აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის პეტ რაიდერის განაცხადებით, ამჟამად ვერ ადასტურებენ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ.
თუმცა, მისი თქმით, აშშ ინფორმირებულია მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
„აშშ დაიცავს ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრს, თუმცა აშშ ელოდება დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა რაიდერმა.
მისივე თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ევროპაში დაიცავს თავის ძალებს.
„როდესაც საქმე ეხება ძალების დაცვას, ყოველთვის სერიოზულად ვიღებთ ჩვენი ჯარის უსაფრთხოებას და დაცვას, მიუხედავად იმისა, თუ სად მსახურობენ ისინი”, – თქვა რაიდერმა.
CNN-ისა და Associated Press-ის თანახმად, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს ორი რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც Associated Press წერს, ინფორმაცია, რომ რაკეტები ნატო-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელი ოფიციალური პირი ადასტურებს.
პარალელურად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ავრცელებს.
თუმცა სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება. ამასთან, მან მედიას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პრჟევოდოვში მომხდარი აფეთქების შესახებ. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და სამხედროები. მათივე ინფორმაციით, რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.




