ახალი ამბები

შოიგუ: რუსეთის არმიის დანაკარგი 6000-მდე ჯარისკაცია

21 სექტემბერი, 2022 • 426
შოიგუ: რუსეთის არმიის დანაკარგი 6000-მდე ჯარისკაცია

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები უკრაინაში 6 ათასს არ აღემატება.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთს საყოველთაო მობილიზაციის შესახებ ამცნო.

შოიგუს თქმით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის არმიამ 5937 ადამიანი დაკარგა. მისი თქმით, დაჭრილი სამხედროების 90% მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა:

„ვაგრძელებთ დასახული მიზნების შესრულებას. ახლა, რეზერვისტების რეკრუტირება დაიწყება. ასეთები არიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში მსახურობდნენ, სამხედრო სპეციალობა აქვთ, ან გააჩნიათ საბრძოლო გამოცდილება“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუს განმარტებით, მობილიზაცია არ შეეხებათ სტუდენტებს. მისი თქმით, მობილიზაცია ამ ეტაპზე არც წვევამდელებს შეეხებათ.

დღეს უკრაინულმა მხარემ ასევე განაახლა ინფორმაცია იმ დანაკარგების შესახებ, რომელიც მათი თქმით, რუსეთს ომის დაწყებიდან დღემდე მიადგა. უკრაინის განცხადებით, ამ დრომდე დაიღუპა 55 110 რუსი სამხედრო. ვრცლად საბრძოლო დანაკარგების შესახებ წაიკითხით ბმულზე.

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი