საზოგადოება

„ხალხის ძალას“ NGO-ების “უცხოური გავლენის აგენტების” რეესტრის შექმნა სურს

29 დეკემბერი, 2022 • 2124
„ხალხის ძალას“ NGO-ების “უცხოური გავლენის აგენტების” რეესტრის შექმნა სურს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ხალხის ძალიდან“ “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივებით გამოდიან.

ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში იანვარში მოხდება.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და „საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.

მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად ამერიკულ  და რამდენიმე დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილებას ეფუძნება.

„შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება მედიაში „სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას“, მაჭარაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი ეფუძნება „ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს“ კანონმდებლობას.

„ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელი რიგი ენჯეოები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“, — განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტების ინიციირებისთანავე დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“, ისე ყველა „უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან“.

NGO-ების შეზღუდვების რუსულ-უნგრული გამოცდილება

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეზღუდვების შემოღებაზე საუბრისას ოპოზიციის წევრებს ახსენდებათ  „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც რუსეთში 2012 წლიდან არსებობს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, ავალდებულებს, უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირდნენ.

თუმცა კანონის მიღების შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ ცნება კიდევ გაფართოვდა და უცხოეთის აგენტთა კატეგორიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები, რუსეთის ცალკეული მოქალაქეები და აქტივისტებიც, რის შედეგადაც არაერთი მათგანის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნა.

მიმდინარე წელს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოური აგენტების“  შესახებ რუსული კანონმდებლობა  ადამიანის უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელი დონორების კონტროლი 2017 წლიდან გამკაცრდა უნგრეთშიც. უნგრეთის კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ (24 000 ევროზე მეტს), ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ ფინანსირებას იღებს“ და ყოველწიურად დეტალური ანგარიში უნდა წარადგინონ.

თუმცა, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ძირითად უფლებებს არღვევს და ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი