საზოგადოება

EU-ის სანქციებს დაემატოს გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლები — ევროპარლამენტარები

23 ნოემბერი, 2023 • 1357
EU-ის სანქციებს დაემატოს გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლები — ევროპარლამენტარები

ევროპული საპარლამენტო ჯგუფის „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპაციაზეც იგივე რეაგირება ჰქონდეს, რაც უკრაინაზე.

გრეგოროვა თანაავტორია ევროპარლამენტის რეზოლუციისა, რომელიც ეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას.

„მე არ ვასხვავებ ერთ იძულებით წართმეულ სიცოცხლეს ათასობით უდანაშაულო სიცოცხლისგან. მას არანაკლებ ძლიერი რეაქცია უნდა მოჰყვეს. როდესაც რუსეთის ჯარებმა ტყვიები დაუშინეს ჩვენს უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ დაუყოვნებელი რეაქცია გვქონდა და სანქციები დავაწესეთ. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი კლავს და იტაცებს. საქართველო უფრო შორსაა? — დიახ. აქვს ამას მნიშვნელობა? — არა. მე მოვუწოდებ საბჭოს, მომდევნო სანქციების პაკეტს ან ახალს დაემატოს თამაზის სიკვდილსა და ქართველების ტანჯვაზე პასუხისმგებელი პირები. კრემლს სურს, რომ მათ შიშში იცხოვრონ, რათა უარი თქვან ჩვენზე — ევროპულ გზაზე. აჩვენეთ მათ გამბედაობა და პუტინი წააგებს“, — განაცხადა გრეგოროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების, კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი ევროკავშირის სიის მიღების მოწოდებით გამოვიდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც.

ევროპარლამენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ რეზოლუციის პროექტით საბჭოს მოუწოდებს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით შექმნას ევროკავშირის სანქციების სია და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი