რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლონეთში რუსული რაკეტები ჩამოვარდა და მას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
„პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების განცხადებები პრჟევოდუვის დასახლებასთან „რუსული“ რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ არის მიზანმიმართული პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ირწმუნება, რომ მათი სამიზნე უკრაინა-პოლონეთის საზაღვრო ტერიტორია არ ყოფილა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, შემთხვევის ადგილიდან პოლონური მედიის მიერ გავრცელებული ფოტოები რუსულ იარაღთან არანაირი კავშირში არაა.
CNN-ისა და Associated Press-ის თანახმად, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს ორი რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც Associated Press წერს, ინფორმაცია, რომ რაკეტები ნატო-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელი ოფიციალური პირი ადასტურებს.
პარალელურად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ავრცელებს.
თუმცა სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება. ამასთან, მედიას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პრჟევოდოვში მომხდარი აფეთქების შესახებ. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და სამხედროები. მათივე ინფორმაციით, რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.