ახალი ამბები

საქართველოში უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ემხრობა – კვლევა

21 აპრილი, 2022 • 2876
საქართველოში უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ემხრობა – კვლევა

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

66% აცხადებს, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესებული უვიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს, 23 პროცენტის ამას ეწინააღმდეგება, ხოლო 11% ამბობს, რომ არ აქვს პასუხი კითხვაზე. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი ცალმხრავად აქვს გაუქმებული, ანუ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასასვლელად ვიზა უნდათ.

NDI-ის თანახმად, უვიზო რეჟიმის შემოღებას ყველაზე მეტად “ოცნების” მხარდამჭერები, კაცები და უფროსი ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა რუს ხალხს უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე რუსეთის მთავრობას.

 

კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ NDI დაკვეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი