საზოგადოება

რას ჰყვებიან რუსეთიდან გამოქცეული კაცები — რეპორტაჟი საზღვრიდან

23 სექტემბერი, 2022 • 4503
რას ჰყვებიან რუსეთიდან გამოქცეული კაცები — რეპორტაჟი საზღვრიდან

საბაჟო-გამშვებ პუნქტთან „ყაზბეგი“ 23 სექტემბერს, დილით ადრე მივედით. სიცივის, ქარისა და წვიმის მიუხედავად, აქ უამრავი ადამიანი ირევა. ხეობა გადატვირთულია მანქანებით, ძირითადად მოძრაობენ რუსული სანომრე ნიშნებით.

საზღვართან ახლოს მისვლას პოლიცია გვიკრძალავს, გვეუბნება, რომ ამისთვის ჟურნალისტებს სპეციალური ნებართვა გვჭირდება, რომელსაც ვერ ვიღებთ. შესაბამისად, უზარმაზარ რიგს გამშვებ პუნქტთან შორიდან ვადევნებთ თვალს. ვხედავთ იმასაც, თუ როგორ მოათრევენ დიდ ჩანთებს მოქალაქეები და ჩვენც გვეკითხებიან, თბილისამდე ყველაზე იაფად როგორ ჩააღწევენ. სასაზღვრო პუნქტის ირგვლივ ყველაფერი მორგებულია რუსულენოვან მოქალაქეებზე — აბრებზე რუსული წარწერებია, ტაქსის მძღოლებიც რუსულად საუბრობენ.

საბაჟო-გამშვებ პუნქტის „ყაზბეგი“ მიმდებარედ. ფოტო: ნეტგაზეთი

მარტივი დაკვირვებითაც ჩანს, რომ „ყაზბეგით“ საქართველოში, ძირითადად, კაცები შემოდიან. ისინი მოდიან ყველა შესაძლო საშუალებით: ფეხით, ველოსიპედებით, ავტომობილებით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით.

განსაკუთებით თვალშისაცემია რუსეთიდან ველოსიპედით გადმოსულთა სიმრავლე. როგორც ისინი ამბობენ, ავტომობილით რუსეთის მხრიდან მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობი იწყება, შემდეგ კი გზა ველოსიპედით გააგრძელეს საქართველოს საზღვრისკენ. ამბობენ, რომ ჩქარობდნენ, რადგან, როგორც თავად აღნიშნავენ, რაც უფრო სწრაფად დატოვებენ რუსეთის ტერიტორიას, მით ნაკლებად დაემუქრებათ საფრთხე, საკუთარი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდნენ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე.

საზღვრის ყოველი 10 გადამკვეთიდან, ალბათ, 8 კაცია, ძირითადად, ახალგაზრდები  — მოქალაქეთა სწორედ ის ჯგუფი, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებით უკრაინაში საბრძოლველად უნდა წავიდეს. ჩვენ მათ საზღვრიდან დაახლოებით 100 მეტრში ვხვდებით, იქ, სადაც პოლიცია ამის ნებას გვრთავს.

უმეტესობა ინტერვიუზე უარს ამბობს, მათი ნაწილი საუბრის დასაწყისში საქართველოში გამოქცევის რეალურ მიზეზს — მობილიზაციისგან თავის დაღწევას — მალავს და ირწმუნება, რომ ან ტურისტია, ან სამსახურებრივი მიზნებით ჩამოდის, თუმცა ვერ ამბობენ, რამდენი ხნით აპირებენ საქართველოში დარჩენას.

თუ არ ჰკითხე, უკრაინაში ომზე საუბარს ერიდებიან. ზოგს იმის თქმისაც ეშინია, რომ კრემლის რეჟიმს გამოექცა, ზოგი კი გვთხოვს, მისი სახე არ ვაჩვენოთ. უკვე შემდეგ , პირად საუბარში მაინც ვერ იკავებს თავს და დასძენს, რომ რუსეთში უბრალოდ აღარ დაედგომება, ომში წასვლა არ უნდა, მობილიზაციისთვის მიჰყავთ ყველა და ნელ-ნელა უფრო ძლიერდება საუბრები რუსეთში შიდა საოლქო საზღვრების ჩაკეტვაზეც.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“. ფოტო: ნეტგაზეთი

ბევრი ახსენებს იმასაც, რომ ტელეგრამ არხების მეშვეობით ერთმანეთს „ხრიკებს“ ასწავლიან, როგორ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი, მაგალითად, უნდა მოხსნან მანქანებიდან უკრაინაში შეჭრის სიმბოლო Z. ამ არხების მეშვეობით სხვა ცნობებიც აქვთ, თუნდაც ის, რომ ახალგაზრდებს საქართველოში რუსულად არ უნდა დაელაპარაკონ.

ტელეგრამ არხების მეშვეობით გაიგეს იმ უზარმაზარი საცობის შესახებაც, რომლის გავლაც საქართველომდე უწევთ. ვლადიკავკაზთან და მის შემდეგ საგზაო გზის ათობით კილომეტრი მანქანებითაა გადაჭედილი, ამიტომ, ძალიან ბევრი ველოსიპედით მოდის, ან უბრალოდ, ფეხით.

რატომ ჩამოვედი საქართველოში? – რუსეთის მოქალაქეების პასუხები

„წამოვედით იმიტომ, რომ არ ვგრძნობდით თავს უსაფრთხოდ დიქტატორის გამო“ — გვეუბნება მიხაილი. მან მეგობართან ერთად 15-კილომეტრიანი საცობი გაიარა საზღვრამდე. ამბობს, რომ საქართველოში არაფერი აბადია.

„წამოვედით „ვასმიორკით“, შუა გზაში, იქვე დავტოვეთ. შემდეგ, საცობამდე მოგვიყვანა ტაქსიმ და ბოლოს რუსმა ბიჭებმა წამოგვიყვანეს“, — იხსენებს ის და ამბობს, რომ მობილიზაცია მისთვის ერთგვარი ბოლო წვეთი იყო, „ვინანებდით, რომ არ წამოვსულიყავით“.

ნეტგაზეთი: რა დამოკიდებულება გაქვთ მობილიზაციის მიმართ?
მიხაილი: ზუსტად ისეთი, როგორც უკრაინაში ომის მიმართ – უარყოფითი.
ნეტგაზეთი: რას ფიქრობენ თქვენს ქალაქში მობილიზაციაზე?
მიხაილი: ახლა ყველა ნეგატიურად არის განწყობილი იქ. მაგრამ, ხალხი იმდენადაა დაშინებული, რომ ეშინია ხმის ამოღება. ჯერჯერობით ეშინია..
ნეტგაზეთი: ამიტომაც არ არის აქციები?
მიხაილი: ტულაში ნამდვილად არ არის, მოსკოვში იყო, რამდენიმე ათასი გამოვიდა, მაგრამ სასტიკად დაარბიეს, ამიტომ…

მიხაილი (წინ) და მისი მეგობარი „ყაზბეგთან“. ფოტო: ნეტგაზეთი

მიხაილი ამბობს, რომ როდესაც რუსეთის საზღვარს კვეთდა საქართველოს მიმართულებით, დამატებითი შემოწმებები დიდად არ გაუვლია. რუსმა მესაზღვრეებმა მხოლოდ ის ჰკითხეს, თუ უმსახურია ჯარში. იხსენებს, რომ რუსეთში მესაზღვრეებს არც რაიმე სია აქვტ, კითხვებზე პასუხს კი უბრალოდ, ფურცელზე იწერენ. არ იცის, როდემდე დარჩება საქართველოში.

„ჩემი ცოლი რუსეთში დარჩა. ის ზამთრისკენ ჩამოვა. ბუნებრივია, ცოლმაც და დედამაც მხარი დამიჭირეს, როდესაც ვუთხარი, რომ წამოსვლას ვაპირებდი.

[ძალიან სევდიანი იყო], მაგრამ, აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა?! უცხო ქვეყანაში ვარ, ცოლი იქაა. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო… იქ ყველაფერი მქონდა… მქონდა არცთუ ისე ცუდი სამსახური, ბინა, რომელიც დამრჩება… თუმცა, რა ვიცი, აბა…“ – ამბობს მიხაილი. ბოლო კითხვაზე, დარჩა თუ არა რუსეთში სიტყვის თავისუფლება ის მოკლედ გვპასუხობს – „არა, საერთოდ არა“.

ცოლი რუსეთში დატოვა ალექსეიმაც. 24 წლის კაცი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გადაადგილების საშუალებად ველოსიპედი აირჩია.

„სტავროპოლიდან გამოვედი, გადავჯექი მატარებელში ვლადიკავკაზამდე, რკინიგზაზე ჩავჯექი მანქანაში, მომიყვანეს საცობამდე, საცობიდან კი, ველოსიპედით,“ – ამბობს ის.

ალექსეი ველოსიპედით. ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი: რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
ალექსეი: ჯერჯერობით ეს არის ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა, უახლოესი, რომელშიც ჩასვლა შეიძლება.
ნეტგაზეთი: ეს კარგი, თუმცა, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ უშუალოდ? მობილიზაციის გამო?
ალექსეი: კი, მობილიზაციის გამო.
ნეტგაზეთი: როგორი დამოკიდებულება გაქვთ მობილიზაციის მიმართ?
ალექსეი: საერთოდ არ მინდა, რაიმე კავშირი მქონდეს, ამიტომაც ვარ აქ.
ნეტგაზეთი: ანუ, თქვენ არ იცით, როდემდე იქნებით აქ?
ალექსეი:ვფიქრობ, 28 სექტემბრისთვის უნდა გადაწყდეს ყველაფერი. შემდეგ გაირკვევა, ვრჩებით თუ სახლში მივდივართ.

„ძალიან რთული იყო ყველაფრის დატოვება. მე აქ ვიყავი ზაფხულში და ძალიან მომეწონა, ახლა კი იძულებული ვარ ეს გავაკეთო. ამიტომ ძალიან დიდი სტრესია“, – დასძენს ალექსეი და ჰყვება, რომ დიდად არც ის შეუმოწმებიათ რაიმე დამატებითი პროცედურების გავლით.

„ყველას უნდა სადღაც წასვლა, ვინც შეძლო, უკვე წავიდა. მნიშვნელობა არ აქვს, სად, ყაზახეთში, საქართველოში – ეს ორი ყველაზე ახლო ქვეყანა“.

საცობი რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრამდე. ფოტო: ალექსეის არქივიდან

საქართველოში ველოსიპედით შემოვიდა სერგეი ვოლგოგრადიდან, რომელიც ირწმუნება, რომ ტურისტია. გვიყვება, რომ რამდენიმე საათი საცობში დაყო.

„მოვდიოდი, გავიარე შემოწმება, ვანახე პასპორტი, დამირტყეს ბეჭედი. ერთადერთი მკითხეს, თუ ვმსახურობდი, რაზეც ვუპასუხე, რომ კი“, — უთხრა ალექსეიმ ნეტგაზეთს.

სერგეი. ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი: რას ფიქრობთ მობილიზაციაზე, როგორც ადამიანი, რომელსაც უმსახურია?
სერგეი: საშიში რამეა…
ნეტგაზეთი: რას ფიქრობთ უკრაინაში ომზე?
სერგეი: არ მომწონს.
ნეტგაზეთი: მობილიზაციის გამო ჩამოხვედით?
სერგეი: უფრო ტურიზმის გამო.
ნეტგაზეთი: რამდენი ხნით?
სერგეი:ჯერ არ ვიცი.
ნეტგაზეთი: ანუ, მთლად ტურიზმის გამო არა..
სერგეი: ნუ, ხო…
ნეტგაზეთი: თბილისში აპირებთ დარჩენას?
სერგეი: დიახ.

საქართველოში რამდენს ხანს დარჩება არ იცის არც ნიკიტამ. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ მოსკოვიდან მობილიზაციის გამო წამოვიდა და რამდენიმესაათიან საცობში გაჩერდა.  მისი წამოსვლის შემდეგ საცობში კიდევ საათები იდგა მისი დაქალიც. კითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს მობილიზაციის მიმართ, ნიკიტა ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, „რომ ბოლომდე შემიძლია ვთქვა, რასაც ვფიქრობ“. თუმცა, თან მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

“ჩემს მეგობრებსაც ისეთივე დამოკდიებულება აქვთ, როგროც მე. ან უკვე წავიდნენ, ან გზაში არიან. ყველგან მიდიან, სადაც შეუძლიათ”, — ამბობს ის.

ნიკიტა. ფოტო: ნეტგაზეთი


მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი საქართველოა, რადგან მათ აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში გაჩერება ერთი წლის ვადით შეუძლიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 24 076-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ამავე წლის ივლისში. სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ივლისში -236 734 მოქალაქე.

პარალელურად, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა. TI-ის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში დარეგისტრირდა 6 400-მდე რუსული კომპანია/ინდმეწარმე, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც  7-ჯერ მეტია.

არაერთი ევროპული ქვეყანა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრებს მიღმა აღარ უშვებს. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში გამართული ორდღიანი არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შეთანხმდნენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე 2007 წელს გაფორმებული შეთანხმების სრულ შეჩერებაზე.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი