ახალი ამბები

რუსი ოპოზიციონერის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს

31 იანვარი, 2022 • 1075
რუსი ოპოზიციონერის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა საზოგადოებას ამცნო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩართული ფეისბუკ ლაივის მეშვეობით.

გუდკოვის თქმით, საქართველოს დედაქალაქში შეხვედრებს გეგმავდა.

“თბილისში კიევიდან ჩამოვფრინდი აქტივისტებთან შესახვედრად. მაქვს მოწვევა. საზღვარზე მითხრეს, რომ ვიქნები დეპორტირებული უკან, კიევში. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემომიშვას ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ ბევრი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი”, — დასძენს ის.

გუდკოვის თქმით, დაფარული ჰქონდა როგორც სასტუმროს, ისე ორმხრივი ბილეთის საფასური.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც ვიცი, ლიუბოვ სობოლიც დაადეპორტეს. უცნაური რამეები ხდება საქართველოში”, — აღნიშნა გუდკოვმა.

ოპოზიციონერი ასევე წერს, რომ მისი დეპორტაცია “სახელმწიფო დონეზე” გადაწყდა და “გადაწყვეტილება პოლიტიკურია”.

“ყველა იყო გაფრთხილებული ჩემი ვიზიტის შესახებ. ჩამოვედი ოფიციალური მოწვევით. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან.

ახსნა-განმარტება არ არის, მხოლოდ მანუგეშებელი ჟესტებია მესაზღვრეებისგან”.

“ნეტგაზეთი” დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

გასული წლის ივლისში საქართველოში არც ჟურნალისტი ილია აზარი შემოუშვეს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ “ნოვაია გაზეტაში” საქმიანობს. ოქტომბერში კი ალექსეი ნავალნის გუნდის წევრმა, ლიუბოვ სობოლმა თქვა, რომ რამდენიმე თვით ადრე, აგვისტოში, ისიც გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან.

დმიტრი გუდკოვი ყოფილი დეპუტატია, რომელმაც რუსეთი 2021 წლის ივნისში დატოვა და უკრაინაში გადავიდა.

ის რუსეთის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავდა, თუმცა, როგორც თავად განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო დატოვა ქვეყანა.

სანამ კიევში წავიდოდა, გუდკოვი რუსეთის პოლიციამ 2015 წელს ნაქირავები ფართის საფასურის გადაუხდელობის ბრალდებით დააკავა. პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, თუმცა საქმეში ეჭვმიტანილად მაინც დარჩა.

განახლება: შსს-ს მიერ გამოგზავნილი წერილობითი კომენტარის მიხედვით, გუდკოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის , 11-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად.

აღნიშნული მუხლი საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს(აუცილებელი დოკუმენტების არქონა, ჯარიმის გადაუხდელობა და სხვ.) აერთიანებს.

“ი” ქვეპუნქტში კი აღნიშნული მუხლის ბოლო ქვეპუნქტია, რომელიც “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს” მიემართება. 

შესაბამისად, ბუნდოვანია, კონკრეტულად რის გამო არ შემოუშვეს ქვეყანაში რუსი ოპოზიციონერი გუდკოვი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი