ახალი ამბები

რუსი ფოტოჟურნალისტის თქმით, საქართველოში მეორედ არ შემოუშვეს

4 სექტემბერი, 2022 • 1355
რუსი ფოტოჟურნალისტის თქმით, საქართველოში მეორედ არ შემოუშვეს

რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. დამოუკიდებელ რუსულ გამოცემასთან, The Insider-თან საუბრისას მან თქვა, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე აგვისტოშიც უთხრეს უარი.

გამოცემის თანახმად, კრესტიანინოვი თბილისში ვილნიუსიდან, ერევნის გავლით ბრუნდებოდა. ლიეტუვის დედაქალაქში ის “თავისუფალი რუსეთის კონგრესს” დაესწრო. ფოტოჟურნალისტი თბილისში 2021 წლიდან ცხოვრობს.

კრესტიანინოვმა The Insider-ს უთხრა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისთვის კითხვები არ დაუსვამთ. მესაზღვრემ ჟურნალისტის პასპორტს ფოტო გადაუღო და “მის ზემდგომ პირებს” გაუგზავნა.

“ერთი საათის შემდეგ ჟურნალისტს პოლიციის თანამშრომელი მიუახლოვდა და უთხრა, რომ ის ერევნის თვითმფრინავში უნდა დაბრუნებულიყო. მას უარის თქმის მიზეზები არ განუმარტავს, კრესტიანინოვის პასპორტი კი უფროს ბორტგამცილებელს გადასცა”, — წერს გამოცემა.

კრესტიანინოვმა შეძლო, მიეღო დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლები.

ფოტოს მიხედვით, ფოტოჟურნალისტის შემთხვევაში, დოკუმენტში მონიშნულია პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. აღნიშნული პუნქტის ფორმულირება ართულებს იმის გარკვევას, კონკრეტულად რის გამო არ უშვებენ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს. “ნეტგაზეთი” შსს-დან ელის პასუხს კრესტიანინოვის შემთხვევასთან დაკავშირებით.

The Insider-ის მიხედვით, უკვე მეორედ ხდება, როცა ვასილი კრესტიანინოვს საქართველოში არ უშვებენ. პირველი უარი მას 23 აგვისტოს უთხრეს, როცა თბილისში თურქეთიდან ბრუნდებოდა. კონკრეტული მიზეზი არც მაშინ დაუსახელებიათ.

თავად ჟურნალისტი ხსენებულ შემთხვევებს მის საქმიანობას უკავშირებს. კრესტიანინოვს არაერთ დამოუკიდებელ გამოცემასთან უთანამშრომლია. ის პოლიტიკურ პროცესებს აშუქებს სხვადასხვა ქვეყანაში, ამჟამად კი თანამშრომლობს როგორც The Insider-თან, ისე ამერიკულ Associated Press-სთან.

კრესტიანინოვი რუსეთიდან საქართველოში 2021 წლის ნოემბერში, მას შემდეგ წამოვიდა, რაც რუსულმა FSB-მ მისი გადაბირება სცადა.

უკანასკნელ ხანებში საქართველოში შემოსვლაზე კრემლის არაერთ კრიტიკოსს უთხრეს უარი.გასული წლის ივლისში ქვეყანაში “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ილია აზარი არ შემოუშვეს, ოქტომბერში კი ალექსეი ნავალნის გუნდის წევრმა, ლიუბოვ სობოლმა თქვა, რომ ისიც გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ვერც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი შემოვიდა, ომის დაწყების შემდეგ კი ანალოგიურ გამოცდილებაზე ოპოზიციური ტელეარხის “დოჟდის” წამყვანმა მიხაილ ფიშმანმა და “მედიაზონას” ჟურნალისტმა დევიდ ფრენკელმა აცნობეს საზოგადოებას.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ რუსეთის მოქალაქ ბლოგერს, ინსა ოგუზსაც. 2-კვირიანი ლოდინის შემდეგ, ის ლიეტუვაში გაემგზავრა.

ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაში, 13 ივლისს, რუსმა კომიკოსმა, გარიკ ოგანისიანმა თქვა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, ივლისის ბოლოს კი ანალოგიურ გამოცდილებაზე ჟურნალისტმა ალექსეი რომანოვმა ისაუბრა და თქვა, რომ არშემოშვება კავშირში იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე მის მიერ მომზადებულ რეპორტაჟებთან.

მეორე მხრივ, აგვისტოს ბოლოს განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულომ ტრაპიზონში, რომლის თანახმადაც გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში არ უშვებენ თურქეთიდან მომავალ რუსეთის მოქალაქეებს. მათ შორის, საკონსულოს ცნობით, ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ რუსეთის მოქალაქეობის მქონე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს.

ფოტო: The Insider

მასალების გადაბეჭდვის წესი