ახალი ამბები

ესაა რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ – ზელენსკი

16 ნოემბერი, 2022 • 780
ესაა რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის კოლექტიური უსაფრთხოებაზე დარტყმა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა მოქმედება.

„დღეს მოხდა ისეთი რამ, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებდით. ტერორი არ შემოიფარგლება ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით. რუსული რაკეტები პოლონეთს მოხვდა.

რამდენჯერ უთქვამს უკრაინას, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რაკეტების სროლა ნატო-ს ტერიტორიაზე, ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.


CNN-ისა და Associated Press-ის თანახმად, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს ორი რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Associated Press წერს, ინფორმაცია, რომ რაკეტები ნატო-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელი ოფიციალური პირი ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლონეთში რუსული რაკეტები ჩამოვარდა და მას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

პარალელურად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ავრცელებს.

თუმცა სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება.  ამასთან, მან მედიას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პრჟევოდოვში მომხდარი აფეთქების შესახებ. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და სამხედროები. მათივე ინფორმაციით, რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი