ახალი ამბები

“Нет могилизации!” — რუსეთში აქციები დაანონსდა მობილიზაციის წინააღმდეგ

21 სექტემბერი, 2022 • 2703
“Нет могилизации!” — რუსეთში აქციები დაანონსდა მობილიზაციის წინააღმდეგ

რუსეთში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობა “ვიესნა” მოსახლეობას მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ქუჩის დემონსტრაციებით გააპროტესტონ.

აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავიანთი ქალაქების ცენტრალურ ადგილებში გამოვიდნენ 21 სექტემბერს, რუსეთის დროით 19:00 საათზე. პროტესტის სლოგანია “Нет могилизации!”(“არა მოგილიზაციას!”). “могила” რუსულად “საფლავს” ნიშნავს.

“ათასობით რუსი კაცი – ჩვენი მამები, ძმები და ქმრები – ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაცვივდებიან. რისთვის დაიხოცებიან ისინი? რისთვის დაღვრიან ცრემლებს დედები და ბავშვები?” — აღნიშნავს მოძრაობა.

“ვიესნა” აღნიშნავს, რომ “ახლა ომი ნამდვილად მოვა ყველა სახლში და ყველა ოჯახში”.

“ასე რომ, სიტუაცია უკიდურესად რთულია. ომი აღარ არის “იქით” – ის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახლებში, ჩვენს ახლობლებთან მოვიდა. და ისინი უნდა დაიხოცონ, რათა გამოასწორონ პუტინის რეჟიმის შეცდომები, რომლებმაც რუსეთი ამაზრზენ ხოცვა-ჟლეტაში, იზოლაციასა და სიღარიბეში ჩააგდო”, — ამბობს მოძრაობა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დეპუტატები და ჩინოვნიკები, რომლებიც მობილიზაციის აუცილებლობაზე ყვირიან, ცოცხლები და ჯანმრთელნი დარჩებიან თბილ სკამებზე”:

“ჩვენ გვჯერა, რომ ისინი უნდა მობილიზდნენ და გაიგზავნონ უკრაინაში – დაე, დაიხოცონ თავიანთი ავადმყოფური ფანტაზიებისთვის, რიგითი ბიჭების სასიკვდილოდ გაგზავნის ნაცვლად”.

“პროტესტი მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებულები ვართ, რომ მოგილიზაციაზე გადაწყვეტილება ამ ხელისუფლების დასასრული შეიძლება იყოს. ახლა ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ყველაფერი ჩვენს ხელშია!”

რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით ,ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

“ვესნა” პროდემოკრატიული მოძრაობაა, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა სანქტ-პეტერბურგში. ომის საწინააღმდეგო კამპანია მოძრაობამ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირველივე დღეებში დაიწყო და ომის საწინააღმდეგო არაერთ აქციას გაუწია ორგანიზება.

მეშვიდე თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა. არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა, ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაკავებულთა რიცხვი კი, დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD Info-ს მიხედვით, 16 400-ს აჭარბებს.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება — შოიგუ

მასალების გადაბეჭდვის წესი