საზოგადოება

Mediazona-ს ჟურნალისტის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს

11 მარტი, 2022 • 1666
Mediazona-ს ჟურნალისტის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ როგორც თავად ფრენკელმა, ისე მისმა ცოლმა, “ტვიტერზე”, 10 მარტს დაწერეს.

“მომწონს, როცა საქართველოს მთავრობა წერს, რომ ყველა უარზე გადაწყვეტილებას მესაზღვრეები იღებენ. ისინი 14 საათის განმავლობაში რეკავდნენ სადღაც, ხელებს იქნევდნენ, ხანდახან ბოდიშსაც იხდიდნენ, რომ თავადაც არ იცოდნენ [რა უნდა გაეკეთებინათ] და ელოდნენ პასუხს საიდანღაც, ზემოდან.

საბოლოოდ, უარი მითხრეს. არ გვაჭამეს, თუმცა შევეცოდეთ და დივანზე დამსვეს”, — აღნიშნავს დევიდ ფრენკელი.

ჟურნალისტის ცოლის, ვარია ზლოის თანახმად, მესაზღვრეებს არ დაუკონკრეტებიათ, რის გამო უთხრეს უარი ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე მაშინ როცა თავად ის შემოუშვეს:

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უკანასკნელი ვიქნებოდი, ვინც რუსეთიდან წავიდოდა, მაგრამ იმის გაკეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმის თქმა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რუსეთში უკვე სრულიად შეუძლებელია. ხოლო დუმილი და დარჩენა კი — კიდევ უფრო შეუძლებელი.

40 საათი ვიყავით საზღვრისკენ მიმავალ გზაზე. 2 დღე ველოდით მის გახსნას ზვავსაშიშროების შემდეგ, 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს, 14 საათი — საქართველოს მხარეს და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი ქმრისთვის, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელისთვის, უარი ეთქვათ საქართველოში შესვლაზე, ფორმულირებით “სხვა მიზეზები”.

ვარია ზლოი იქვე დასძენს:

შედეგად, გზაში გატარებული ერთი კვირის მანძილზე, დავკარგე ქვეყანა, სახლი, სამსახური თეატრში — სადაც ვერანაირი ფორმატით ვერ განვაგრძობ მუშაობას, რადგან ეს სახელმწიფო დაწესებულებაა — მანქანა, რომლითაც საქართველოში ვერ შემოვიდოდი დევიდის გარეშე და ამ დროისთვის, თავად დევიდი. სად და როგორ შევხვდებით, ჯერაც ბუნდოვანია”.

ფრენკელისა და მისი ცოლის განცხადებებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

დევიდ ფრენკელი რუსული მედიაგამოცემის, Mediazona-ს ჟურნალისტია. პლატფორმა, ძირითადად, რუსეთის სასამართლო, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობაზე ფოკუსირდება.

2020 წლის ივნისში, რუსეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმის მიმდინარეობისას, ფრენკელი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, რათა შეემოწმებინა ცნობები ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის შესახებ. პოლიციამ სცადა, ძალის გამოყენებით გაეძევებინა ის. ამ დროს ფრენკელს ხელის მოსტეხეს.

დევიდ ფრენკელი რუსეთში ყოფნის ბოლო დღეებშიც განაგრძობდა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებას.


ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ხელისუფლების კრიტიკოსთა დევნა გაძლიერდა. ომის საწინააღმდეგო აქციებზე ათასობით ადამიანი დააკავეს, რიგი კრიტიკული მედიასაშუალებები კი დაბლოკეს.

ამასთან, მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ რუსეთის არმიაზე “ყალბი ინფორმაციის” გამავრცელებლებს.

ამ ფონზე, რუსეთს კრემლის არაერთი კრიტიკოსი ტოვებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო  ოპოზიციური რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმაც, რომელმაც გასულ კვირას თქვა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის, თუ რატომ არ შემოუშვეს „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში. თუმცა, დასძინა, რომ მიზეზი იქნებოდა „ჩვეულებრივი გაწერილი წესის“ დარღვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი