საზოგადოება

ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება — შოიგუ

21 სექტემბერი, 2022 • 766
ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება — შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მისივე სიტყვებით, რუსეთს 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში დღეიდანვე ამოქმედდება.

“საუბარია ნაწილობრივ მობილიზაციაზე, რაც ნიშნავს, რომ გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება, უპირველესად კი მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებულ ძალებში, აქვს კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება”, — თქვა ვლადიმერ პუტინმა.

Meduza წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თითოეული რეგიონიდან წვევამდელთა რაოდენობას დაადგენს. გუბერნატორებს კი ევალებათ გაწვევის უზრუნველყოფა.

1 დღით ადრე, 20 სექტემბერს, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა რუსეთთან შეერთების თაობაზე “რეფერენდუმების” შესახებ განაცხადეს.

დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მოქმედ საოკუპაციო რეჟიმებს კენჭყისყრის ჩატარება 23-27 სექტემბერს სურთ. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ხსენებული ტერიროების “მცხოვრებთა უმრავლესობის” გადაწყვეტილებას “მათი მომავლის შესახებ”.

რეფერენდუმებს მხარდაჭერა გუშინვე გამოუცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა. მისი თქმით,  ეს  მეტ საშუალებას მისცემს კრემლს, დაიცვას მიწები, რომლებიც, მედვედევის თქმით, რუსეთის ტერიტორია გახდება.

პუტინის მიმართვა რეფერენდუმების დაანონსების შემდეგ, იმავე საღამოს უნდა შემდგარიყო, თუმცა მისი ტრანსლირება დილამდე გადაიდო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმებთან დაკავშირებით “ასეთი სიჩქარე გამოწვეულია უკრაინელთა კონტრშეტევის შიშით და არგუმენტით, რომ თითქოს რუსეთთან ფორმალურად შეერთება მათი უსაფრთხოების გარანტია იქნება”.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ჯერ კიდევ 2014 წელს გააქტიურდნენ და მას შემდეგ ებრძვიან უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას.

სეპარატისტების მიერ გამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკები რუსეთმა მიმდინარე წელს, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე (24 თებერვალმდე) რამდენიმე დღით ადრე აღიარა.

ომის პერიოდში რუსეთმა სრულად დაამყარა კონტროლი ლუგანსკის ოლქზე, თუმცა უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ დაიბრუნა სოფელი, რომელიც 10 კმ-ით არის დაშორებული ქალაქ ლუგანსკიდან და ემზადება მთელი ოლქის დასაბრუნებლად. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, აქ რუსები და მათ მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ტერიტორიის 60%-ს აკონტროლებენ.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქი კი რუსეთმა მარტში დაიკავა. ამჟამად უკრაინის ძალები კონტრშეტევას ახორციელებენ ხერსონის დასაბრუნებლად.

უკრაინელების კონტრშეტევის შედეგად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე თვეში უკან დაიხიეს ხარკოვის რეგიონიდან, რომლის ნაწილიც მათ ოკუპირებული ჰქონდათ. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

24 თებერვლის შემდეგ გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

“Нет могилизации!” — რუსეთში აქციები დაანონსდა მობილიზაციის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი