საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება.
მოწმეთა გამოკითხვა დასრულებულია. სააკაშვილის ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის დასკვნითი სიტყვის შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. თეორიულად, მოსამართლეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება დღესვე შეუძლია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, დღევანდელ პროცესზე დააყენოს გასვლითი სხდომის „ვივამედში“ ჩატარების შუამდგომლობა.
„ჩვენი აზრით, არ არსებობს ოდნავი საფუძველიც, რომ მოსამართლემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი გვითხრას. თუ იქნება ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ევროპის სახელმწიფოები გამოთქვამენ სურვილს, რომ ჩამოფრინდეს სამედიცინო თვითმფრინავი და მოახერხონ მისი გაყვანა“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს, მათ შორის, გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური მიმართულებით, რაც ამ უკანასკნელის პატიმრობიდან გათავისუფლების [ან სასჯელის გადავადების] საფუძველია. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართული იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.
„ემპათიის“ დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს.
ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.
სამხარაულის დასკვნით, სააკაშვილს არ აღენიშნება იმ სიმძიმის დაავადებები, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლდეს.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:
- რას ჰყვება ამერიკელი ტოქსიკოლოგი, რომელმაც სააკაშვილზე დასკვნა შეადგინა [ვრცლად]
- „წყლის დალევაც კი უჭირდა“ — რა თქვა სააკაშვილის ნევროლოგმა სასამართლოზე
- „სააკაშვილს სასჯელის მოხდა არ შეუძლია“ — რა თქვა ამერიკელმა ნევროლოგმა სასამართლოზე
- არასათანადო მკურნალობა, კიბოს რისკი და სხვა – გასტროენტეროლოგ ფინკელის ჩვენება სააკაშვილზე
- ბრიტანელი ფსიქიატრი განმარტავს, რატომ არ არის სააკაშვილის ავადმყოფობა სიმულაცია
- „მძიმე, ქრონიკული პაციენტია“ – ბრიტანელი ექსპერტი სააკაშვილზე
- სააკაშვილს ოპერაცია ესაჭიროება — ნეიროქირურგის ჩვენება
- რა თქვა ამერიკელმა ქირურგმა სააკაშვილის სასამართლოზე [ვრცლად]
- ნადირაძე სააკაშვილის კახექსიის დიაგნოზს ადასტურებს
- რა თქვა სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტმა