„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ.
ამის შესახებ მან დღეს, 15 მარტს, პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.
„თქვენი პარტიის ლიდერი ძალიან ბრიყვულად საუბრობს იმაზე, რომ როდესაც ჩვენ დღის წესრიგში ვაყენებთ რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობით შემოსვლის საკითხს, ეს ეთნიკური დევნის ელემენტების მატარებელია. ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აქვს შეკითხვა – რატომ გაიზარდა რუსეთიდან შემომავალი მოქალაქეების რაოდენობა და რას აპირებს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებოთ?
კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო ამ პრობლემას და მოვუწოდო ხელისუფლებას, უნდა ვიმსჯელოთ დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევა, ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და ხელისუფლებისგან იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც საზოგადოება ელოდება. ამიტომ ახლა პოლიტიკური მასკარადის მოწყობის ნაცვლად მოგიწოდებთ, ამ თემებზე ისაუბროთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. აღნიშნულის მიზეზებს შორის, ერთი მხრივ, რუსეთის შიგნით განსხვავებული აზრის გაძლიერებული დევნა და შესაძლო საომარი მდგომარეობისადმი შიში, მეორე მხრივ კი, დასავლური სანქციების გამო მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე თავის არიდება სახელდება.
ქვეყნის დატოვების მსურველი არაერთი ადამიანი ბოლო ან დროებით გაჩერებად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს ირჩევს: რიგ შემთხვევებში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, ისევე როგორც იმ რეისების ბილეთების ფასები, რომელთა მეშვეობითაც რუსებს საქართველოში მოხვედრა სურთ.
ამ ფონზე, ქართულ საზოგადოებაში გააქტიურდა დისკუსია, წარმოადგენს თუ არა ეს ვითარება საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის და როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ პოტენციურ გამოწვევას. ისმის მოსაზრებებიც, რომ კითხვები ლეგიტიმურია, თუმცა მიუღებელია ქსენოფობიური გამოვლინებები.