საზოგადოება

რას შეცვლის მობილიზაცია რუსეთში? – 3 ქართველი გენერლის მოსაზრება

21 სექტემბერი, 2022 •
რას შეცვლის მობილიზაცია რუსეთში? – 3 ქართველი გენერლის მოსაზრება

რუსეთმა, უკრაინაზე თავდასხმიდან თითქმის შვიდი თვის თავზე და ხარკოვის ოლქში უკან დახევის შემდეგ, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

„ნეტგაზეთმა“ სამ ქართველ გადამდგარ გენერალს, მათ შორის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ვახტანგ კაპანაძესა და გიორგი სურმავას მიმართა შემდეგი კითხვებით:

  • რა მიზეზებით აიხსნება მობილიზაციის გამოცხადება;
  • რა შესაძლო გავლენა ექნება ამას ომის მიმდინარეობაზე

ქართველი გენერლების განცხადებით, „მოსალოდნელია, რომ მობილიზაციის შედეგად ომში გაწვეული მებრძოლების მომზადების ხარისხი დაბალი იქნება და ეს ომის მიმდინარეობაზე გარდამტეხ როლს ვერ შეასრულებს“.

თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია:

„მობილიზაციიის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ არის გარკვეული პრობლემა ფრონტის ხაზზე, რაც დაკავშირებულია ადამიანური რესურსების ნაკლებობასთან. ფრონტზე ოპერატიული სივრცე საკმაოდ ვრცლად არის გაშლილი, რაც საჭიროებს ადამიანურ რესურსებს, შესაბამისად, ეს მობილიზაცია ოპერატიული მოთხოვნებიდანაა გამოწვეული.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება გავლენას ვერ იქონიებს ომის მიმდინარეობაზე, რადგან აქ საუბარი მხოლოდ მობილიზაციაზე არაა, საუბარია ჯარისკაცის მომზადების ხარისხზე, აღჭურვილობაზე და ასე შემდეგ. ომის წარმოების ხელოვნებას აქვს თავისი პირობები, ხოლო ეს პირობები და ინიციატივა, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის უკვე ხელიდანაა გაშვებული.

წინასწარ პროგნოზირება მიმდინარე პროცესების რთულია, რადგან ომს აქვს თავისი დინამიკა და შეიძლება უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდეს, თუმცა ყველა იმ ნიშნის გათვალისწინებით, რასაც მე პირადად ვაკვირდები ომის მიმდინარეობისას უკრაინაში, ვატყობ, რომ უპირატესობა სრულად თუ არა, მეტწილად მაინც უკრაინის მხარესაა.“

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე:

„რუსეთი იმ რესურსით, რომელიც მას გააჩნია, ვერ ახერხებს დასახული მიზნების მიღწევას. პირიქით, ინიციატივა გადავიდა უკრაინის მხარეს. ფრონტი ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული, ამ დროს რუსეთის ის დაჯგუფება, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კლასიკური ნორმატივების გათვალისწინებით, სრული დაცვის ორგანიზებას უზრუნველყოფს მხოლოდ 300 კილომეტრის პერიმეტრზე.

შესაბამისად, რუსეთს სჭირდება დამატებითი ადამიანური რესურსი, ხოლო მიზეზი, რატომაც მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, არის ის, რომ სრულ მობილიზაციას ეკონომიკურად ვერ გაუძლებდა.

რაც შეეხება ომზე გავლენას, რაოდენობრივად გაიზრდება რუსეთის შეიარაღებული ძალები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყოველივე ხვალვე მოხდება. ამას სჭირდება დრო. ხარისხის თვალსაზრისით, დამერწმუნეთ, ახლად მობილიზებული დანაყოფები არ იქნება იგივე, როგორც ომის დასაწყისში, თუმცა რაოდენობრივად შეძლებს გაურკვეული ნაპრალების შევსებას საკუთარ რიგებში.

ომი მიიღებს გრძელვადიან ხასიათს და ამას უნდა შეეგუოს უკრაინაც და მისი მხარდამჭერებიც.“

ბრიგადის გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა:

„რუსეთი განიცდის პირადი შემადგენლობის ნაკლებობას და სურს ამის შევსება. გარდა დაჭრილებისა და დაღუპულებისა, რუსულ ჯარში ასევე არის ფსიქოლოგიური „დანაკარგებიც“. ჯარისკაცებს ომი აღარ უნდათ და მათ როტაცია სჭირდებათ.

ეს [მობილიზაცია] უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ამის გაკეთება არ სურდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ.

რა თქმა უნდა, ამას გარკვეული ეფექტი ექნება ცოცხალი ძალის შევსების კუთხით, თუმცა არსებული პროფესიული არმია და ეს ახალი რესურსი მსგავსი მომზადების არ არის. მათ სჭირდებათ გადამზადება, თუმცა მაინც ვერ იქნება ისეთი ხარისხის, რადგან მას დაკარგული აქვს ფიზიკური კონდიციები, დავიწყებული აქვს სწავლება, ანუ ეს სრულფასოვანი შევსება ვერ იქნება.

ასევე არ მგონია, რომ ეს ხალხი დიდი სიხარულით წავიდეს ომში. ამის გამო რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და უკმაყოფილება იზრდება.

მობილიზაციას ის ეფექტი ვერ ექნება, რომ ამან გადამწყვეტი როლი შეასრულოს კამპანიის მიმდინარეობისას.“


რუსეთში მობილიზაცია დღევანდელი დღიდან დაიწყება. რუსული მხარის განცხადებით, ომში წაიყვანენ დაახლოებიით 300 000 რეზერვისტს.

„საუბარია ნაწილობრივ მობილიზაციაზე, რაც ნიშნავს, რომ გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვის სისტემაში იმყოფება, უპირველესად კი მათ, ვისაც უმსახურია შიარაღებული ძალებში, აქვთ კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

მისივე თქმით, ყველა ეს ადამიანი აუცილებლად გაივლის დამატებით სამხედრო წვრთნებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი