ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა, ნახევარზე მეტი ომის შემდეგ დარეგისტრირდა — TI

8 ნოემბერი, 2022 • 2466
საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა, ნახევარზე მეტი ომის შემდეგ დარეგისტრირდა — TI

მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. აღნიშნულის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის”(TI) კვლევაშია ნათქვამი.

ორგანიზაციამ შეისწავლა რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების მაჩვენებელზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა. კვლევის ერთ-ერთი ასპექტი ქვეყანაში მოქმედი რუსული კომპანიების რაოდენობის ზრდაა.

ორგანიზაცია რუსულ კომპანიებად მოიხსენიებს იმ კომპანიებს, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიხედვით, საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

“2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მატება ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული.

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 193 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში კი – 2,150 კომპანია.

აპრილ-სექტემბერში თვეში საშუალოდ 1,226 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. საბოლოოდ, 2022 წლის მარტი-სექტემბერში დარეგისტრირდა იმაზე 10-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში”, — ნათქვამია კვლევაში.

საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების 79% (9,500-მდე) 2018-2022 წლებშია დარეგისტრირებული. 2022 წლამდე, 1-წლიან პერიოდში რეგისტრირებულ კომპანიათა მაქსიმალური ოდენობა(1, 180) 2018 წელს იყო დაფიქსირებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიხედვით, საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ, საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი ქვეყანაში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ.

“საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ”, — ნათქვამია კვლევაში.

მიმდინარე წლის მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა, რაც, TI-ის მიხედვით, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო.

“ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვს”, — ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მის ხელთ არსებული ჩამონათვალი, შესაძლოა, არ იყოს სრული, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს.

“ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს”, — წერია კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი