პრეისტორიული ადამიანის კბილსა და სხვა მასალას, რომელიც დმანისის სოფელ ქვემო ოროზმანში აღმოაჩინეს, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები შეისწავლიან. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას მუზეუმის დირექტორის მოადგილემ აუწყა “ფეისბუკის” მეშვეობით.
ეს მას შემდეგ, რაც ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა, რომ 1.8 მილიონი წლის წინანდელ კბილს არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი სახლში ინახავდა და ეს არ არის აღმოჩენასთან მოპყრობის დადგენილი წესი.
ოროზმანის ექსპედიციაში კბილის ბინაში წაღების ფაქტს გაუგებრობით ხსნიან, თუმცა ამ ამბავში საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი: ვინ უნდა შეისწავლოს ხსენებული არქეოლოგიური მასალა და ვინ უნდა წარმართოს ეს პროცესი.
დავა კბილის გარშემო
ქვემო ოროზმანში 1.8 მილიონი წლით დათარიღებული კბილის აღმოჩენის შესახებ 8 სექტემბერს განაცხადეს, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, საერთაშორისო პრესაში, თუმცა საქართველოს კულტურის სამინისტრო აღმოჩენას საჯაროდ არ გამოხმაურებია.
ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი და სამეცნიერო ჯგუფის წევრი ნიკოლოზ წიქარიძე კულტურის ამჟამინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის პერიოდში გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან.
უწყებაზე დაქვემდებარებულმა ეროვნულმა მუზეუმმა მხოლოდ 22 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, თუმცა მისი შინაარსი ნაკლებად იყო მისალოცი:
მუზეუმმა თქვა, ხსენებული კბილი ოროზმანიდან თბილისში ისე წამოიღეს, რომ დოკუმენტები არ გაფორმებულა და არც მუზეუმში წარმოუდგენია. საბოლოოდ კი კულტურის სამინისტროს გენ. ინსპექციამ ის ექსპედიციის წევრის სახლიდან ამოიღო.
მუზეუმის თქმით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად.
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ გათხრებზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პირველ ივლისს გაიცა,თუმცა 20 სექტემბრამდე არც სააგენტოს და არც ეროვნულ მუზეუმს არავითარი ოფიციალური ცნობა არ მიუღია გათხრების მიმდინარეობის ან მათი შედეგების შესახებ და არც მასალა ყოფილა წარმოდგენილი.
ქვემო ოროზმანში აღმოჩენილი კბილი. ფოტოები: ნიკოლოზ წიქარიძე/გიორგი ბიძინაშვილი
იმავე დღეს, ოროზმანის ექსპედიციის ხსენებულმა წევრმა, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა და აღმოჩენის ერთ-ერთმა ავტორმა, პალეონტოლოგმა ნიკა ვანიშვილმა გაუგებრობით ახსნა ხსენებული შემთხვევა.
ვანიშვილის თქმით, საველე სამუშაოების წარმოება 19 სექტემბერს დაასრულეს, ხოლო კბილის თბილისში წაღებამ, შემდეგ კი პალეობიოლოგიის ინსტიტუტში მიტანამ დიდი დრო წაიღო და სამუშაო საათებიც დასრულდა.
ვანიშვილის განცხადებით, შესაბამისი სეიფის სათანადოდ უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ექსპედიციის სხვა წევრი ადგილზე აღარ იყო და მარტომ ვერ შეძლო სეიფის უსაფრთხო ოთახში გადატანა მისი სიმძიმის გამო.
ამასთან, ექსპედიციის წევრი ამბობს, რომ ოჯახიდან დაუკავშირდნენ და აუწყეს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი ავად იყო, ვერ იღებდა საკვებსა და წყალს. ყოველივე ამის შემდეგ, ნიკა ვანიშვილის განცხადებით, ფორსმაჟორულ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება, კბილი სახლში წაიღო.
“კბილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, [მომიწია] რომ დამეტოვებინა [ის] ჩემს საველე ზურგჩანთაში, უსაფრთხოდ, სპეციალურად განკუთვნილ ჯიბეში და ერთი ღამით წამეღო უსაფრთხოდ, ჩემთან ერთად ყოფილიყო სახლში და მეორე დღეს დამებრუნებინა ინსტიტუტში”, — აღნიშნავს ის.
ნიკა ვანიშვილი
მუზეუმი ასევე აცხადებს, რომ ოროზმანში კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები დოკუმენტირებისა და სრულყოფილი აღწერის გარეშე გადაიტანეს თბილისში და “არაოფიციალურად” დაასაწყობეს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც ავარიულია და სადაც არც ერთი ოთახი დაცული არ არის.
აღნიშნულზე ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, გიორგი ბიძინაშვილი პასუხობს, რომ მასალების გადმოტანა თბილისში, პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, მათ მიერ დაწერილ სანებართვო მოთხოვნაში იყო მითითებული და სამინისტრო დაეთანხმა მოთხოვნის შინაარსს.
“თუ იმ ინსტიტუტში არის ცუდი მდგომარეობა, ეს აქამდე უნდა სცოდნოდა კულტურის სამინისტროს, უნდა ეღონა რაღაც და რემონტი გაეკეთებინა. ეს არ არის ჩვენი საქმე”, — ამბობს ის.
რაც შეეხება აღმოჩენილი მასალების დოკუმენტირებას: ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული კომპონენტი წესრიგშია:
“თეოდოლიტით გვაქვს ყველა არტეფაქტი აზომილი. ეს იცით, რას ნიშნავს? 1 მმ ცდომილებით დედამიწის გეოგრაფიული სისტემის მიმართულებით გვაქვს აზომილი, 3 განზომილებაში. ყველაფერი ასეა აზომილი და ეს არის კომპიუტერში. ქაღალდზეც არის ამობეჭდილი.
ესაა თვითონ ნივთების დოკუმენტაცია, რასაც ისინი ლაპარაკობენ. შეტანაზე, რომ აქედან იქ შევიდა, საღამოს რომ ვერ გაკეთდა [დოკუმენტირება], უნდა გაკეთებულიყო მეორე დღეს, მაგრამ მეორე დღეს მათ ეს კლოუნადა დადგეს”.
კადრები ვიდეოდან, რომლითაც ეროვნულმა მუზეუმმა საზოგადოებას უჩვენა, როგორ ამოიღეს პალეონტოლოგის სახლიდან კბილი.
ბიძინაშვილის თქმით, აღმოჩენილი ნივთების შესახებ ანგარიში ექსპედიციაზე ნებართვის გამცემ ორგანოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, 21 ოქტომბრისთვის უნდა ჩააბარონ:
“ანგარიში რომ დავწეროთ, ნივთები უნდა ვნახოთ კიდევ ერთხელ, დოკუმენტაციას უნდა მოვუყაროთ თავი, ფოტომასალას, გეგმებს და ა.შ. რა თქმა უნდა, თავის ადგილს დაიკავებს უკვე ეს კბილიც ანგარიშში, რითაც პირველ ეტაპზე დამთავრდება სააგენტოს წინაშე აღებული ვალდებულება…
ეს არის წესი და რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ყოველ დღე უნდა გვცოდნოდაო, იქ რა ხდებოდა, არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან. წარმოგიდგენიათ, დღეში ათას ნივთს პოულობ და ათასი მეილი რომ გაგზავნო, ახლა ვიპოვე ეს, ახლა ეს… ეს ხომ შეუძლებელია?”
ვინ უნდა შეისწავლოს ოროზმანის მასალა
ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, რომელიც წულუკიანის დროს დაინიშნა ხსენებულ პოზიციაზე, აღნიშნავს, რომ მასალის სახლში წაღება არ შეესაბამება აღმოჩენასთან მოპყრობის დადგენილ წესს.
მეორე მხრივ, ნიკა ვანიშვილის პოზიცია დაიცვა ამავე მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც 2005 წლიდან საქმიანობს ხსენებულ პოზიციაზე. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ვანიშვილმა გადაწყვეტილება სიტუაციის შესაბამისად მიიღო.
ახალბედაშვილის განცხადების მიხედვით, ოროზმანში აღმოჩენილი მასალა, მათ შორის, კბილი, ახლა მათთანაა და როგორც 22 სექტემბრის განცხადებაში თქვა ნიკა ახალბედაშვილმა:
“მუზეუმი მიიღებს და გაატარებს გადმოცემულ მასალას სამუზეუმო წესის შესაბამისად და ჩვენი მუზეუმის თანამშრომლები შეისწავლიან მასალას სამეცნიერო კუთხით, დადებენ შესაბამის დასკვნებს, შეფასებებს…”
ნიკა ახალბედაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
ქვემო ოროზმანის სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელისთვის, გიორგი ბიძინაშვილისთვის, ეს ფრაზა პრობლემურია. მისი თქმით, მასალის შესწავლის უპირატესობა, სამეცნიერო ეთიკის თანახმად, ექსპედიციის წევრებს აქვთ.
“ვინმე მოსახლეს თავის ეზოში ქვევრი რომ ეპოვა, ამოეღო და მერე ჩაებარებინა მუზეუმისთვის, კი, მერე უკვე მუზეუმს უნდა გადაეწყვიტა, ვინ უნდა შეისწავლოს და ვინ არა, იმიტომ, რომ თვითონ [აღმომჩენი] არ არის არქეოლოგი.
თუმცა, რადგან მე ვარ არქეოლოგი, პროფესიონალი, ეს არის ჩემი ნაპოვნი ძეგლი — ოროზმანის [ძეგლი] ხომ მე აღმოვაჩინე? ამის დოკუმენტაციაც გამაჩნია — ამ ძეგლზე აღმოჩენილი ნივთები უნდა შევისწავლო მე”, — დასძენს ის.
ბიძინაშვილის სიტყვებით, კარიერის დასრულების ტოლფასია რომელიმე სპეციალისტის მხრიდან კოლექციის შესწავლა მისი აღმომჩენის ნებართვის გარეშე.
გიორგი ბიძინაშვილი ქვემო ოროზმანში არქეოლოგიური აღმოჩენის წარდგენისას. ფოტო: პირადი ფეისბუკი
“ასე რომ, ეს იყო არაპროფესიონალური ნათქვამი. ვურჩევ, სანამ რამეს იტყვიან, გაიარონ კონსულტაცია არქეოლოგებთან”.
“მე, ნიკოლოზ ვანიშვილი და ექსპედიციის სხვა წევრები; რა თქმა უნდა, ჯუმბერ კოპალიანი, ექსპედიციის ხელმძღვანელი… ჩვენ გადავწყვეტთ, ვინ ჩაერთვება და ვინ არა, ვინ შეხედავს და ვინ არა.
ჩვენს გარეშე თუ ვინმე ჩაერთვება, მისი, როგორც არქეოლოგის კარიერა, რამდენიმე საათში დარულდება. მის ნაშრომებს აღარავინ წაიკითხავს”, — გვეუბნება გიორგი ბიძინაშვილი.
მისივე თქმით, მასალების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით მუზეუმიდან, ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია. ბიძინაშვილის შეფასებით, ნივთები ახლა “დაპატიმრებულია”.
გიორგი ბიძინაშვილს ვკითხეთ, აქვს თუ არა კომუნიკაცია მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან. როგორც ამბობს, ლორთქიფანიძისგან ხელშეწყობა აქვს, თუმცა “აქ საუბარია მუზეუმის ახალ ადმინისტრაციაზე, ნიკა ახალბედაშვილსა და [სხვებზე]. არქეოლოგიისგან ცოტა შორს არიან ეს ადამიანები”.
დავით ლორთქიფანიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
ბიძინაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მუზეუმის სამუშაო სივრცეებშიც აღარ უშვებენ. ექსპედიციის მონაწილეთა ნაწილი ახლაც მუშაობს მუზეუმში, თუმცა ნაწილი, მათ შორის, თავად ბიძინაშვილი, გათავისუფლებულია.
“…შეშვების საკითხებს, მე როგორც ვიცი, ახალი ადმინისტრაცია წყვეტს”, — აღნიშნავს ის.
“ნეტგაზეთი” კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, აპირებენ თუ არა, მიანდონ ოროზმანის ექსპედიციის წარმომადგენლებს მასალების შესწავლის პროცესი. კითხვაზე უწყებას, ჯერჯერობით, არ უპასუხია.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, აღნიშნული სამინისტრო მედიის ნაწილისთვის, პრაქტიკულად, დაიხურა. უკიდურესი გამონაკლისების გარდა, პრესსამსახურში სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.
“მართლაც არაკომპეტენტურები” — წულუკიანი გათავისუფლებულ არქეოლოგებზე
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში გამოსვლისას, 22 სექტემბერს, “მართლაც არაკომპეტენტურებად” მოიხსენია ეროვნული მუზეუმიდან მის მიერ გათავისუფლებული არქეოლოგები, რომელთა ექსპედიციამაც კბილი აღმოაჩნა.
აღნიშნულის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა, როგორ ახსნის ფაქტს, რომ მის მიერ გათავისუფლებულმა კადრმა გააკეთა აღმოჩენა, რომელზეც მსოფლიო საუბრობს.
საპასუხოდ, წულუკიანმა თქვა, რომ “კბილი ამ მართლაც არაკომპეტენტურებმა კი არ აღმოაჩინეს, კბილი აღმოაჩნა ერთმა უცხოელმა სტუდენტმა”. მინისტრი გულისხმობს ბრიტანელ სტუდენტს, ჯეკ პირტს, რომელმაც პირველმა მიაგნო კბილს.
თეა წულუკიანი პარლამენტში
წულუკიანმა ექსპედიციის მონაწილეები გააკრიტიკა კბილის სახლში წაღების გამოც ნიკა ვანიშვილის მიერ, რომელიც, ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ ასე დაახასიათა:
“ნიკა ვანიშვილი, რომელიც არის რეალურად, ამ კბილის აღმომჩენი, რომელიც მიხვდა, რომ ეს კბილი ეკუთვნის ჰომინიდს, არის ძალიან ღირსეული მეცნიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კბილს არაფერი ემუქრებოდა…”
ქვემო ოროზმანის აღმოჩენის შესახებ
სოფელ ქვემო ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე პრეისტორიული ადამიანის, ჰომო ერექტუსის კბილის აღმოჩენის შესახებ საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა 8 სექტემბერს განაცხადა.
ეს მოხდა მცირე მანძილის დაშორებით ქალაქ დმანისიდან: იმ ადგილიდან, სადაც 1990-იან და 2000-იან წლებში მეცნიერებმა ასევე 1.8 მილიონი წლით დათარიღებული ადამიანის თავის ქალები (ზეზვა და მზია) იპოვეს — უძველესი, რაც კი აღმოუჩენიათ აფრიკის კონტინენტს მიღმა.
ექსპედიციის მონაწილეები კბილის აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამდნენ, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქალაქ დმანისის გარეთ, სხვა ტერიტორიაზე აღმოჩნდა იმავე პერიოდის(1.8 მლნ. წ.) ნამარხი. ეს, თავის მხრივ, მეტ ინფორმაციას იძლევა ჰომო ერექტუსის პოპულაციაზე ხსენებულ არეალში.
“უახლესი აღმოჩენა [დმანისიდან] 20 კმ-ით დაშორებულ ადგილზე კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ მთიანი სამხრეთ კავკასიის ტერიტორია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც ადრეული ადამიანები დასახლდნენ აფრიკიდან მიგრაციის შემდეგ”, — წერს ექსპერტებზე დაყრდნობით ბრიტანული სააგენტო Reuters.
არქეოლოგიური გათხრები ქვემო ოროზმანში. ფოტო: საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი
Reuters-ის გარდა, ამბავი გააშუქეს The Guardian-მა, ასევე, გერმანულმა DW-მ, ამერიკულმა USA Today-მ და სხვა ქვეყნებში მოქმედმა მედიასაშუალებებმა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს თითქმის ორი კვირის მანძილზე არაფერი უთქვამს აღმოჩენასთან დაკავშირებით. ალეკო ელისაშვილმა თეა წულუკიანს ამის შესახებაც ჰკითხა.
ნუთუ თქვენთვის არ არის ეს აღმოჩენა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც BBC-სთვის და Reuters-სთვის”, — უთხრა ელისაშვილმა მინისტრს, რაზეც ამ უკანასკნელმა ასე უპასუხა:
“ჯერ ეს ერთი, მე არ ვარ არც BBC და არც Reuters. ამ ქვეყანაში BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და Reuters, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველაზე ძალიან მაგარი არხი არის “მთავარი”. ერთმაც გააშუქა, მეორემაც, საკმაოდ მსუყედ, შესაბამისად, მე მათ ვერ ჩავანაცვლებ”.