საზოგადოება

მოსამართლემ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა

6 თებერვალი, 2023 • 1690
მოსამართლემ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით,  არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმორბის გადავადების ან/და გათავისუფლების შესახებ.

აღნიშნული საკითხი სასამართლოში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სულ ჩატარდა 15 სხდომა. მოსამართლის თქმით, გამოიკითხა 24 მოწმე.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს. დღევანდელი პროცესი დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების შესახებ სხდომის დასრულებისთანავე განაცხადა.


ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს, მათ შორის, გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური მიმართულებით, რაც ამ უკანასკნელის პატიმრობიდან გათავისუფლების [ან სასჯელის გადავადების] საფუძველია. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართული იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.

„ემპათიის“ დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს. დაცვის მხარის შეფასებით, ეს არის დასკვნა მათ დასკვნაზე და არა დასკვნა, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს

ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.

სამხარაულის დასკვნით, სააკაშვილს არ აღენიშნება იმ სიმძიმის დაავადებები, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლდეს.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი