ახალი ამბები

ვიკვლევთ გავრცელებულ ცნობებს და კოორდინაციაში ვართ პოლონეთთან – ნატო

16 ნოემბერი, 2022 • 852
ვიკვლევთ გავრცელებულ ცნობებს და კოორდინაციაში ვართ პოლონეთთან – ნატო

ნატო ეხმიანება პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ალიანსში აცხადებენ, რომ პოლონეთის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან.

მათივე განცხადებით, პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ცნობებს იკვლევენ.

„ჩვენ ვიკვლევთ გავრცელებულ ცნობებს და მჭიდროდ ვუწევთ კოორდინაციას ჩვენს მოკავშირე პოლონეთს“, –  განუცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს


CNN-ისა და Associated Press-ის თანახმად, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს ორი რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Associated Press წერს, ინფორმაცია, რომ რაკეტები ნატო-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელი ოფიციალური პირი ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლონეთში რუსული რაკეტები ჩამოვარდა და მას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

პარალელურად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ავრცელებს.

თუმცა სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება.  ამასთან, მან მედიას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პრჟევოდოვში მომხდარი აფეთქების შესახებ. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და სამხედროები. მათივე ინფორმაციით, რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

.

მასალების გადაბეჭდვის წესი