საზოგადოება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ისროლეს – ბაიდენი პოლონეთში აფეთქებაზე

16 ნოემბერი, 2022 • 741
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ისროლეს – ბაიდენი პოლონეთში აფეთქებაზე

აშშ-ის პრეზიდენტ  ჯო ბაიდენის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აფეთქება, რომელიც პოლონეთში წუხელ მოხდა, რუსეთის მხრიდან ნასროლი ჭურვით იყო გამოწვეული.

ჟურნალისტებმა  საუბრის დროს, ბაიდენს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა უკვე იმის თქმა, რომ აფეთქება რუსეთიდან ნასროლ ჭურვს უკავშირდებოდეს.

„არსებობს წინასწარ ინფორმაცია, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. არ მინდა იქამდე საუბარი, სანამ ბოლომდე მას არ გამოვიძიებთ“, – თქვა ბაიდენმა და დაამატა, რომ „ტრაექტორიის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ისროლეს, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს“.

აფეთქება პოლონეთში – რა ვიცით ამ დრომდე

15 ნოემბრის ღამით პოლონეთში (რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა), უკრაინის საზღვართან ახლოს აფეთქება მოხდა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარიდან მალევე ტელეგრამ არხებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა და აფეთქებაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

Associated Press წერდა, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაკეტები ნატო-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელი ოფიციალური პირი ადასტურებს.

აფეთქების გამო პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს. პარალელურად, ნატოში აცხადებენ, რომ ალიანსი იკვლევს გავრცელებულ ცნობებს და კოორდინაციაში არიან პოლონეთთან.ამასთანავე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის პეტ რაიდერის განაცხადებით, აშშ დაიცავს ნატო-ს ყოველ სანტიმეტრს, მანამდე კი დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.

აფეთქებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან თქვა, რომ „ესაა რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე“ და აუცილებელია საპასუხო მოქმედება.

თავად რუსეთი აფეთქებას „მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს“

მასალების გადაბეჭდვის წესი