საზოგადოება

რატომ და ვისთვის ხსნიან რუსეთის მოქალაქეები ახალ სივრცეებს თბილისში

12 სექტემბერი, 2022 • 6226
რატომ და ვისთვის ხსნიან რუსეთის მოქალაქეები ახალ სივრცეებს თბილისში

სტატიაზე მუშაობდნენ მიხეილ გვაძაბია და ნიკა ბურდული

სოლოლაკში, გომის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში მდებარე ისტორიული სახლის თანამედროვე, შემინული ვერანდიდან თბილისის ფართო ხედი იშლება. საღამოობით, როცა გარე განათებების ეფექტი ხედს უფრო შთამბეჭდავს ხდის, აქ ხალხის რაოდენობაც მატულობს.

არტიომი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდეც სტუმარ-მასპინძლობის სექტორში საქმიანობდა, ამბობს, რომ ხედი იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც უბიძგა, მეგობრებთან ერთად სწორედ ამ ვერანდაზე გაეხსნა ბარი „ქოშინი“- აწ უკვე ერთ-ერთი პოპულარული სივრცე თბილისში მცხოვრები რუსებისთვის.

არტიომ გრინევიჩი ერთ-ერთია რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომელთაც უკანასკნელ პერიოდში თბილისში გახსნეს კაფე-ბარები თუ სხვა ობიექტები. მათი სტუმრების დიდი ნაწილიც ძირითადად რუსეთიდან სხვადასხვა მიზეზით საქართველოში წამოსული ახალგაზრდები არიან.

მარტივი შესამჩნევია, რომ ხსენებული ობიექტების რაოდენობამ თბილისში იმატა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პუტინის რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიების გააქტიურებისა თუ დასავლეთის სანქციებისა და რუსული ბაზრიდან ცნობილი კომპანიების გასვლის ფონზე მრავალმა ათასმა რუსმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც მოაშურა.

TI-ს კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში დარეგისტრირდა 6 400-მდე რუსული კომპანია/ინდმეწარმე, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია.

ამ შემთხვევაში “ნეტგზეთი” დიდწილად კაფე-ბარებით დაინტერესდა.

თბილისის ხედი ბარ “ქოშინიდან”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ობიექტები, სადაც ვიმყოფებოდით, ძირითადად ძველ თბილისშია თავმოყრილი. მათგან ნახევარზე მეტი გახსნეს ადამიანებმა, რომელთაც რუსეთი ბოლო 7 თვეში, ომის დაწყების შემდეგ დატოვეს.

ზოგიერთი ადგილი მეტად არის ორიენტირებული მიგრანტებზე, ზოგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ არ ჰყავთ კონკრეტული სამიზნე ჯგუფი; ზოგიერთი მეტადაა დატვირთული პოლიტიკურად, ვიდრე დანარჩენები; ზოგი — ბარია, ზოგი — კაფე, სხვები კი — წიგნებს ყიდიან, ძირითადად, რუსულენოვანს.

მომსახურების მიღება ძირითადად რუსულად და ინგლისურადაც არის შესაძლებელი; ზოგიერთ შემთხვევაში — ქართულად. საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

ყველა შემთხვევაში, დაწესებულებების დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ  მხარს უჭერენ უკრაინას და, როგორც გვეუბნებიან, სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან მას:  საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებით, შესაბამის ორგანიზაციებთან/მოხალისეთა გაერთიანებებთან თანამშრომლობითა თუ კლიენტებისგან მიღებული ჩაის ფულით.

რატომ ხსნიან რუსეთის მოქალაქეები ხსენებულ ობიექტებს თბილისში, როცა ქალაქი, მით უმეტეს, ტურისტულად დატვირთული ძველი ნაწილი, არ უჩივის კაფე-ბარებისა თუ რესტორნების ნაკლებობას? ესაა ადგილობრივ სოციუმში ინტეგრაციის მცდელობა თუ პირიქით, ერთგვარი ავტონომიური ეკოსისტემის შექმნის პროცესი, დიდწილად, რუსი მიგრანტებისთვის?

„ვერც აქ გადმოვიდოდი და ფულსაც დავკარგავდი“

არტიომი ჯერაც მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, როცა საქართველოში მცხოვრებმა რუსმა მეგობრებმა სთხოვეს, ჩამოსულიყო და თბილისში „პატარა ადგილის“ გახსნაში დახმარებოდა. როგორც ამბობს, „ეს იყო ომამდე, როცა [თბილისში] არ იყო იმდენი რუსული ადგილი, რამდენიც დღესაა“.

ჰყვება, რომ პოტენციური ბარისთვის რამდენიმე ინვესტორი უკვე ნაპოვნი ჰყავდა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი თქმით, იქამდე აქტივიზმში დიდად ჩართული არ ყოფილა, თუმცა ომის საწინააღმდეგო აქციაზე მაინც გავიდა და პროტესტის საკოორდინაციო ჩატებსაც შეუერთდა.

საქართველოში წამოსვლის მიზეზად ასახელებს როგორც დაპატიმრების შიშს, ისე ბარის იდეას:

„[ინვესტორებისგან მიღებული] ფული ჩემი პასუხისმგებლობა იყო და ვფიქრობდი, თუ ციხეში წავიდოდი, ვერც აქ გადმოვიდოდი და დავკარგავდი ფულს, რომელიც [ბარისთვის იყო განკუთვნილი]“.

თავდაპირველად მომცრო ბარის გახსნას გეგმავდნენ, თუმცა შემდეგ ფართო სივრცე ნახეს გომის ქუჩაზე, ხედიც მოეწონათ და იქ გახსნეს ბარი „ქოშინი“. ეს მოხდა გაზაფხულზე, ომის დაწყების შემდეგ, როცა თბილისში იმაზე გაცილებით მეტი რუსი ახალგაზრდა იყო, ვიდრე მანამდე.

არტიომ გრინევიჩი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

რთული სათქმელია, რამდენი ადამიანი წავიდა რუსეთიდან ომის დაწყების შემდეგ. სხვადასხვა გამოთვლით, მათი რიცხვი რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს.

მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ წლების მანძილზე საქმიანობდა სამოქალაქო განათლებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში „Frame“. 2012 წელს, როცა კრემლმა „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, გუნდმა ორგანიზაცია დახურა და ხელახლა გახსნა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ვითარება უფრო გართულდა.

„ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას ვიღებდით, ომის დაწყების შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსეთში შეუძლებელი იქნებოდა, გვეთანამშრომლა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, რომელთა დიდი ნაწილიც სახელმწიფო მოხელეები იყვნენ… მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ ადამიანს არ სურს, იცხოვროს ფაშისტურ ქვეყანაში“, — დასძენს მაქსიმი.

თბილისში გადმოსვლის შემდეგ გუნდმა სახლი იქირავა ბეთლემის ქუჩაზე და იქ განაგრძო საქმიანობა. ამავე სივრცეში, რომელსაც “სახლი ბეთლემზე” უწოდეს, შეხვედრების ოთახის გვერდით და გარე პერიმეტრზე გაიხსნა კაფე-ბარიც.

მაქსიმ ივანცოვი; უკანა ფონზე — ფიოდორი, რომელიც ბარმენად საქმიანობს. ამბობს, რომ რუსეთში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა “ნავალნის ფონდთან” თუ დამოუკიდებელ მედიაპროექტთან, OVD-Info-სთან ერთად. ქვეყანა ომის დაწყებიდან მალევე დატოვა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მაქსიმსა და მის მეგობრებს სივრცის ქირაობა და ობიექტის გახსნა არ გასჭირვებიათ, თუმცა პრობლემას გადააწყდნენ ანგარიშის გახსნისას. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ „შპანას“ დამფუძნებლებიც — ვეგანური ბარისა, რომელიც თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ფუნქციონირებს.

„შპანა“ ხუთმა ადამიანმა დააფუძნა. ერთ-ერთი მათგანი — დიანა ჟუკოვა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ამბობს, რომ არ სურდა, თავისი გადასახადებით დაეფინანსებინა ომი და ამიტომ წამოვიდა საქართველოში. კიდევ ერთ მიზეზად ასახელებს იმავე ორგანიზაციაში მუშაობას, რომელსაც მაქსიმ ივანცოვი ხელმძღვანელობდა.

„ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოში უნდა წავსულიყავი, რადგან უცხოეთიდან ვფინანსდებოდით. იმავე საღამოს [ომის საწინააღმდეგო] აქციაზე წავედი, მეორე დღეს კი [ქვეყანა] დავტოვე“, — ჰყვება ის.

ბარი “შპანა” და მისი დამფუძნებლები. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

არტურ პაკი —  „შპანას“ კიდევ ერთი თანადამუფუძნებელი — ამბობს, რომ აიძულეს, წამოსულიყო:

„იქ [რუსეთში] მქონდა საცხობი, რომელიც იყო პოლიტიკასთან, აქტივიზმთან დაკავშირებული. როცა ომი დაიწყო, მთავრობის სპეციალურმა სეგმენტმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი „პროფილაქტიკური საუბრისთვის“.

მითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დამეტოვებინა მანამ, სანამ დამადეპორტებდნენ… მხოლოდ იმიტომ, რომ „წითელი დროშა“ ვიყავი მათ სისტემაში“.

არტური ჰყვება, რომ საქართველოში ჩამოსვლისას უკვე ფიქრობდა ვეგანური სივრცის გახსნაზე. მას შემდეგ, რაც „შპანას“ გუნდის დანარჩენ წევრებს ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდა და აღმოაჩინა, რომ მათაც ეს სურდათ, პროექტზე მუშაობა ერთად დაიწყეს, ივნისში კი ბარი გახსნეს.

რისთვის და ვისთვის იხსნება ახალი ობიექტები

„ბევრისგან მესმის, რომ ბარებს ვხსნით, ღვინის დასალევად დავდივართ, შეხვედრებს ვმართავთ, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე…  ახლა რუსებისგან ეს არავის სჭირდება… საჭიროა, ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ“, — საქართველოში მცხოვრები რუსი ექსპერტის, ეგორ კუროპტევის ამ მიმართვამ რუსი მიგრანტებისადმი 1.6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა სოციალურ ქსელში.

ღვინის ბარები თუ მყუდრო კაფეები თბილისის ძველ ნაწილს არც აქამდე აკლდა. მაინც რა უბიძგებთ საქართველოში წამოსულ რუსეთის მოქალაქეებს, თავიანთი კაფე-ბარები გახსნან უკვე არსებული, ფუნქციურად მსგავსი ადგილების გვერდით? ვის ელიან თავიანთ სივრცეებში და რას სთავაზობენ მათ?

“სახლი ბეთლემზე”-ში ამბობენ, რომ ინტენსიურად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის, კინოჩვენებები, საუბრები საპროტესტო მოძრაობებზე რუსეთში და დებატები, რომელთაგან ერთ-ერთზე განიხილეს, უნდა ჩაერთონ თუ არა რუსი აქტივისტები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

გვეუბნებიან, რომ კაფე-ბარში, რუსულისა და ინგლისურის გარდა, ქართულადაც შეძლებენ მომსახურებას, თუმცა შეხვედრები მხოლოდ რუსულად იმართება. აღნიშნულ მოცემულობას მაქსიმ ივანცოვი იმით ხსნის, რომ ღონისძიებებში ჩართული გუნდი ქართულად ვერ საუბრობს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ იქ ქართველები „იშვიათად“ შედიან:

„ისე მოხდა, რომ საკუთარი სივრცე გვაქვს. ქართველები, პრაქტიკულად, არ შემოდიან, იმიტომ, რომ ღონისძიებები რუსულ ენაზე მიდის და შეიძლება იმიტომაც, რომ მხოლოდ მიგრანტთა წრეებში ვპიარდებით. ვდარდობთ, ასე რომაა – არ გვინდა, ასე იყოს“.

“სახლი ბეთლემზე”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

მისივე გადმოცემით, იყო შემთხვევა, როცა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის სვანეთში ბანაკი მოაწყვეს და ქართველი პედაგოგების მიწვევაც სურდათ, თუმცა “იყო არაფორმალური პასუხები, რომ ახლა არცთუ კარგი დროა რუსებთან თანამშრომლობისთვის”.

„სახლი ბეთლემზე“-სთან ახლომდებარე „ქოშინიშიც“ მსგავსი მოცემულობაა. არტიომი ამბობს, რომ თავიდან არ ფიქრობდნენ „რუსული ადგილის ან მიგრანტების ადგილის“ გახსნას, თუმცა ბარის სტუმრების უმრავლესობას ამჟამად სწორედ რუსები შეადგენენ.

არტიომის თანახმად, შემდეგ მოდიან ბელარუსელები, ბოლო ორ პოზიციას კი ინაწილებენ უკრაინელები და კვირაში 15-20 ქართველი, რომლებიც ძირითადად ბარის სხვა სტუმრების, იქ დასაქმებულებისა და ფართის მესაკუთრის თანმხლები პირები არიან.

ბარი “ქოშინი”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

მისი სიტყვებით, ბარის გახსნის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების შექმნა, რომელიც აქტიურ ადამიანებს, მათ შორის, პოლიტდევნილებს, ხელოვანებსა და სპიკერებს გააერთიანებდა როგორც რუსეთიდან და ბელარუსიდან, ისე უკრაინიდან და საქართველოდან, მომსაუხრება კი ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზეა.

ვეგანურ „შპანაშიც“ ძირითადად რუსი მიგრანტები დადიან.

„ადგილობრივი საზოგადოება, ძალიან ცოტანი, მაგრამ ასევე სტუმრობენ ჩვენს ბარს“, — აღნიშნავს არტურ პაკი.

ბარი “შპანა”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

„შპანას“ გუნდის კიდევ ერთი წევრი, დიანა ჟუკოვა გვეუბნება, რომ გუნდში ორი ადამიანია, რომელთაც ქართულად შეუძლიათ მომსახურების გაწევა.

„მნიშვნელოვანი იყო, ფული გამომემუშავებინა იმით, რაც იდეოლოგიურად და ღირებულებით ნაწილში ჩემთვის მისაღებია… ბევრს ვამზადებ [საკვებს] და მიყვარს ეს საქმე“, — აღნიშნავს დიანა.

არტური ამბობს იმასაც, რომ „შპანა“ ბიზნესზე ნაკლებად ორიენტირდება და მისი მიზანია „სამუშაო ადგილის შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის მთავრობას გამოექცნენ და [სურთ] განაგრძონ აქტივიზმი“.

არამხოლოდ კაფე-ბარები

ძველი თბილისიდან მოშორებით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, ავტოფარეხის მსგავსი ნაგებობის კედლებს ხის თაროები ფარავს. აქაა რუსულენოვანი წიგნები, მათ შორის, რუსი ანტისაბჭოთა მწერლის, პაველ ულიტინის ტექსტები, წიგნები სვანეთსა და ქართველ რეჟისორ კოტე მიქაბერიძეზე, ასევე, რუსეთში აწ უკვე აკრძალული „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორთა ნაწილის მიერ დაფუძნებული ახალი გაზეთის, „ნოვაია რასკაზ გაზეტას“ ნომრები.

„დისიდენტ ბუკსიც“ საქართველოში რუსეთიდან ომის დაწყების შემდეგ წამოსულმა ადამიანებმა გახსნეს. მათ შორის ერთ-ერთი, საშა, წიგნის მაღაზიაში მოწყობილ, მომცრო ბარში დაგვხვდა, სადაც ყავა და ალკოჰოლი იყიდება.

„ბიუროკრატიული პრობლემები საერთოდ არ ყოფილა. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ჩვენ გვყავდა გიდი – ადამიანი, რომელსაც აქ უკვე რამდენიმე ბიზნესი აქვს“, — გვეუბნება საშა, როცა ობიექტის გახსნის თანმდევ პროცედურებზე ვეკითხებით.

მაღაზია “დისიდენტ ბუკს”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

საშა ამბობს, რომ მაღაზიის დამფუძნებლები რუსეთში „ჩვეულებრივი, ადამიანური“ ცხოვრებით ცხოვრობდნენ, თუმცა ასევე აქტიურობდნენ სოციალურ მედიაში და დადიოდნენ აქციებზე, რაც, „როგორც აღმოჩნდა, საფრთხეა“.

“სანქციები ყველაზე ნაკლებად მაწუხებდა. ყველისა და ძეხვის გარეშეც შეგიძლია, [იცხოვრო], ფულის გარეშეც კი, თუ თავისუფლება სუფევს“, — დასძენს ის.

„დისიდენტ ბუკსი“ ძირითადად რუსეთიდან მარაგდება წიგნებით. როგორც გვითხრეს, ცდილობენ, პატარა გამომცემლობებს შეუკვეთონ ლიტერატურა, რათა მხარი დაუჭირონ მათ.

„[მაღაზიის გახსნის] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივი არის ის, რომ წამოხვედი და დაკარგე სახლი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ჯერ ვერ გიპოვია. გინდა, გქონდეს შეხვედრის ადგილი ხალხთან და მეგობრებთან, ასე რომ, ქმნი სივრცეს – სახლს ყველა სტუმრისთვის“, — აღნიშნავს საშა.

“დისიდენტ ბუკს”. უკანა ფონზე: უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული კინოჩვნების ანონსი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მისივე სიტყვებით, მაღაზიის დამფუძნებლები ქართულის სწავლის პროცესში არიან და  მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის გაყიდვაც, თუმცა ეს ჯერ არ ხდება:

„ველოდებით [ქართული ლიტერატურის] მცოდნე ადამიანს, რომელიც მოვა ან ჩვენ ვიპოვით. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“.

„დისიდენტ.ბუკსი“ არ არის რუსულენოვანი ლიტერატურით დატვირთული ერთადერთი მაღაზია, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა თბილისში. დედაქალაქის ძველ ნაწილში, ვერცხლის ქუჩაზე, 7 თვეა, მოქმედებს „იტაკა ბუკსი“.

„იტაკა ბუკსის“ დამფუძნებელი სტას გაივორონსკი რუსეთიდან საქართველოში 3 წლის წინ, ოჯახთან ერთად წამოვიდა. როგორც ამბობს, აქ მანამდეც უმოგზაურია და „ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზევე იგრძნო თავისუფლების ჰაერი“.

სტას გაივორონსკი 

„გავაცნობიერე, რომ [თბილისი] ჩემი ახალი საყვარელი ქალაქია და აქ მინდა ცხოვრება. მოსკოვი მძულს“, — ამბობს სტასი და ამატებს, რომ ჰქონდა მისია, თავისი შვილები წამოეყვანა „საშიში ქვეყნიდან“, სადაც ათეულობით ბავშვი ემსხვერპლა სავაჭრო ცენტრში 2018 წელს გაჩენილ ხანძარს, თავისი შვილების სკოლაში კი ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ უვარგისი საკვების გამო.

„ბელარუსელები, უკრაინელები და მეტ-ნაკლებად კარგი რუსები, რომლებიც სწორ წიგნებს ყიდულობენ“, — გვპასუხობს, როცა ვეკითხებით, ვინ შედის მის მაღაზიაში.

ამბობს, რომ სურს, მაღაზიაში თანაბრად ჰქონდეს წარმოდგენილი ქართული, რუსული, უკრაინული და ბელარუსული წიგნები. ჯერჯერობით ეს პროპორცია მიღწეული არ არის და “იტაკა ბუკსის” თანამშრომლებსაც მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე შეუძლიათ მომსახურების გაწევა, თუმცა, როგორც აღნიშნავს, როცა თავად მას მაღაზიით დაინტერესებული ადამიანები ურეკავენ, უკვე შეუძლია, უპასუხოს ქართულ ენაზე, რომელსაც ამჟამად სწავლობს თავისი ოჯახის სხვა წევრების მსგავსად.

“იტაკას ბუკსის” შესასვლელი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

„მალე თაროებს ქართული წიგნებით შევავსებთ“, — აღნიშნავს სტასი და ამატებს, რომ ეძებს ქართულენოვან თანამშრომელსაც.

ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც, მისი თქმით, უკრაინელებისთვის აგროვებენ ომის დაწყებიდან დღემდე, განიხილავს ერთგვარ „რეპარაციად იმ რუსებისგან, რომლებიც აქ მოდიან“.

ინტეგრაცია თუ იზოლაცია

ახლად გახსნილი ბარების საკითხზე „ნეტგაზეთის“ რესპონდენტების პოზიცია ერთგვაროვანი არ არის. სტას გაივორონსკი ამბობს, რომ არ მოსწონს აღნიშნული ტენდენცია.

„ბევრი ჩამოდის ისე, რომ ინტეგრაცია მიზნად დასახული არ აქვთ, ყველგან რუსულ საზოგადოებებს ქმნიან“, — გვეუბნება ის.

„ვაკეში, ერთ-ერთ ბარში შევედი, სადაც ყველა რუსულად საუბროდა. არ მესმის, რა საჭიროა კიტაი-გოროდი (“ფაბრიკის” მსგავსი ადგილი მოსკოვში)? რატომ გადმოაქვთ კიტაი-გოროდი აქ?“ — ამატებს სტასი.

მეორე მხრივ, არტიომ გრინევიჩი აღნიშავს, რომ „ქოშინის“ გახსნის მიზანი სწორედ ისეთი საზოგადოების შექმნაა, რომელიც ადამიანებს „ასიმილაციაში“ დაეხმარება.

არტიომს ვკითხეთ, რატომ არ შეიძლებოდა ამ მიზნის მისაღწევად მუშაობა უკვე არსებულ, ადგილობრივ სივრცეებში, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს ქართველ ახალგაზრდებს შორის. გვპასუხობს, რომ ბევრი მიგრანტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არ ცდილობს კომუნიკაციას ადგილობრივ სეგმენტთან.

უკრაინის დროშა და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა შორის ომის დაწყების შემდგომ გავრცელებული თეთრ-ლურჯ-თეთრი სიმბოლო “იტაკა ბუკსის” შესასვლელში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

„შესაძლოა, [ამის მიზეზი იყოს] შიში… როცა გინდა სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, ესეც უნარია და ყველას არ აქვს ეს უნარი…

განსხვავებულებად გრძნობენ თავს, ხოლო რუსების შემთხვევაში, ხანდახან — დამნაშავეებადაც, რადგან ისინი რუსეთიდან არიან და ახლა ზოგიერთს რცხვენია ამის“, — აღნიშნავს ის.

როგორც ამბობს, მიზანს მიღწეულად მაშინ ჩათვლის, როცა ბარში ქართველებიც მივლენ, არა მხოლოდ სტუმრების, არამედ რეზიდენტების, სპიკერების, დიჯეების ამპლუაში. ჰყვება, რომ როცა ეს სცადა, „უნდობლობა და ცოტა შიში“ იგრძნო.

„ახლა ასიმილირება ძალიან რთულია, რადგან როცა გუნდის დიდი ნაწილი რუსია… მეტი ძალისხმევა უნდა გაიღო თითოეულ ადამიანთან, რათა გაიგონ, ვინ ხარ შენ, შენი აზრი სიტუაციაზე.

…თითქმის 4 თვეა, ვმუშაობთ. დავიწყეთ კომუნიკაცია ადგილობრივ დიჯეებთან, დიზაინერებთან, თუმცა ეს ძალიან, ძალიან რთული საქმეა“.

„ვცდილობთ, გავხდეთ უფრო ქართული ადგილი“

ამაღლების #8-ში საღამოობით განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. აქ გასული წლის ოქტომბრიდან მოქმედებს ბარი „პლოჰო“, რომლის სტუმრებიც, ფართის სიმცირის გამო, დიდწილად ტროტუარზე იკრიბებიან ხოლმე.

„პლოჰოს“ ვიზიტორთა დიდი ნაწილიც, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რუსია, თუმცა როცა დარია ჟენისხანმა თავის მეგობართან ერთად ეს ადგილი გახსნა, მაშინ არც ომი იყო დაწყებული და არც თბილისში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი იყო იმხელა, რამხელაც ახლაა.

„როცა [თბილისის] ბარებში დავდიოდით, არც ერთის შემთხვევაში მიგრძვნია, რომ აი, ეს ის არის“, — აღნიშნავს ბარის გახსნის მიზეზებზე საუბრისას დარია, რომელიც ყაზახეთში დაიბადა და გაიზარდა.

პროფესიით ჟურნალისტი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსი აქტივისტების მიერ დაფუძნებული პლატფორმის, „მედიაზონის“ ცენტრალური აზიის ბიუროში. უნივერსიტეტი ბელარუსში დაამთავრა, რამდენიმე წელი იქ გაატარა და “სახლად” განიხილავს იქაურობას, თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიების ფონზე, ბელარუსში დაბრუნებას შესაძლებლად არ მიიჩნევს.

დარია ჟენისხანი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

თბილისში ჩამოსული დარიას საახლობლო წრეში დიდი რაოდენობით იყვნენ ბალარუსიდან გამოქცეული ჟურნალისტები და აქტივისტები, რის ფონზეც გადაწყვიტა, როგორც თავად ამბობს, გაეხსნა „პოლიტიკური ბარი“, სადაც ამ ადამიანებს მიიწვევდა.

საქართველოში წამოსვლამდე, აწ უკვე ბიზნესპარტნიორთან ერთად მცირე ხნით კიევშიც  ცხოვრობდა და კვლავ ფიქრობდა იქ საცხოვრებლად დაბრუნებაზე, თუმცა შემდეგ ომი დაიწყო და ბელარუსის მსგავსად, კიევში დაბრუნების პერსპექტივაც ბუნდოვანი გახდა.

ფლომასტრით დატოვებული წარწერებით აჭრელებული ბარის ერთ კედელზე ახლა საქართველოს, მეორეზე — უკრაინის დროშაა გაკრული.

„ბევრი ქართველი მეგობარი გვყავს და ძალიან მახარებს ეს, რადგან არასდროს მინდოდა, რუსული ბარი ვყოფილიყავით. რა აზრი ჰქონდა თბილისში ბარის გახსნას, თუ იქ ქართველები არ მივიდოდნენ?“ — ამბობს დარია.

ბარი “პლოჰო”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

მისი თქმით, ესმის, რომ ბევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს, რადგან ბარში ძირითადად რუსულად ლაპარაკობენ:

„ეს ბევრს დისკომფორტს უქმნის. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ვართ ამ ომზე უკეთესები, პუტინზე უკეთესები“.

„აქამდე არ გვქონია იმის მატერიალური რესურსი, რომ ჩვენი ბარმენები ქართული ენის გაკვეთილებით უზრუნველგვეყო. მაგრამ ახლა ბევრს ვმუშაობთ ამაზე და ვცდილობთ, გავხდეთ უფრო ქართული ადგილი“.

“დიდწილად საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე”

რთული სათქმელია, ვინ რას აპირებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით წამოსული რუსეთის მოქალაქეებიდან: რამდენი განიხილავს ქვეყანას გრძელვადიან საცხოვრისად და რამდენი — დროებითად, მოკლევადიანი პერსპექტივით.

თუმცა სავარაუდოა, რომ ბიზნესების დაწყება, რომლებიც დიდწილად რუს მიგრანტებზე დგას, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა მიანიშნებდეს, როგორც მინიმუმ, მათი მფლობელების შემთხვევაში.

„ასეთი მარტივი არ არის პროგნოზის გაკეთება, თუმცა, ვფიქრობ, დიდწილად საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე, რადგან იმ ადგილების დიდი ნაწილი, რომლებიც მე ვიცი, მათი ინვესტორები, მფლობელები თუ თანანშრომლები, ამა თუ იმ ფორმით არიან ის ხალხი, რომლებიც მთავრობას გამოექცნენ სხვადასხვა ქვეყნიდან.

როცა ომი დამთავრდება, ეს არ ნიშავს, რომ ზეწოლაც დამთავრდება. ასე რომ, ვფიქრობ, ისინი აქ დიდი ხნის მანძილზე რჩებიან. რამდენი ხნით — ვერ გეტყვით“, — აღნიშნავს არტიომი, „ქოშინის“ თანადამფუძნებელი.

ავტომობილი ძველ თბილისში, საქართველოს&უკრაინის დროშებით და რუსეთის საწინააღმდეგო სტიკერით. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხიელ გვაძაბია

აქვე ისმის კითხვაც, რომელიც მიგრაციის გააქტიურების დასაწყისშივე აქტუალური იყო: ვინ რატომ მოდის რუსეთიდან საქართველოში.

„ჩამოსულთა აბსოლუტური უმრავლესობა ან პუტინის რეჟიმს გაურბის, ან იმიტომ [ჩამოდის], რომ სამუშაოს შენარჩუნება სურს.  ასეთი ხალხი საქართველოსთვის ძალიან სასარგებლოა, რუსეთისთვის კი ის, რომ [იქიდან] წამოვიდნენ, ცუდია“, — გვეუბნება მაქსიმ ივანცოვი.

თუმცა საკითხს საქართველოს მოქალაქეთა შორის ბევრი უფრო სკეპტიკურად უყურებს: ომის დაწყებიდან ისმის მოთხოვნები სავიზო რეჟიმის დაწესებაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის და საუბრები საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა ახლდეს ოკუპანტი სახელმწიფოდან მიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინებას.

მეორე მხრივ, არის კრიტიკაც, რომ სიმშვიდის საძიებლად ჩამოდიან და ბიზნესებს ხსნიან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ახლა კი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინაში.

„სწორი მიდგომა საქართველოს [მხრიდან] არის გაფილტვრა, ვინ და რატომ შემოდის, მაგრამ, [ამავდროულად], ჩამოსულის პოტენციალის გამოყენება“, — ამბობს მაქსიმი.

“გადაარჩინე მსოფლიო ერთი სროლით და მიიღე უფასო სასმელი” — თბილისის ერთ-ერთ ბართან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

როგორც ის აღნიშნავს რუსეთის მიერ წარმოებულ ომებზე საუბრისას, „იშვიათი, თუმცა სწორი“ პოზიციაა, რომ „პუტინმა დაიწყო ომი და არ არის საჭირო, რუს ხალხს დაეკისროს პასუხისმგებლობა“. მეორე მხრივ, ამბობს, რომ რთულია, რუსებისადმი სკეპტიციზმის გამო მიედავო ადამიანებს, რომელთაც ომი გამოიარეს.

„შპანას“ თანადამფუძნებელი დიანა ჟუკოვა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ესმის და გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება, თუმცა, არა დანაშაულს.

„ვფიქრობ, აქ ყოფნით უფრო დავეხმარები და ნაკლებ ზიანს მოვუტან ამ ქვეყნებს[უკრაინასა და საქართველოს]“, — გვეუბნება ის.

„იტაკა ბუკსის“ დამფუძნებელს, სტას გაივორონსკის სხვაგვარი პოზიცია აქვს.

“შეუძლებელია, როგორც ზოგიერთი [რუსეთის მოქალაქე] ამბობს, რომ ნახევრად უკრაინული სისხლი მაქვს და არაფერ შუაში ვარო. ესაა კოლექტიური დანაშაული, რომლითაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიცხოვროთ“.

თბილისში რუსებს შორის პოპულარული ადგილები კლიენტების სიმცირეს ნაკლებად უჩივიან; მათ შორის არც ბარი „პლოჰო“, რომლის თანადამფუძნებელიც ამბობს,  რომ მოხარული იქნება, თუ მიგრანტები შეძლებენ, დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას. თუმცა იქვე აღნიშნავს:

„ომი დღესაც რომ დამთავრდეს, ამ ხალხიდან ბევრი მაინც ვერ დაბრუნდება უკან. რუსეთმა ისინი უკვე სამუდამოდ დაკარგა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი