თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ გამორიცხულია, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე „სხვა განზრახვა“ ჰქონოდა. მისი თქმით, ავარია, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იყო „ტექნიკური შეცდომა, მანქანის რაღაც პატარა ნაწილის გაუმართაობა“.

„ტვ პირველთან“ ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული „საკმაოდ კარგი მძღოლია“.

„მეც ვნახე სოციალურ ქსელებში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეა, მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც რუსეთთან და არც უკრაინასთან. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, კარგად იცის მართვა მანქანის, მაგრამ რაღაც ხომ იცით, ეს არის არაგანზრახი დანაშაული, უბრალოდ ხდება ხოლმე, ხომ?! განადგურებულია, ასე რომ ვთქვათ. წარმოიდგინეთ, რა უნდა ყოფილიყო, რომ ის ავარია, სპეციალურად მოეკლა, მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამორიცხულია აბსოლუტურად სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის რაღაც პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც გამოიწვია შემდგომ ეს ყველაფერი“, – თქვა იმედა ქარქაშაძემ.

დაკავებულ ქალს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ცნობით, მძღოლს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა 22 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ტროტუარზე მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითს და ტროტუარზე მდგარ მანქანას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.