ნეტგაზეთი | “უთხარით დედას, რომ მიყვარდა” – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან “უთხარით დედას, რომ მიყვარდა” – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან – Netgazeti
ხანძრის ადგილი კემეროვოში. ფოტო: EPA/ ALEXANDER PATRIN/A42.RU

“უთხარით დედას, რომ მიყვარდა” – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც რუსული გამოცემები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერენ, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია.

27 მარტის დილას ქალაქის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა, რომლებიც ტრაგედიის დროულ გამოძიებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. ადგილზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, რომელმაც დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.

“ჩვენი შვილები იწვოდნენ. ჩვენ მხოლოდ ვუყურებდით”

ჯერ კიდევ ორი დღის წინ, 25 მარტს, დაღუპული ბავშვების მშობლებს თავიანთი შვილები სავაჭრო ცენტრის კინოთეატრში მშვიდად შეჰყავდათ. უკვე რამდენიმე საათის შემდეგ კი, ახლომდებარე სკოლის სპორტულ მოედანზე დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ელოდნენ ცნობებს.

მათ შორის ალექსანდრ და ოლგა ლილევიალები იყვნენ. ალექნსადრმა სამი ქალიშვილი, მათ შორის ყველაზე უმცროსი – 5 წლის – დარბაზში დააბინავა, თავად კი გადაწყვიტა, სეანსის დასრულებამდე მათ სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე დალოდებოდა. ფილმის დაწყებიდან ნახევარ საათში მას ერთ-ერთმა ქალიშვილმა დაურეკა და დახმარება სთხოვა, ვინაიდან ყველა კარი ჩაკეტილი იყო და უკვე დაკვამლიანებული დარბაზიდან გასვლას ვერ ახერხებდა.

“სანამ სართულებს შორის დავრბოდი, ვიღაცამ პირსახოცი მომაწოდა, რომლითაც სახე დავიფარე. როცა მეოთხე სართულს მივაღწიე, [დარბაზის] ფანჯარა ჩავამსხვრიე, რათა შიგნით მყოფთათვის პირველადი მოხმარების საგნები მიმეწოდებინა. შემდეგ გონება დავკარგე.

ხოხვა დავიწყე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ყოველგვარი ძალა გამომეცალა. იმდენად ბევრი კარბონ მონოქსიდი ჩავისუნთქე, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ჩემი ქალიშვილი კი მირეკავდა და მირეკავდა. ვუყვიროდი, რომ როგორმე დარბაზიდან უნდა გამოეღწია, თუმცა არაფრის გაკეთება შემეძლო. ჩემს წინ უკვე ცეცხლის ალი ტრიალებდა”, – უამბო ალექსანდრმა გამოცემა “მედუზას”.

მისივე თქმით, ადგილზე მისული მეხანძრეები არაორგანიზებულად მოქმედებდნენ, რამაც სამაშველო პროცესი გააჭიანურა:

“3 წუთი შენიღბვას მოანდომეს! როცა კინოთეატრისკენ მიმავალი უმოკლესი გზა ვუჩვენე, გამომყვნენ, თუმცა როცა ვიღაცამ უთხრა, რომ ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ცენტრალურ კიბესაც ეკიდა, მას გაყვნენ. ვუთხარი: მომეცით ერთი ნიღაბი, თავად გამოვიყვან მათ! მითხრეს, რომ არ შეეძლოთ და ყველაფერი რეგულაციების მიხედვით უნდა გაკეთებულიყო. ჩემი შვილები ამ დაწყევლილი რეგულაციების გამო დაიწვნენ”.

როცა მეუღლემ ხანძრის შესახებ ამცნო, სავაჭრო ცენტრთან ოლგა ლილევიალიც მალევე მივიდა.

“სანამ შენობაში ცეცხლი გიზგიზებდა, ექვსი საათის მანძილზე ვიდექით გარეთ. ერთხელაც არავინ მოსულა, რომ დაგვლაპარაკებოდა! დაახლოებით 05:30-ზე პოლიციამ შენობას კორდონი შემოარტყა. ოფიცრები უხეშად იქცეოდნენ. ჩვენ კი ქუჩაში, წინ და უკან დავრბოდით, სანამ ცენტრი იწვოდა. კვამლი ამოდიოდა, ჩვენი შვილები იწვოდნენ, ჩვენ კი უბრალოდ, ვუყურებდით”, – უამბო ოლგამ “მედუზას”.

ხანძარი კემეროვოში. ფოტო: EPA/ ALEXANDER PATRIN/A42.RU

ხანძარი კემეროვოში. ფოტო: EPA/ ALEXANDER PATRIN/A42.RU

“უთხარით დედას, რომ მიყვარდა!”

საბედისწერო დღეს, კემეროვოს სავაჭრო ცენტრის კინოთეატრში მოსწავლეთა ჯგუფიც იმყოფებოდა. ისინი ქალაქში  ახლომდებარე სოფლიდან მასწავლებელთან და რამდენიმე მშობელთან ერთად საგაზაფხულო არდადეგების გასატარებლად ჩამოვიდნენ.

კინოსეანსი არცთუ ისე დიდი ხნის დაწყებული იყო, როცა ევგენია ოგანესიანს დისშვილილმა, 12 წლის ვიკასგამ დაურეკა, რომელიც იქ ზემოაღნიშნულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. მან დეიდას ხანძრისა და კვამლის შესახებ უამბო და უთხრა, რომ გასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ყველა კარი ჩაკეტილი იყო.

“16:11-ზე დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. თქვა, რომ კინოთეატრის ყველა კარი დაკეტილი იყო და გამოსვლას ვერ ახერხებდა. ვეუბნებოდი, ვიკა, გაიხადე ტანსაცმელი და სახეზე აიფარე მეთქი. მიპასუხა: უთხარი დედას, რომ მიყვარდა. უთხარი ყველას, რომ მიყვარდნენ. კავშირი აქ გაწყდა. დარეკვას ვცდილობდი, თუმცა უკვე აღარავინ მპასუხობდა”, – უამბო ევგენიამ “კოსმოპოლსკაია პრავდას”.

ვიკა ხანძარს სხვა თანატოლებთან ერთად ემსხვერპლა.

ბიჭი, რომელიც მამამ გადაარჩინა

25 მარტს სავაჭრო ცენტრს სერიოჟა მოსკალეკოც ესტუმრა, მშობლებთან და ოთხი წლის დასთან ერთად. ისინი საგაზაფხულო ქუდის შესაძენად მაღაზიას ეძებდნენ. სათამაშო ოთახში იყვნენ, როცა შენობაში ცეცხლი გავრცელდა. დაბნეულობისა და პანიკისგან ოჯახის წევრები ცენტრის სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ.

გამანადგურებელ ხანძარს სერიოჟას დედა, მამა და პატარა და შეეწირნენ. ბიჭი მამის წყალობით გადარჩა, რომელმაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სხვა გზა რომ ვერ იპოვნა, ის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადააგდო.

სერიოჟა ასფალტზე დაცემისგან მიღებული დაზიანებებით ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. რუსული გაზეთის – “არგუმენტები და ფაქტები” – ცნობით, კემეროვოს მცხოვრებლებმა უკვე მიაგნეს სერიოჟას დეიდას.

“სიმართლე!”; “გადადექი“!” – კემეროველების პროტესტი, ოფიციალური პირების რეაქცია და რუსული მედია

ადგილობრივებმა კემეროვოს ქუჩებში გამოსვლა დილიდან დაიწყეს. საბოლოოდ, ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან თავი ათასობით ადამიანმა მოიყარა. “სიმართლე!”; “გადადექი!” – ესაა მოწოდებები, რომელთაც აქციაზე ყველაზე ხშირად მოისმენდით.

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში იმ დრომდე დარჩება, სანამ კემეროვოს ოლქის გუბერნატორი ამან ტულეევი თანამდებობას არ დატოვებს. ტრაგედიის ფონზე, მოქალაქეები მეტად აღაშფოთა ტულეევის შეფასებებმა  , რომელიც მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააჟღერა: ტულეევმა ქალაქის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს “სკანდალისტები” უწოდა და ადამიანური ტრაგედიით სპეკულირებაში დაადანაშაულა.

“ეს ოპოზიციური ძალები ამ ადამიანურ უბედურებაზე მოვიდნენ, დაიწყეს საცოხვრებლებში სიარული. დაახლოებით 200 ადამიანი გამოვიდა. ისინი საერთოდ არ არიან ამ ადამიანების[მოკლულების] ნათესავები. ისინი საერთოდ არავინ არ არიან. ისინი არიან ჩვეულებრივი სკანდალისტები. ვმუშაობთ მათთან და ვუხსნით, რომ ეს არის მკრეხელობა, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, ვიღაც თავისი “პრობლემების” მოგვარებას ცდილობს”, – აღნიშნა ტულეევმა და პუტინს მომხდარის გამო მოუბოდიშა.

მოქალაქეებში უკმაყოფილება კიდევ ერთი ოფიციალური პირის – კემეროვოს ვიცე გუბერნატორის გამონათქვამებმა გააჩინა. მან ბლოგერი იგორ ვოსტრიკოვი, რომელმაც ხანძრის დროს ცოლი, და და ორი შვილი დაკარგა, ტრაგედიის ფონზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მცდელობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ვიცე გუბერნატორმა მოქალაქეებს კვლავ მიმართა და ხანძრის გამო დაჩოქილმა მოუბოდიშა მათ.

რიგი გამოცემები და ბლოგერები ხაზს რუსეთის სახელმწიფო მედიის გულგრილობასაც უსვამენ, რომელიც მან ტრაგედიის პირველ საათებში გამოიჩინა: “მედუზას” ცნობით, რუსეთის “პირველმა არხმა” 25 მარტის ღამის გადაცემაში ხანძარი მეოთხე ამბად გააშუქა და მხოლოდ 3.5 წუთი დაუთმო მას. ამავე დღეს, “НТВ”-მ შუადღის გადაცემაში ხანძარს მხოლოდ 1 წუთი დაუთმო.

25 მარტისგან განსხვავებით, მეორე დღეს ფედერალური არხები კერემოვოდან ახალ ამბებს უწყვეტ რეჟიმში გადასცემდნენ.

კემეროვოს ტრაგედია – რა ვიცით ამ დროისთვის?

  • ხანძარი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში 25 მარტს, შუადღისას გაჩნდა.
  • ბოლო მონაცემებით, ხანძარს 64 ადამიანი შეეწირა. მათგან 41 ბავშვია. დაკარგულია 85 ადამიანი, მათ უმეტესობას, ასევე, ბავშვები შეადგენენ.
  • დღეს, 27 მარტს კემეროვოში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა, რომელმაც ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანა. მან მომხდარს “დანაშაულებრივი გულგრილობა” უწოდა.
  • კემეროვოს მცხოვრებლები 27 მატრტის დილიდან მართავენ აქციას, რომელზეც ტრაგედიაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. ისინი შეძახილებით შეხვდნენ ოფიციალური პირების მოწოდებას, დაშლილიყვნენ. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.
  • ხანძრის შემდეგ საგამოძიებო უწყებების თანამშრომლებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან სავაჭრო ცენტრის დირექტორი და დაცვის თანამშრომლები. მათ ბრალად უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა ედებათ.
  • საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ერთ-ერთმა პირმა სიგნალიზაცია გამორთო. ბლოკირებული იყო შენობის გასასვლელებიც.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან