საზოგადოება

ბოლო 2.5 წელში არასრულწლოვანთან ქორწინების 400-მდე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება — კვლევა

30 ნოემბერი, 2022 • 1083
ბოლო 2.5 წელში არასრულწლოვანთან ქორწინების 400-მდე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება — კვლევა

2020 წლიდან დღემდე, საქართველოში არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ, ქორწინების მოტივით ჩადენილ, დაახლოებით, 397 საქმეზე დაიწყო გამოძიება. აქედან 153 პირის მიმართ- სისხლისამართლებრივი დევნა.

ამის შესახებ საუბარია ანგარიშში „ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში“.  დოკუმენტი, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით მოამზადა.

კვლევაში, რომელიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდებს, გაანალიზებულია სისხლის სამართლის 74 საქმე.

ამ საქმეებში ჩანს, რომ მართალია, უმეტეს შემთხვევაში გამოძიება მყისიერად იწყება, არასრულწლოვნებს უწევთ ისეთ სისტემურ ბარიებთან შეჯახება, როგორიცაა, მაგალითად, გამომძიებლის არაპროფესიონალური კითხვები, ოჯახის მხრიდან ზეწოლა და გაუპატიურების შემთხვევების უგულებელყოფა.

რას ამბობენ ბავშვები — რამდენიმე ამონარიდი საქმეებიდან

ის, რომ საქართველოში ბავშვთა ქორწინება მწვავედ დგას, კარგად ჩანს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. კვლევაში არაერთი მასალაა მოყვანილი როგორც ბავშვების ჩვენებებიდან, ასევე მოწმეთა დაკითხვებიდან, გამომძიებელთა ოქმებიდან და სხვა.

მაგალითად, ხშირია, როდესაც ამა თუ იმ პირმა, მათ შორის ექიმმა, დანაშაულის შესახებ იცის, თუმცა შესაბამის უწყებებს არ ატყობინებს.

ერთ-ერთი საქმის,- რომელზეც გამოძიება არასრულწლოვანი გოგოს დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო შვილის მიმართ დედამთილის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე,- გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ 15 წლის არასრულწლოვანი იყო ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, რომლის შესახებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს ორი ექიმისთვის — გინეკოლოგებისთვის, რომლებსაც ამის თაობაზე არ შეუტყობინებიათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

დაზარალებულის განმარტებით, გინეკოლოგებმა მას ისიც კი ურჩიეს, თუ როგორ დაეცვა თავი ორსულობისგან, ვინაიდან 15 წლის იყო და მშობიარობა გაუჭირდებოდა. ექიმებმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ მათთან დაზარალებული მისული იყო მენსტრუაციული ციკლის დარღვევის გამო და არ იცოდნენ, რომ მას, შესაძლოა, სქესობრივი კავშირი ჰქონოდა.

საქმეების ნაწილში, რომელიც მკვლევრებმა შეისწავლეს, რამდენიმეა ისეთი, სადაც ბავშვის ქორწინებას თავად მშობელი ან ოჯახის წევრი უწყობდა ხელს. მაგალითად,  ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხებოდა ქორწინების მიზნით სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, არასრულწლოვნის გამოკითხვას ესწრებოდა მისი დედა, რომელიც თავადვე უწყობდა ხელს შვილის ადრეულ ასაკში ქორწინებას (დაზარალებულის განმარტებით, მისი და კაცის მშობლები შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ დაოჯახებაზე).

„მაგალითად, ქორწინების იძულების ერთ-ერთ საქმეში დაზარალებული განმარტავდა: „დედაჩემი იმიტომ მცემდა, რომ არ ვაკეთებდი საოჯახო საქმეებს, არ ვალაგებდი და ვრეცხავდი კარგად…მაიძულებდა ცოლად გავყოლოდი… ოჯახის შექმნას მაიძულებდა… ამბობდა, რომ… იყო კარგი ბიჭი და მოსწონდა სასიძოდ“.

ამ საქმეზე პროკურორი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მიუთითებდა, რომ „სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, მათ შორის საოჯახო საქმეების არშესრულებისა და ქ.კ.-ზე ქორწინების იძულების გამო წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტისას..“ გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებებისა და პროკურორის მიერ ამგვარი მსჯელობის მიუხედავად, რომელიც აშკარად მეტყველებს გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში ამის შესახებ მითითებული არ ყოფილა.“

საქმეებიდან ასევე იკვეთება, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ოჯახი წარადგენს განცხადებას „პრეტენზიის არქონის“ თაობაზე, მიუხედავად არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა.

„მაგალითად, ქორწინების იძულების მიზნით არასრულწლოვნისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ერთ-ერთ საქმეში, სადაც დაზარალებული პირველ გამოკითხვაში საუბრობდა მოტაცების ფაქტზე და ეს დასტურდებოდა კიდეც სხვა მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგინეს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება „პრეტენზიის არქონის“ თაობაზე. მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად, დასტურდებოდა არასრულწლოვნის მოტაცების ფაქტი („საპატრულო პოლიციამ გახსნა კარი, შევედით ბინაში, სადაც ვნახეთ ახალგაზრდა, დაახლოებით 17 წლის გოგო, რომელიც ჩაგვეხუტა და გვიხდიდა მადლობას გადარჩენისთვის. ის იყო შეშინებული, ის ტიროდა“) და ამის შესახებ თავად არასრულწლოვანიც საუბრობდა. მოგვიანებით დაზარალებული ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტში უთითებდა: „მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მარტო ყოფნით და რ.-ზე (გამტაცებელი) ფიქრით უფრო მეტი ტკივილი მადგება. მე ვაპირებ მასთან ოჯახის შექმნას“. მსგავსი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი გვხვდება სხვა საქმეებშიც“,—  ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხირდან სისტემურ ხარვეზებს, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოკითხვის ოქმების შესწავლისას არაერთხელ გამოიკვეთა დისკრიმინაციული არარელევანტური ან/და სტერეოტიპული შეკითხვების დასმის პრაქტიკა:

„რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა არასრულწლოვნებისთვის შემდეგი შინაარსის კითხვების დასმის ტენდენცია: „იყავით თუ არა ქალიშვილი?“, „აქამდე გქონიათ თუ არა სქესობრივი კავშირი ვინმესთან?“, „თანახმა ხართ, ჩაგიტარდეთ ექსპერტიზა საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით?“, „იყო თუ არა „X” თქვენი პირველი მამაკაცი?“, „გყავდათ თუ არა სხვა პარტნიორი იქამდე?“, „რამდენჯერ გქონდათ სქესობრივი კავშირი?“

„ერთ-ერთ საქმეში, დაზარალებულს, რომელმაც დეტალურად აღწერა გაუპატიურების პროცესი, გამომძიებელი დამატებით უსვამდა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოიმოქმედა ბრალდებულმა, გაუწია თუ არა დაზარალებულმა წინააღმდეგობა, რაში გამოიხატა ეს წინააღმდეგობა და სხვა, რაც დაზარალებულს უკვე ჰქონდა აღწერილი“.

პრობლემურია ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. მაშინაც კი, როდესაც არასრულწლოვანი გაუპატიურებაზე საუბრობს, მოსამართლეთა ნაწილი აქცენტს აკეთებს იმაზე, გაუწია თუ არა მსხვერპლმა მოძალადეს წინააღმდეგობა.

მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში  დაზარალებული არასრულწლოვანი უთითებდა, რომ მოტაცების შემდეგ ერთ-ერთი პირის სახლში მიიყვანეს, სადაც უცხო ქალები დახვდნენ. დაზარალებულის თქმით, ყვირილით სთხოვდა ამ ქალებს დახმარებას, მაგრამ მათ უარი განუცხადეს და ბრალდებულთან ერთად ოთახში მარტო დატოვეს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ოთახში მოთავსებულ საწოლზე ბრალდებულმა ძალით გახადა ტანსაცმელი არასრულწლოვანს და გააუპატიურა. ამ სახლში არასრულწლოვანი ორდღე-ნახევარი იმყოფებოდა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.

„ეს ქმედებები ბრალდების მხარის მიერ დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით123 და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ამ საქმეში მოსამართლემ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი მისი თანხმობით დამყარდა და ამასთან ერთად, იგი არ იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში მაშინ, როდესაც ამავე მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

განაჩენის დასაბუთებისას მოსამართლემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ წინააღმდეგობის გაწევას რეალურად უნდა ჰქონდეს ადგილი დაზარალებულის მხრიდან, მისი მოქმედებით ნათელი უნდა იყოს, რომ მას არ სურს ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის დამყარება. ასევე იმსჯელა, რომ თუ დაზარალებულმა ნამდვილად გაუწია წინააღმდეგობა, ბრალდებულს უნდა მიეღო გარკვეული დაზიანებები, რომლებიც მას არ აღენიშნებოდა“.

საკუთარი სახლის ეზოდან გატაცებული 15 წლის დაზარალებული გამოკითხვის ოქმში განმარტავს:

„გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგონები ასეთი ძალადობისგან და გათხოვების დაძალებისგან, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ აიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ, და თან დასცინებენ იმის გამო, რომ შეძლო ხმის ამოღება და თავის დაცვა“.

კიდევ ერთ საქმეში, გატაცებული არასრულწლოვნის 7 წლის ძმა, რომელიც შეესწრო დის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, ჩვენებაში განმარტავს: „როცა დიდი გავიზრდები, ძალიან მაგარი ვიქნები და ჩემს დას დავიცავ, რომ არავინ წაიყვანოს და სცემოს. გუშინ რომ ძალით წაიყვანეს, მე ძალიან შემეშინდა და ძალიან შემეცოდა, რომ მას ვერ მივეხმარე“.

კიდევ ერთი დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენებაში ვკითხულობთ: „მინდა სოფელში შეიცვალოს მიდგომები, გოგოებს არ ეკითხებოდნენ, როდის თხოვდებიან, და არ ხდებოდეს მათი მოტაცება სკოლის მერხებიდან“.

რას ამბობს სტატისტიკა საქართველოში

კვლევის ავტორების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს არასრულწლოვანთან ,სავარაუდოდ, ქორწინების მოტივით ჩადენილ დაახლოებით 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს — დაახლოებით 212 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) — დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ბავშვთა ქორწინების საკითხებზე არ აწარმოებს ოფიციალურ სეგრეგირებულ სტატისტიკას, თუმცა სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის 2020 წლის ჩათვლით, შსს ამუშავებდა და აქვეყნებდა მონაცემებს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე [სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში], 143-ე [თავისუფლების უკანონო აღკვეთა] და 150-ე პრიმა [ქორწინების იძულება] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შესახებ, რომლებიც არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით იყო ჩადენილი.

ფოტო: სქრინი კვლევიდან

რაც შეეხება არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობას, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, 2021 წელს – 67-ის, ხოლო 2022 წელს (6 თვე) – 44 პირის.

გამოკვლევული 39 საქმიდან 29 საქმეზე (74%) დაიდო საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა, განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე; დამნაშავეთა მიმართ უმეტესად გამოიყენება პირობითი მსჯავრი და დაბალია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი.

სისხლის სამართლის საქმეების ანალიზისას მკვლევრები მიუთითებენ არაერთ სისტემურ გამოწვევაზე. მაგალითად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქმეებში, სადაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, პროკურატურის მიერ ამგვარი ქმედება გაუპატიურებად ან გაუპატიურების მცდელობად დაკვალიფიცირდა. თუმცა ამას უმეტესად სასამართლო არ იზიარებს – „რაც სასამართლოების მიერ შეუსაბამოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტისა და გაუპატიურების დროს ყველა შემთხვევაში მსხვერპლის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის სტერეოტიპული მოთხოვნებით აიხსნება“.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ კვლავ პრობლემურია ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის და რეფერირების პროცედურების გამართულად მუშაობა.

ამასთანავე, სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში, უწყებების მხრიდან უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა, გამომძიებლის მიერ არასრულწლოვანი მსხვერპლისათვის დასმული შეკითხვები ხშირად შაბლონურია და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე არ არის ფორმულირებული. ასევე გამოვლინდა დისკრიმინაციული, არარელევანტური და სტერეოტიპული შეკითხვების დასმის პრაქტიკა.

„იმ საქმეებში, სადაც ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ვაგინალური ფორმით, მტკიცებულების შეგროვების პროცესში უმეტესწილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანთან ვაგინალური ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი შეიძლება დადგინდეს სხვა მტკიცებულებებით, საქალწულე აპკის შემოწმების გარეშე, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და მატრამვირებელი;

უმეტესად არ ხდება საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა, რაც გამოწვეულია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვისას შესაბამისი კითხვების დაუსმელობითა და სათანადო მტკიცებულებების მოძიების დეფიციტით; ასევე, საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდების შესახებ დადგენილებებში არ ყოფილა მსჯელობა ამის თაობაზე“, — წერენ კვლევის ავტორები.

სრულად რეკომენდაციათა ნუსხა და კვლევითი დოკუმენტი იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი