საზოგადოება

“სადიზმი, მთელი სიცხადით” — ხერსონში გვამებს მიაგნეს, ჰყვებიან წამებაზე

17 ნოემბერი, 2022 • 1168
“სადიზმი, მთელი სიცხადით” — ხერსონში გვამებს მიაგნეს, ჰყვებიან წამებაზე

უკრაინის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებისაგან გათავისუფლებულ ხერსონში მიაკვლიეს 63 სამოქალაქო პირის ცხედარს, რომელსაც წამების კვალი აღენიშნება.

პარალელურად, ხერსონის მცხოვრებნი, რომელთაც 9 თვე გაატარეს ოკუპაციის ქვეშ, ყვებიან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე რუსეთის ძალების მხრიდან.

გამომძიებელთა განცხადებით, რუსეთის მიერ ხერსონში შესვლის შემდეგ მათ დააკავეს უკრაინის არმიასთან კავშირში მყოფი პირები და ის ხალხი, ვინც ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა.

700 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. შიშობენ, რომ ისინი ან გარდაცვლილები არიან, ან უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ თავად რუსეთში.

“…ხერსონის ოლქში 63 ცხედარი აღმოაჩინეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა მხოლოდ ახლა დაიწყო, კიდევ მეტი მიწისქვეშა საპყრობილე და სამარხი გამოჩნდება”, — ციტირებს “ინტერფაქს უკრაინა” უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის მიერ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარს.

მონასტირსკის თქმით, სამართალდამცავებმა აღრიცხეს ომის 436 დანაშაული, რომელსაც რუსეთის ოკუპაციის დროს ჰქონდა ადგილი. მისივე ინფორმაციით, ნაპოვნია 11 ადგილი, სადაც ადამიანებს აკავებდნენ, აქედან 4-ში კი — დაკავებულებს აწამებდნენ.

“ვუყურებდით სადიზმს, მთელი თავისი სიცხადით”

Reuters-ის ცნობით, ქალაქ ხერსონში, ენერგეტიკის მუშაკთა ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობა ერთ-ერთი ცნობილი ობიექტი იყო იმ ადგილებიდან, სადაც, არაერთი ადგილობრივის თქმით, რუსეთის ოკუპაციის დროს ადამიანებს კითხავდნენ და აწამებდნენ.

ორი ადგილობრივის თქმით, რომელთა ბინებიც პოლიციის განყოფილების ეზოს გადმოჰყურებს, დაინახეს, როგორ გამოიტანეს შენობიდან თეთრ ზეწრებში გახვეული ცხედრები, შემდეგ კი ჯერ ავტოფარეხში, შემდეგ კი სატვირთო მანქანაში მოათავსეს იქიდან გასატანად.

სააგენტოს თანახმად, რუსების მიერ დაკავებულებს შორის იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც ხმამაღლა გააპროტესტეს ოკუპაცია და ხალხი, რომლებზეც ფიქრობდნენ, რომ უკრაინის ძალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, ისევე, როგორც ხერსონის მიწისქვეშა წინააღმდეგობის შესაძლო წევრები და მათთან ასოცირებული პირები.

პენსიონერი ვიტალი სერდიუკი მათ შორის ერთ-ერთი იყო. როგორც ამბობს, გაუმართლა, რომ გადარჩა. 65 წლის კაცი ორი კორპუსის მოშორებით ცხოვრობს იმ ადგილიდან, სადაც დაკავებული იყო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფოტო გადაღებულია იმ ადგილას, სადაც რუსული ოკუპაციის პირობებში ადამიანებს აწამებდნენ. 

როგორც ყვება, ტანზე, ფეხებსა და ზურგში ხელკეტით სცემდნენ და იყენებდნენ ელექტროშოკს, რათა ეიძულებინათ, ეთქვა, სად იყო განლაგებული უკრაინის სამხედრო ნაწილი, რომელშიც მისი შვილიც ირიცხებოდა.

“არაფერს ვეუბნებოდი. ჩემი ერთადერთი პასუხი იყო “არ ვიცი”. ისინი კი განუწყვეტლივ იმეორებდნენ: გაიხსენე! გაიხსენე! გაიხსენე!” — ამბობს ვიტალი.

როგორც ყვება, დაკავებისას რუსებმა ბორკილები დაადეს და თავზე ჩანთა ჩამოაცვეს, საკანი კი იმდენად ვიწრო იყო, რომ იატაკზე მწოლიარე დაკავებულები ვერც მოძრაობდნენ.

მისი თქმით, დაკითხვა და წამება დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა, ხოლო პირი, რომელიც დაკითხვას აწარმოებდა, ეუბნებოდა, რომ თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში მის ცოლსაც დააკავებდნენ, შემდეგ კი დაურეკავდნენ მათ ვაჟს და მოასმენინებდნენ, როგორ ყვიროდნენ მისი მშობლები წამებისას.

“ორი დღის შემდეგ იგი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. [ვიტალი] მისმა მეუღლემ მაღაზიასთან იპოვა… ის ფაქტობრივად ვერ დადიოდა”, — წერს Reuters.

“პირადად მე 5 ცხედარი ვნახე… ვხედავდით ზეწრებიდან გადმოკიდებულ ხელებს და ვხვდებოდით, რომ გვამები იყო” ,— ციტირებს სააგენტო პოლიციის შენობის მიმდებარედ მცხოვრებ 20 წლის ოლეგს, რომელმაც არ ისურვა გვარის გამხელა.

რუსული პროპაგანდისტული ბანერი უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხერსონში. ფოტო: EPA 

კიდევ ერთი ადგილობრივის, სვეტლანა ბესტანიკის თქმით, რომელიც პოლიციის მიმდებარედ, მაღაზიაში მუშაობს და იქვე ცხოვრობს, იხსენებს, რომ ხედავდა, როგორ  გამოჰქონდათ პატიმრების ცხედრები.

“მიცვალებულები გამოჰყავდათ და მანქანაზე ყრიდნენ, ნაგავთან ერთად… ჩვენ ვიყავით სადიზმის მომსწრენი მთელი თავისი სიცხადით”, — ყვება ქალი და ახსენებს გვამების სუნსაც, რომელიც ჰაერში ტრიალებდა.

Reuters წერს კაცზეც, რომლის ცოლის თანახმადაც, საოკუპაციო რეჟიმის პირობებში აღმოცენებული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო.

ალიონა პაპჩუკის თანახმად, მისი მეუღლე ვიტალი მარტის ბოლოს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცოლ-შვილთან ერთად გადაიყვანეს საპყრობილეში. მოგვიანებით, ალიონა და მისი შვილი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ხერსონი დატოვეს.

ალიონას თანახმად, ქმრის მოძებნაში დახმარება არაერთ ადამიანს სთხოვა. 9 ივნისს აცნობეს, რომ ვიტალი ცოცხალი აღარ იყო. როგორც ამბობს, მეუღლის გვამი მდინარეში ნახეს.

“როცა ადამიანს ელექტროშოკით აწამებენ, გესმის. თავისებური ხმა აქვს”

ხერსონელებს ესაუბრა BBC-იც, რომლის ჟურნალისტებმაც ნახეს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება, სადაც დაკავებულები მიჰყავდათ. ერთ-ერთ საკანში დამწვარი საწოლი ნახეს, მეორე — ნაგვით იყო სავსე.

ერთ-ერთ საკანში 4 სხვა ქალთან ერთად 31 დღე  გაატარა ანჟელა სლობოდიანმა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ივნისში საკუთარ სახლში დააკავეს, თავის პარტნიორისგან გააცალკევეს, თავზე ჩანთა ჩამოაცვეს და საკანში გადაიყვანეს.

უკრაინაში ომის დაწყებამდე 49 წლის სლობოდიანი ტელეწამყვანი იყო. მარტში, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებისა და ქალაქის დაკავების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები თანდათან ჩაახშეს, თავისუფლებები მკვეთრად შეზღუდეს.

ახლა ანჟელა იმ დღეებს იხსენებს, რომლებიც საპყრობილეში გაატარა.

“მესამე სართულზე კაცებს სცემდნენ… როცა ადამიანს ელექტროშოკით აწამებენ, გესმის. თავისებური ხმა აქვს… ”

“კაცები ყვიროდნენ ტკივილისგან”, — ციტირებს მას BBC.

ანჟელა ყვება ფსიქოლოგიურ წამებაზე 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე. ის ხშირად ხედავდა პოლიეთილენში გახვეულ სხეულებს, რომლებიც “ძალიან შორს წასული დაკითხვების” შემდეგ გამოჰქონდათ.

 BBC-ის თანახმად, ანჟელა სლობოდიანი რუსმა ოკუპანტებმა ამ შენობაში გადაიყვანეს.

ანჟელას თქმით, ვერ იძინებდა, რადგან შუქი მუდმივად ენთო. მეორე მხრივ, არ იცოდა, რომ მისი პარტნიორი, ოლექსანდრ მაქსიმენკო, ასევე იყო დაკავებული და 15 სხვა კაცთან ერთად იზიარებდა საკანს.

ოლექსანდრი ამბობს, რომ კაცებს დაუნდობლად სცემდნენ და აწამებდნენ, ზოგჯერ კი ელექტროშოკსაც იყენებდნენ.

“ერთი ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ საკანში მიიყვანეს, გაშავებული ენით დაბრუნდა. ისეთი შეშუპებული ჰქონდა, პირის ღრუში ვეღარ იბრუნებდა”, — ეუბნება ის BBC-ს.

გამომძიებელთა თქმით, დაკავებულებს გათავისუფლების სანაცვლოდ ხშირად აიძულებდნენ, ეთქვათ, რომ უკრაინელებთან თანამშრომლობდნენ. ოლექსანდრი რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზეც აჩვენეს.

Reuters-ის ერთ-ერთი რესპონდენტის, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მცხოვრები სერჰიი პოლაკოს თქმით, დაახლოებით 2 კვირის წინ რუსებმა მოულოდნელად გაათავისუფლეს დაკავებულები, რაც სავარაუდო უკან დახევაზე მიანიშნებდა. ასეც მოხდა.

ანჟელა და მისი პარტნიორი ოლექსანდრი. ფოტო: BBC 

რუსეთი მუდამ უარყოფს სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებას, მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, რომლებიც საპირისპიროზე მიანიშნებს.

რაც შეეხება ომის ტყვეებს: მიმდინარე კვირაში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისში თქვეს, რომ მტკიცებულების მიხედვით, ომის ტყვეების წამებას ადგილი აქვს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან.

“გაეროს” ოფიციალურმა პირმა დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინელი ტყვეებისადმი არასათანადო მოპყრობა “საკმაოდ სისტემატური” იყო, უკრაინის მხრიდან რუსი ჯარისკაცებისადმი არასათანადო მოპყრობა კი “არ ყოფილა სისტემატური”.

მასალების გადაბეჭდვის წესი