ახალი ამბები

TI: აპრილ-ივნისში საქართველოში 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა

3 აგვისტო, 2022 • 1268
TI: აპრილ-ივნისში საქართველოში 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში დარეგისტრირდა 6 400-მდე რუსული კომპანია, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია.

ორგანიზაციის განცხადებით, მთლიანობაში, საქართველოში 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

TI-ის თქმით, საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად საქმიანობენ შვილობილი კომპანიების მეშვეობით. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირ ებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

„საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორების თქმით, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13 500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. TI-ის თქმით, აღნიშნული კომპანიების 74% 2018-2022 წლებში არის დარეგისტრირებული.

კვლევის მიხედვით, 2022 წლამდე, ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა – 1 180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

„2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში – 2,140 კომპანია , აპრილში – 1 563, მაისში- 1 351 და ივნისში – 1 175. ჯამში, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამგვარად, 2022 წლის მხოლოდ მარტი-ივნისში დარეგისტრირდა იმაზე 7-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში“, – ვკითხულობთ კვლევაში.

TI-ს თქმით, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 93% (5,990 ერთეული) ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 98%-ს არაქართული სახელი და გვარები აქვს.

კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი