საზოგადოება

ისინი ლუკაშენკოს რეპრესიებს უკრაინაში გაექცნენ, შემდგომ ომი დაიწყო

26 ოქტომბერი, 2022 • 1036
ისინი ლუკაშენკოს რეპრესიებს უკრაინაში გაექცნენ, შემდგომ ომი დაიწყო

8 თვის წინ, როცა ლვოვში მცხოვრებმა ალინა რუდინამ გაიღვიძა და ტელეფონი ჩართო, უამრავი შეტყობინებიდან პირველივეს მოსმენის შემდეგ გახდა ნათელი, რა ხდებოდა მის თავს. ქვეყანას, სადაც ბელარუსიდან რეპრესიებს გაექცა, რუსეთმა შეუტია — მისი სამშობლოს სათავეში მყოფი დიქტატორის მთავარმა მოკავშირემ.

ალინას მსგავსად, 24 თებერვალს ომში გაიღვიძა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს გაქცეულმა არაერთმა ბელარუსელმა, რომელთაც მანამდე მეზობელ უკრაინას შეაფარეს თავი იმ იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ. თუმცა სულ რამდენიმე თვეში არაერთ მათგანს მეორედ მოუწია საცხოვრებლის შეცვლა.

რეპრესიებისგან შორს: ბელარუსიდან უკრაინამდე

ცვლილებების მოსურნე მრავალი ბელარუსელი იმედით ელოდა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ალექსანდრე ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის დასრულების შესაძლებლობას.

ავტორიტარიზმის, ეკონომიკური ჩავარდნებისა თუ პანდემიის კრიზისის დროს ხელისუფლების გულგრილობის ფონზე მოქალაქეთა მზარდი უკმაყოფილება და ოპოზიციის კამპანიაში მათი აქტიური მონაწილეობა ამყარებდა ცვლილებების მოლოდინს.

თუმცა არჩევნების დღესვე ნათელი გახდა, რომ ლუკაშენკო დათმობას არ აპირებდა:

პოლიციამ სასტიკად დაარბია და ძალადობრივად დააკავა მინსკის ცენტრში საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეები მას შემდეგ, რაც ბელარუსის ცესკომ გამარჯვებულად ისევ ლუკაშენკო გამოაცხადა.

პოლიცია მინსკში დემონსტრანტს უსწორდება. 09.08.2020 ფოტო: EPA

“…იზოლატორიდან გამოსული ადამიანები, [რომლებიც აქციაზე დააკავეს], ყვებოდნენ ისტორიებს, რომელთა გამეორებაც არ შემიძლია. ისტერიკაში ჩავვარდი”, — ეუბნება ნეტგაზეთს ბელარუსელი ჟურნალისტი ვასილი იადჩანკა, რომელიც იმ დროს მინსკში ცხოვრობდა.

არჩევნების ღამის ძალადობამ და ცნობებმა დაკავებული აქტივისტების წამების შესახებ, ვასილის მსგავსად, შოკში ჩააგდო სხვა მრავალი ბელარუსელი: სახლებში დარჩენის ნაცვლად, ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში გამოვიდა რეჟიმის წინააღმდეგ.

“ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ლუკაშენკომ შეძლო, იყო ადამიანების გაერთიანება. გაერთიანება მისსავე წინააღმდეგ”, — დასძენს ვასილი.

ბელარუსელთა ერთობით ამაყობდა ჟურნალისტი ალინა რუდინაც: რეჟიმის მიერ აწ უკვე აკრძალული ორგანიზაციის, “ბელარუსის პრესკლუბის” წევრი.

“ვამაყობდით, რომ ვიდექით ერთად, ვიყავით ბევრნი, ვიყენებდით ხელისუფლების მიერ აკრძალულ ეროვნულ სიმბოლოებს”, — გვეუბნება ის, თუმცა იქვე გვიზიარებს განცდასაც, რომელიც ახლა მცდარად მიაჩნია.

“გვქონდა განცდა, რომ ქალაქი, ქვეყანა, კვლავაც ჩვენ გვეკუთვნოდა; ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ალბათ ეს იყო ჩვენი შეცდომა: დავიჯერეთ, რომ გამარჯვება ასე მალე და ასე მარტივად მოვიდოდა”.

ალინა რუდინა (მარჯვნიდან მეორე) ქალთა აქციაზე მინსკში. ბელარუსელი ქალები, ყვავილებითა და თეთრი კაბებით, პროტესტის პირველივე კვირაში გამოვიდნენ ქუჩებში პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად. ფოტო: პირადი ფეისბუკიდან

ბელარუსელები თვეების განმავლობაში გამოდიოდნენ მასშტაბურ აქციებზე, თუმცა მასობრივმა დაკავებებმა და ფიზიკურმა ძალადობამ პროტესტის გაგრძელება მეტად გაართულა:

35 000 ადამიანი დააკავეს, ასობით გაასამართლეს. სახელმწიფომ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კი დაბლოკა.

“სპეცრაზმმა ჩვენთვის, სამოქალაქო პირებისთვის დაიწყო [ხმოვანი] ყუმბარების სროლა. ისინი ხელკეტებით სცემდნენ, ათრევდნენ ადამიანებს”, — ყვება ვასილი იმას, რაც ერთ-ერთ აქციაზე თავად ნახა.

ბელარუსში თვეების მანძილზე იმართებოდა მასშტაბური აქციები ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ფოტო: EPA

ალინაც და ვასილიც ხედავდნენ, რომ მათ გარშემო სულ უფრო მეტ ადამიანს აკავებდნენ. ბელარუსში მათი ყოფნა დღითიდღე უფრო რისკის შემცველი ხდებოდა.

“ხედავ, რომ სამუშაო ჩატში შენი კოლეგები წერენ, “ისინი კარს მიმტვრევენ, გავდივარ ჩატიდან”. და არაფერი. არაფერი იცი”, — დასძენს ალინა.

საბოლოოდ, როგორც ალინამ, ისე ვასილიმ, მეზობელ უკრაინას მიაშურეს. მათ მსგავსად, ქვეყნიდან წავიდა ათობით ათასი ბელარუსელი.

“რაღაც, მიწისძვრის მსგავსი”

“ნეტგაზეთის” რესპონდენტების მსგავსად, უკრაინაში ლუკაშენკოს რეპრესიებს გაქცეული მრავალი ბელარუსელი გადავიდა. შედეგად, უკანასკნელ 2 წელიწადში მკვეთრად გაიზარდა იქ ბელარუსელთა დიასპორა.

ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსდა ბრძანება, რომლითაც ბელარუსელებს საშუალება მიეცათ, ნაცვლად მანამდე დადგენილი 90 დღისა, 180 დღით დარჩენილიყვნენ უკრაინაში უვიზოდ.

“ზოგმა არაოფიციალურად, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, ტყით გადაკვეთა საზღვარი, ზოგს მდინარის გადაცურვა მოუხდა ზამთარში… ” ,– იხსენებს ალინა ბელარუსელთა მონაყოლს, რომელთაც კიევში ჩასვლისას შეხვდა.

არაერთმა ბელარუსელმა ჟურნალისტმა თუ აქტივისტმა საქმიანობა სწორედ უკრაინიდან განაგრძო. 2021 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბელარუსელებმა, რომელთაც ოპოზიციური მოძრაობის გიგანტური დროშა ეჭირათ, კიევის ცენტრში მარშითაც გაიარეს შეძახილებით “დიდება ბელარუსს”, რასაც თან ახლდა უკრაინელთა ოვაციები.

თუმცა შედარებითი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა: 2022 წლის თებერვალში რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ოკუპანტები ქვეყანაში შეიჭრნენ როგორც რუსეთის, ისე მისი მოკავშირის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის ქვეშ მყოფი ბელარუსის ტერიტორიიდან.

“ოთახიდან ოთახში დავდიოდი, ვამბობდი, ჯანდაბა, ჯანდაბა, ეს რა ხდება, ეს როგორ ხდება…” — ამბობს ალინა, რომელიც იმ დროს უკვე ლვოვში ცხოვრობდა.

მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, შოკი მალე დაძლია და დაიწყო იმის კეთება, რაც შეეძლო: თავის ბინაში შეიფარა კიევიდან წამოსული მეგობრები, რომელთაც შემდეგ პოლონეთში სურდათ გადასვლა, და მოხალისედ შეუერთდა ორგანიზაციებს, რომლებსაც მოქალაქეები ამავე მიმართულებით გადაჰყავდათ ავტობუსებით.

უკრაინელი ლტოლვილი კორჩოვას სატრანზიტო ცენტრში პოლონეთის საზღვარზე. ფოტო: EPA 

“ზოგიერთმა ადამიანმა გასაღებები დამიტოვა და მთხოვა, მათ სახლებშიც შემეშვა ხალხი. ასე რომ, დავიწყე მოძრაობა ქალაქის ამ ნაწილში, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად იყო და ადამიანებს ჰქონდათ ადგილი დასაძინებლად, შხაპის მისაღებად, საჭმელად…” ,— ყვება ალინა.

როცა ომი დაიწყო, ჯერაც კიევში ცხოვრობდა ვასილი, რომელმაც ვიდეობლოგების გამოქვეყნება დაიწყო იქ არსებული ვითარების შესახებ. პარალელურად, ინფორმაციას აწვდიდა ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას, ერთ შემთხვევაში კი ქართულ ტელევიზიასაც ჩაერთო.

ვასილი იადჩანკა. ფოტო: პირადი ფეისბუკიდან 

შემდგომ მათი ცხოვრება სხვადასხვაგვარად წარიმართა: ალინა ლვოვში დარჩა და დღემდე იქ ცხოვრობს, ვასილი კი, რომელსაც ასევე სურდა, უკრაინაში დარჩენილიყო, მარტის დასაწყისში განხორციელებული ერთ-ერთი იერიშის შემდეგ იძულებული გახდა, კვლავ შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი.

“წარმოიდგინეთ, ზიხართ და გრძნობთ, როგორ ირხევა თქვენი ბინა… რაღაც, მიწისძვრის მსგავსი”, — იხსენებს ის დაბომბვას, რომლის შემდეგაც უკრაინა დატოვა და საქართველოში წამოვიდა.

როგორ შეიცვალა ბელარუსელთა ცხოვრება უკრაინაში

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში მყოფ ბელარუსელებს ცხოვრება სხვადასხვა კუთხით გაურთულა. უსაფრთხოების უშუალო რისკების გარდა, ისინი ბიუროკრატიული და ფინანსური დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდნენ.

მედიისა და აქტივისტების თანახმად, არაერთ ბელარუსელს შეექმნა ბინადრობის უფლების გახანგრძლივებისა თუ უკრაინაში დაბრუნების პრობლემა, ისევე ,როგორც გადააწყდა ფინანსურ სირთულეებს საბანკო ანგარიშების დაბლოკვის გამო.

გარდა ბიუროკრატიისა, ცვლილებები საზოგადოების განწყობებშიც შეინიშნება: ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ 2021 წელს უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 4% იყო ბელარუსის მაცხოვრებელთა მიმართ უარყოფითად განწყობილი, 2022 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 50%-ს გადასცდა.

“თავდაპირველად, მაგალითად, შეიძლებოდა, გაეფუჭებინათ პასპორტები საზღვარზე და ჩაეწერათ რაიმე, “სლავა უკრაინის” მსგავსი, რაც ბელარუსულ პასპორტს გამოუსადეგარს ხდიდა… ვიცი, ეს ემოციებია. უკრაინელები ძალიან ემოციური ხალხია. ვცდილობთ, ეს გავითვალისწინოთ.

[უკრაინაში მყოფი] ჩემი ბელარუსელი მეგობრები, რომელსაც შეუძლიათ, პოლონეთში, გერმანიაში გაემგზავრონ და შემდგომ უკან დაბრუნდნენ, ზოგჯერ არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მართლაც დაბრუნდებოდნენ, რადგან ზოგჯერ პოლიციელები, მებაჟეები მათ ეუბნებოდნენ, რომ არაფერი ესაქმებოდათ უკრაინაში… ესეც ემოციებია. თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, — დასძენს ალინა.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი 

მისი ხედვით, უკრაინელებმა იციან ბელარუსის 2020 წლის პროტესტის შესახებ ლუკაშენკოს წინააღმდეგ, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას შემდგომ რეპრესიებზე. ფიქრობს, რომ უკრაინულ მედიაში სათანადოდ არ გაშუქებულა არც ის წინააღმდეგობა, რაც ბელარუსელებმა ომის დაწყების შემდეგ გასწიეს.

ხსენებულ წინააღმდეგობას კი სხვადასხვა ფორმა აქვს:

მოქალაქეთა ჯგუფები თებერვალშივე გამოვიდნენ ქუჩებში ომის წინააღმდეგ, რასაც მასობრივი დაკავებები მოჰყვა;

მეორე მხრივ, არაერთხელ დააზიანეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რათა უკრაინის ჩრდილოეთი მიწებისკენ, მათ შორის, კიევისკენ რუსეთის წინსვლისთვის ხელი შეეშალათ;

ამასთან, მუშაობას განაგრძობს ტელეგრამის არხი “Belaruski Guyn”, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის გადაადგილებების მონიტორინგს ახორციელებს.

“ვფიქრობ, ძალმიძს, შევცვალო იმ ადამიანთა აზრი, რომელთაც შეუძლიათ, მომისმინონ… მე ისევ მყავს მეგობრები [უკრაინაში], რომლებიც მხარს მიჭერენ, რადგან იციან, რატომ ვარ აქ”, – ამბობს ალინა.

“ჩვენ საერთო მტერი გვყავს”

რუსეთის აგრესიის მერვე თვეში, 2 კვირის წინ, ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს რუსებთან ერთად ბელარუსელი სამხედროებიც განთავსდებიან, დაუსაბუთებლად ახსენა რა კიევის მიერ დაგეგმილი “დარტყმები” ბელარუსის ტერიტორიაზე.

ბელარუსს ომში თავისი ჯარები ჯერჯერობით არ გაუგზავნია. მეორე მხრივ, უკრაინის მიწებზე თვეებია იბრძვის ასობით ბელარუსელი, თუმცა, არა ლუკაშენკოს მხარდაჭერილი რუსეთის, არამედ უკრაინის მხარეს. ისინი უკრაინის გამარჯვებასა და გათავისუფლებას ბელარუსის გათავისუფლების წინაპირობად განიხილავენ.

“მე მყავს მეგობარი, რომელიც [ბელარუსის] პროტესტის დასაწყისში სასტიკად სცემეს. შემდგომ უკრაინაში გადმოვიდა, ახლა კი [უკრაინის მხარეს მებრძოლი] კასტუს კალინოვსკის სახელობის პოლკშია”, — დასძენს ალინა.

მისი სიტყვებით, უკრაინელთა “უზარმაზარ მხარდაჭერას” ხედავს ხსენებული პოლკისადმი.

“ვხედავ, რომ ბევრმა ადამიანმა იცის ამის შესახებ. ზოგიერთი უკრაინელი იმასაც ამბობს, რომ ბელარუსელთა შორის მხოლოდ და მხოლოდ ამ ხალხის ნდობა შეიძლება”, — დასძენს ის.

ივან “ბრესტ” მარჩუკი — კასტუს კალიკოვსკის სახელობის ბელარუსულ პოლკში შემავალი “ვოლატის” ბატალიონის მეთაური, რომელიც ივნისში, ლისიჩანსკთან ახლოს, ბრძოლაში დაიღუპა. 

ის ბელარუსელები, ვისაც იარაღი არ უჭირავს, თუმცა სურთ, უკრაინას დაეხმარონ, სხვა გზებს მიმართავენ. მაგალითად, ალინა უკრაინის არმიისთვის კამუფლაჟის ბადეების დამზადებაში მონაწილეობს:

“ჩემთვის ეს ერთგვარი თერაპიაა; ის, რაც შემიძლია, საკუთარი ხელებით გავაკეთო”.

ბელარუსის შიგნით დისიდენტთა დევნა ისევ გრძელდება. ომის დაწყების შემდეგ სჯიან უკრაინისადმი ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერისთვისაც, მათ შორის, სოციალურ მედიაში დაწერილი პოსტების გამო.

“ქვეყნის ტერიტორიიდან უკრაინას რაკეტებს უშენენ. ბელარუსელებს უბრალოდ არ შეუძლიათ ამის დაჯერება. ბელარუსის ჰიმნის პირველი სტრიქონია: “ჩვენ ვართ ბელარუსელები — მშვიდობიანი ხალხი”. და ეს მართალია.

თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელარუსი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოაქცია”, — გვეუბნება ვასილი, რომელმაც კვლავ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ვილნიუსში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

მიუხედავად ვითარების სირთულისა, როგორც ამბობს, სჯერა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ბელარუსისა სამომავლოდ.

“ბელარუსის ხალხს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. საზღვარგარეთ მყოფი ბელარუსელები ბევრს აკეთებენ ახალი ბელარუსისთვის. ჩვენ დავბრუნდებით”, — აღნიშნავს ის.

კამუფლაჟის ბადეების დამზადების პროცესი ლვოვში. ფოტო: ალინა რუდინა 

მეორე მხრივ, რეჟიმი ცდილობს, მისწვდეს მათაც, ვინც, ვასილისა და ალინას მსგავსად, ქვეყნიდან გაღწევა შეძლო: მთავრობაში ამბობენ, რომ მუშაობენ ახალ კანონზე, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევას გულისხმობს ემიგრაციაში მყოფი, “ექსტრემიზმში” შემჩნეული ბელარუსელებისთვის.

“ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ჩვენგანი შეიძლება დარჩეს მოქალაქეობის გარეშე, ქვეყნის გარეშე”, — ამბობს ალინა.

ის ყოველდღიურად ეცნობა ამბებს ბელარუსში დაკავებული თუ გასამართლებული ჟურნალისტების/აქტივისტების შესახებ და ცდილობს, თავის აუდიტორიამდეც მიიტანოს ხსენებული ცნობები. პარალელურად,  თვალყურს ადევნებს უკრაინულ სოც. მედიას და ზოგჯერ იქ თავის გზავნილებსაც ტოვებს:

“ხანდახან მშიშრებს და მსგავს რამეებს [გვეძახიან]. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რისი ახსნაც შეიძლება, უნდა აიხსნას.

ხანდახან მეც ვმონაწილეობ ონლაინ დისკუსიებში და ვამბობ: არ მადარდებს, თუ ის ბელარუსელები, რომლებიც დამპყრობლებად მოდიან უკრაინაში, დაიხოცებიან. ეს იგივე ხალხია, ვინც 2020-ში გვცემდა, გვაწამებდა და გვკლავდა. ასე რომ, ჩვენ საერთო მტერი გვყავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი