სამუშაოები,“. დანარჩენ შემთხვევაში კი, ამა თუ პროექტის კეთილმოწყობაზე, შესაძლოა ბიზნესი ჩაერთოს”.

მიშა ქუმსიშვილი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

ბიზნესთან თანამშრომლობაზე საუბრისას კი ქუმსიშვილი ამბობს, რომ უშუალოდ ქალაქის მერი უნდა ხვდებოდეს ბიზნესმენებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ და არწმუნებდეს იმაში, რომ აქ ფულის დაბანდება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

თუმცა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, წინ უნდა უძღოდეს დეტალური კვლევა – სადაც აღწერილი იქნება, სად და რა დაზიანების შენობა დგას, რა პოტენციურ ზარალზეა საუბარი და რა შეიძლება ღირდეს მისი პრევენცია. ჩვენ სხვების მსგავსად, ქუმსიშვილსაც ვკითხეთ, რატომ უნდა უღირდეს ბიზნესს მსგავს პროექტებში მონაწილეობა, ის გვპასუხობს:

„უპირველესად მათ უნდა ჰქონდეთ გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ რაზეც მიიღებენ ნებართვას, შემდგომ შეუფერხებლად განახორციელებენ და საფრთხე არ დაემუქრება მათ ბიზნესს. თვითონ ქალაქმა უნდა უზრუნველყოს გარკვეული ნაწილის სუბსიდირება, ეს დამოკიდებულია ტერიტორიაზე, შენობის ტიპზე და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბიზნესს სჭირდება საკუთარი მოგება და როდესაც ააშენებს ამ ახალ შენობას, იქ განსაზღვრული იქნება კონკრეტული ბინები; დამატებითი ბინებიც გაყიდონ,“.

წაიკითხეთ ასევე:

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა: მერობის კანდიდატების ხედვები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი