საზოგადოება

მობილიზაციაზე პუტინის ბრძანებას საიდუმლო პუნქტი აქვს

21 სექტემბერი, 2022 • 1590
მობილიზაციაზე პუტინის ბრძანებას საიდუმლო პუნქტი აქვს

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დღეიდან რუსეთში ცხადდება „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“. კრემლის ოფიციალურ საიტზე შესაბამისი ბრძანებაც გამოქვეყნდა, თუმცა ამ დოკუმენტს ერთი პუნქტი აკლია.

ასევე, პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

უფრო კონკრეტულად, ამ დოკუმენტის მე-2 პუნქტში ვკითხულობთ:

„განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა სამხედრო გაწვევა რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის ფარგლებში. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებსაც გაიწვევენ სამხედრო მობილიზაციაში, ენიჭებათ სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, რომლებიც ახლა კონტრაქტით გადიან სამხედრო სამსახურს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში“.

ამასთანავე, რუსეთში მობილიზაციის შესახებ დოკუმენტში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა, გამოტოვებულია მე-7 პუნქტი. რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე ჩანს, რომ მე-7 პუნქტი არსებობს, თუმცა შინაარსი არც იქაა დაკონკრეტებული. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მე-7 პუნქტის გასაიდუმლოების მიზეზი ისაა, რომ ის დაკავშირებულია მობილიზაციით გამოძახებულთა რაოდენობასთან.

ერთი და იგივე დოკუმენტი ორ სხვადასხვა საიტზე.


დღეიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება, თუმცა რუსეთს 25 მლნ ადამიანის მობილიზება შეუძლია.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი