საზოგადოება

სამინისტროს ბოიკოტი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს

5 ოქტომბერი, 2022 • 1412
სამინისტროს ბოიკოტი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს

თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სხდომებს უკვე თითქმის ერთი წელია კულტურის სამინისტროს წარდგენილი სამი წევრი არ ესწრება.

საბჭოს დებულების მიხედვით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერაა დამტკიცებული, კომისია 9 ადამიანისგან შედგება:

  • 3 წევრს თბილისის მერია წარადგენს,
  • 3 პროფესიული ნიშნით შერჩეული დამოუკიდებელი წევრია,
  • 3 წევრს კულტურის სამინისტრო წარადგენს.

ეს საბჭო დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე ნებართვის გაცემის საკითხებს განიხილავს და რეკომენდაციას გასცემს.

თუმცა, იმის გამო, რომ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული პირები სხდომებს არ ესწრებიან, უკვე თითქმის ერთი წელია საბჭო 6 წევრის შემადგენლობით იკრიბება. აღნიშნული რაოდენობა ის მინიმუმია, რაც ორგანოს კვორუმის მისაღწევად სჭირდება, რადგანაც დებულების მიხედვით, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას წევრთა ⅔ მაინც ესწრება.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომელიც კულტურული მემკვირდეობის დაცვის საბჭოში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრია, „ნეტგაზეთთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც არასრული შემადგენლობის გამო კომისიის საქმიანობაში წარმოიშვება.

ამაშუკელის თქმით, თუ საბჭოს ერთი წევრი მაინც შეუძლოდ გახდება, ან შვებულებაში გასვლას გადაწყვეტს, კვორუმი ვეღარ დგება. გარდა ამისა, დებულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს პროფესიული ნიშნით დანიშნულ და მერიის მიერ წარდგენილ წევრებს შორის გადაწყვეტილების მიღებისას ხმები თანაბრად გაიყოფა, გადამწყვეტი ხმა თავმდჯომარეს ეკისრება, რომელიც ყოველთვის მერიის წარმომადგენელია.

ამაშუკელი განმარტავს, რომ მერიის მიერ საბჭოში წარდგენილი პირები, როგორც წესი, უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები არიან. ხელოვნებათმცოდნის თქმით, საბჭოში მათი ყოფნაც აუცილებელი და მიზანშეწონილია, რადგანაც ისინი ქალაქში მიმდინარე პროცესებს იცნობენ, თუმცა არა იმ პროპორციით, რა მოცემულობის წინაშეც საბჭო ახლაა:

„ეს პრობლემას ქმნის ყველასთვის, ჩვენთვისაც და, მე თუ მკითხავთ, მერიისთვისაც. იმიტომ, რომ ისედაც ყველა გადაწყვეტილება მათ კისერზეა, როდესაც ხმების ასეთი გაყოფა ხდება ხოლმე. მერიაზე რომ არ ვიზრუნოთ, ეს ქალაქისთვისაც უზარმაზარი პრობლემაა. საბჭოს ისედაც ძალიან დიდი კომპეტენცია აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს. ბევრი რამე კანონით უნდა რეგულირდებოდეს და არა სუბიექტური გადაწყვეტილებებით.

თამარ ამაშუკელი. ფოტო: პირადი ფეისბუკი, ფოტოგრაფი – შოთა გუჯაბიძე

სად რისი აშენება შეიძლება, რა მოცულობით, დოკუმენტი უნდა არსებობდეს, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა იქნება თუ სხვა. ეს არ გვაქვს და პრაქტიკულად თავისუფალია არქიტექტორი და მხოლოდ საბჭო წყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა პროექტის განხორციელება. გამოდის, რომ მთელ ქალაქში ამხელა პასუხისმგებლობა ამ საბჭოს აქვს და ისიც ნაკლულია“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.

მისი თქმით, ამჟამად საბჭოში არ არის რესტავრატორი, რომელიც კულტურის სამინისტროდან იყო წარდგენილი და საბჭოს სარესტავრაციო პროექტების განხილვა ამ პროფესიის სპეციალისტის გარეშე უწევს.

ამაშუკელი განმარტავს, რომ კულტურის სამინისტროს მერიაში მოქმედ საბჭოში კანდიდატების წარდგენა  დელეგირებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოზე, რომელიც წევრებს, როგორც წესი, პროფესიული ნიშნით არჩევდა. შედეგად, 9 ადამიანისგან დაკომპლექტებულ საბჭოში 6 სფეროს ექსპერტი, 3 კი საჯარო მოხელე იყო. 

აღნიშნულს ადასტურებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ანთიძეც, რომელმაც თანამდებობა წელიწად-ნახევრის წინ დატოვა. ანთიძის თქმით, სააგენტო საბჭოში მისი ხელმძღვანელობის დროს დარგის სპეციალისტებს აგზავნიდა, ვინც უშუალოდ თბილისის ურბანულ გარემოში ერკვეოდა კარგად. მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებს:

„პირველ რიგში, მთავარია, ძეგლთა დაცვის ინსტიტუცია იყოს საქმის კურსში, რა საკითხები წყდება – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანია ხელოვნებათმცოდნის და არქიტექტორ-რესტავრატორის პოზიცია იმიტომ, რომ ზოგჯერ ძეგლს ეხება საქმე, ზოგჯერ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას და ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად შეჯერებული უნდა იყოს. მათი არყოფნა კი გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს“, – ამბობს ნიკა ანთიძე.

ნიკა ანთიძე

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრების მიერ ინდივიდუალურად ვერ იქნება მიღებული, განმარტება კი საბჭოს დანარჩენი წევრებისთვის არ გაკეთებულა. შესაბამისად, უცნობია, თუ რა მიზეზით არ ასრულებენ აღნიშნული პირები მათზე დაკისრებულ მოვალოებას და როდემდე გაგრძელდება ეს მიდგომა:

მიზეზი არ ვიცით, ისინი უბრალოდ არ ესწრებიან სხდომებს. არანაირი განმარტება სხდომაზე არ ყოფილა. ინდივიდუალური გადაწყვეტილება რომ იყოს, ინსტიტუციები ამას მოაგვარებდნენ, ალბათ. როცა არავინ აგვარებს და ყურადღების მიღმაა ეს საკითხი დატოვებული, ესე იგი, გადაწყვეტილება ინდივიდუალურ დონეზე არაა მიღებული,“ – ამბობს ამაშუკელი.

თბილისის მერიაში მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მნიშვნელობაზე კი მეტყველებს დატვირთვაც, რომელიც საბჭოს აქვს. თამარ ამაშუკელი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ საბჭო, როგორც წესი, კვირაში ერთხელ იკრიბება და საშუალოდ დღეში 40-45 საკითხის განხილვა უწევს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის მიღებას „ნეტგაზეთი“ კულტურის სამინისტროდან რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ უწყებაში განგვიცხადეს, რომ მინისტრის პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებული კომენტარით გვეხელმძღვანელა და აღნიშნულს ვერაფერს დაამატებდნენ.

23 სექტემბერს მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ თეა წულუკიანმა მართლაც დაადასტურა, რომ მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოდან სამინისტროს მიერ წარდგენილი წევრები გაიწვია, ამის მიზეზად კი ექსპერტების დატვირთული გრაფიკი დაასახელა.

წულუკიანის თქმით, უწყების წარმომადგენლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ“ და მიიჩნია, რომ მერიაში დიდი ოდენობის პროექტების გამო ეს ადამიანები საკუთარ უფლებამოსილებას სათანადოდ ვერ ასრულებდნენ:

„დიახ, გავიწვიე წევრები იმიტომ, რომ მათ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჰქონდათ ძალიან ბევრი საქმე და მივიჩნევ, რომ ისინი სათანადოდ ვერ ასრულებდნენ მერიის ინტერესებში თავიანთ საქმეს გადატვირთულობის გამო და ასევე იმ ძალიან დიდი ოდენობით პროექტების გამო, რომელთანაც მერიას უწევს გამკლავება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, სამინისტროდან წარდგენილი წევრების გაწვევით საბჭოს ფუნქციონირებას ხელი არ ეშლება. კულტურის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ უწყების მიერ წარდგენილი კანდიდატები საბჭოში, სადაც დებულების მიხედვით, 3 წევრი მერიის წარდგენილია, 3 კულტურის სამინისტროს, 3 კი- დამოუკიდებელი მოწვეული ექსპერტი, მისი წარმომადგენლები  „უმცირესობაში იყვნენ და გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდნენ“:

„მე არ მგონია, რომ მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო კულტურის სამინისტროს გარეშე ვერ უმკლავდება თავის უფლებამოსილებებს. ვინაიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი, მთლიანად მერიის კომპეტენციაა, თან ჩვენ ვიყავით უმცირესობაში, ამიტომ, ვერანაირ გავლენას გადაწყვეტილებაზე ვერ ვახდენდით და ვერც წევრების გასვლამ იქონია ამ საბჭოზე რაიმე ნეგატიური გავლენა“, – აცხადებს მინისტრი.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს სტრუქტურა გაუმჭვირვალედ და მიუღებლად მიაჩნია, იურისტი ანანო ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრი უწყებიდან მივლენილი წევრების გამოწვევით თვითნებურად კანონს არღვევს.

ცინცაბაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში აღნიშნული საბჭო ნახსენები არაა და, წესით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უნდა აგებდეს პასუხს თბილისის კულტურულ მემკვიდრეობაზე. თუმცა იურისტი აღნიშნავს, რომ 2015 წელს დედაქალაქის მერიასა და კულტურის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნული უფლებამოსილება მერიაზეა დელეგირებული:

„მერიას არ გააჩნია შესაბამისი ექსპერტიზა, არ ჰყავს ექსპერტები და არ იცის, როგორ იმსჯელოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემა/არგაცემის საკითზე. ამიტომ შექმნილი აქვს ეს გაუგებარი სტრუქტურის საბჭო, სადაც ნაწილი დეველოპერები სხედან, ნაწილი დეველოპერებთან დაახლოებული ხელოვნებათმცოდნეები, ნაწილი ჩინოვნიკები, რომლებსაც უბრალოდ არაფერი გაეგებათ, და ერთი-ორი ადამიანია დამოუკიდებელი ხელოვნებათმცოდნე, რომელიც ამინდს ვერ ქმნის, მაგრამ როცა პოლიტიკურ ჯგუფებს სჭირდებათ თქვან, რომ ეს არის ექსპერტების საბჭო, მათაც ახსენებენ ხოლმე“, – ამბობს იურისტი.

მისი შეფასებით, თბილისის მერიაში მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო არსებული სტრუქტურით ვერ ასრულებს იმ უფლებამოსილებას, რაც თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების პირადი შეხედულებისამებრ მიღება არის კანონის უზენაესობის მიმართ დაუმორჩილებლობა:

“კანონი რომ რაღაცას ითხოვს და ადამიანი პირადი შეხედულებით ამას არ აკეთებს, აბსოლუტური დაუმორჩილებლობაა კანონის უზენაესობის მიმართ“, – აცხადებს იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი