საზოგადოება

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

2 სექტემბერი, 2022 • 1444
რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

„ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

თუმცა, მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სწორედ ნინო ლომჯარიას მაგალითზე ამბობდა, რომ ოპოზიციისთვის „არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლებოდა“.

შესაბამისად, „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა.

ამიტომ, ჩნდება კითხვა, რა მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელიც, ერთი მხრივ, ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატს არ ასახელებს, თუმცა მისი არჩევის წესს ცვლის?

რა ხდება?

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება. პარლამენტმა ლომჯარიას შემცვლელი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

თავის მხრივ, 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას გაცხადებული ჰქონდა, რომ ახალი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებდა და სექტემბრის დასაწყისში იმ კრიტერიუმებს წარმოადგენდნენ, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენი უნდა შერჩეულიყო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აპირებენ მხარი დაუჭირონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატურას. 2017 წელს ნინო ლომჯარიას კანდიდატურის ნომინირება სწორედ ამ გზით მოხდა. არასამთავრობოებმა 4 კანდიდატი შეარჩიეს, საიდანაც “ქართულმა ოცნებამ” ნინო ლომჯარიას დაუჭირა მხარი.

მესამე სექტორი ახლაც აღნიშნავს, რომ თავად უზრუნველყოფს დებატებს, რათა საზოგადოება მიერ შერჩეულ კანდიდატებს გაეცნოს შემდეგ კი რამდენიმე პირის ნომინირებას პარტიებს შესთავაზებენ, რის შემდეგაც შერჩეული პირების წარდგენა ოფიციალურად მოხდება პარლამენტში.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული პროცესის ალტერნატივა გააჩინა.

როგორც ნიკა სიმონიშვილი ნეტგაზეთთან აღნიშნავს, ეს ორი პროცესი ერთმანეთს გამორიცხავს.

კერძოდ, „ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებებით, ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეაფასებს, რომელიც 9 წევრით დაკომპლექტდება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შევლენ.

სწორედ ამ ჯგუფის შეფასებები და დასახელებული კანდიდატების სია წარედგინებათ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებს, რომლებსაც შეეძლებათ სიიდან შეარჩიონ და დაასახელონ კანდიდატები, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა ვინ შევა შეფასების სამუშაო ჯგუფში. როგორც უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა სამომავლო კონსულტაციების თემაა და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გამოთქვამს მასში მონაწილეობის სურვილსა და თანხმობას.

თუმცა, ცვლილებების წარდგენისას გაირკვა, რომ „ოცნება“ „სამართლიან არჩევნებს“(ISFED) არც ამ ჯგუფის წევრად მოიაზრებს. ორგანიზაციას, რომელიც მანამდე „ოცნების“ გადაწყვეტილებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფშიც დაიბლოკა.

აღნიშნული ჯგუფიდან ISFED-ის გამორიცხვა კი მასში მონაწილეობაზე თავშეკავებისგან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აფიქრებს და პროცესის მიმართ კითხვებს უჩენს.

იყო თუ არა საჭირო ომბუდსმენის არჩევის წესის შეცვლა?

საიას თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის თქმით, ქვეყანას ომბუდსმენის არჩევის კარგი გამოცდილება ჰქონდა, რომელსაც პარტნიორებიც იწონებდნენ და „ოცნებას“ უბრალოდ შეეძლო არსებული წესი გამოეყენებინა.

შესაბამისად, როგორც საია-ს თავმჯდომარე ამბობს, ცვლილებების ინიციირება არა არსებული წესის შეცვლის აუცილებლობამ, არამედ „ქართულ ოცნების“ საჭიროებამ განაპირობა, რადგან ხელისუფლებას პროცესის წიაღშივე მართვა სურდა.

სიმონიშვილის თქმით, ვინაიდან ხელისუფლება ამას სამოქალაქო სექტორში ვერ გააკონტროლებდა, აღნიშნული კონსტრუქცია მოიფიქრა და არსებული წესი შეცვალა. სავარაუდო ფორმულა კი ასეთია:

“ოცნება” ომბუდსმენობის კანდიდატს თავად არ დაასახელებს, თუმცა შემფასებელ საბჭოს იმგვარად დააკომპლექტებს, რომ მან მისთვის სასურველი კანდიდატები წარუდგინოს პარლამენტარებს. ამის შემდეგ პარლამენტში ოცნების მოკავშირე დეპუტატები მმართველი გუნდის სასურველ კანდიდატს კენჭისყრაზე დააყენებენ და საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს თან ისე, რომ ფორმალურად ეს მის მიერ დასახელებული კანდიდატი არ იქნება.

“თითქოს „ქართული ოცნება“ ამბობს, მე არ ვასახელებ კანდიდატებსო, მაგრამ „ოცნების“ დასახელებული პირები დაასახელებენ ამ კანდიდატებს. რაც კანდიდატების შერჩევის პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან არაპირდაპირი ჩარევის შესაძლებლობას უშვებს და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დასახელდეს კანდიდატი ან კანდიდატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს და რომლის კონსენსუსით დანიშვნის შესაძლებლობა შეიძლება არ არსებობდეს“, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

ნიკა სიმონიშვილი

სიმონიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ სასურველი კანდიდატი ისევ მმართველი პარტიისგან “განდგომილების” საშუალებით დაასახელოს ან სხვა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მოიძებნოს, რომელიც ამ საქმეს „ქართულ ოცნებას“ გაუკეთებს.

„ის რომ რაღაც პირდაპირ არ კეთდება, არ ნიშნავს, რომ ამას „ქართული ოცნება“ არ აკეთებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ გავიხსენოთ, ისინი სალომე ზურაბიშვილზეც ამბობდნენ ჩვენი კანდიდატი არ არისო, თუმცა მის ბანერებზე ჩვენ ვნახეთ მაშინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე ერთია რას აკეთებს პირდაპირ „ქართული ოცნება“ და მეორეა როგორ ახდენს პროცესებზე გავლენას არაპირდაპირ“, – ამბობს სიმონიშვილი.

საიას თავმჯდომარის თქმით, სამოქალაქო სექტორის გავლით კანდიდატების წარდგენა მნიშვნელოვანი იყო იმის გამოც, რომ „არავისი კანდიდატი იქნებოდა“ და კონსენსუსისთვის უფრო მეტი სივრცე დარჩებოდა.

„იმისთვის, რომ კარგი კანდიდატები იყვნენ წარდგენილი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფილტრი. როდესაც ასეთ ჯგუფში გაივლიან [ფილტრს] ეს კანდიდატები, ისინი ვერ იქნებიან ისე გაცხრილულები, როგორც ეს რეალურად საჭიროა. შესაბამისად, მინიმუმ ერთი კანდიდატი მაინც იქნება, რომელიც ხელისუფლებას აწყობს და რა თქმა უნდა, ეს კონსენსუსის სივრცეს გამორიცხავს“, – ამბობს სიმონიშვილი.

„ოცნების“ მიერ წარდგენილი ცვლილებებით სამოქალაქო საზოგადოების როლის დავიწროებას ხედავს „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძეც. მისი თქმით, ომბუდსმენობის კანდიდატის შესაფასებლად ისეთი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც ყველა ვერ იქნება ჩართული, კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ჩვენ გვქონია სხვადასხვა დონეზე გამოცდილება, როდესაც კომისიები თუ ასეთი ჯგუფები ისე დაკომპლექტდა, რომ შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არც ისე ინკლუზიური და დამოუკიდებელი იყო“, – ამბობს ნინო დოლიძე ნეტგაზეთთან და დასძენს, რომ მათი ორგანიზაციის არც ამ ჯგუფში დაშვებით „ოცნება“ კიდევ ერთხელ არღვევს ევროკომისიის რეკომენდაციების იმ პუნქტს, რომელიც პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს.

ნინო დოლიძე

დოლიძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სურვილი იყო, რომ ომბუდსმენის არჩევის არსებული ტრადიცია გაგრძელებულიყო და კანდიდატები სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეულიყო.

თუმცა, ნინო დოლიძის აზრით, „ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები იმას ემსახურება, რომ ომბუდსმენის პოზიციაზე მმართველი გუნდისთვის სასურველი კანდიდატის არჩევა მოხდეს.

„მიუხედავად საჯარო პოზიციონირებისა, რომ “ოცნება” კანდიდატის წარდგენას არ აპირებს და შეიძლება ეს ოფიციალურად ასეც იყოს… მაგრამ ჩვენ მოგვისმენია განცხადებები, მაგალითად ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით, როდესაც მათ უთქვამთ, რომ აღარ დაუშვებენ ასეთი ტიპის სახალხო დამცველის არჩევას და ა.შ.

ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ კანდიდატი არ დაასახელოს, მაგრამ ჰყავდეს მოაზრებული ისეთი კანდიდატი, რომლის არჩევაც მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა“, – ამბობს ნინო დოლიძე.

“პროცედურებზე აქცენტით საკითხი მთლიანად იჩრდილება”

პროცედურებზე აქცენტით მთავარი საკითხის უკანა პლანზე გადაწევის რისკზე საუბრობს „სოციალური სამართლიანობის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე.

როგორც იმნაძე ნეტგაზეთთან ამბობს, სახალხო დამცველის შემთხვევაში მთავარი საკითხი ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსია და თუ მთლიანი აქცენტი პროცედურებზე იქნება გადატანილი, შეიძლება შეიქმნას იდეალური პროცესი, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან პრობლემური გადაწყვეტილებები.

„ამის ძალიან კარგი მაგალითია სასამართლო, სადაც უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში ჩვენ მუდმივად გვქონდა პროცედურებზე აქცენტი და პარლამენტი მუდმივად ახალ-ახალ დეტალებს აზუსტებდა კანონმდებლობაში, თუ როგორი უნდა იყოს კანდიდატების შერჩევის პროცესი, მაგრამ შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა. ხარისხობრივად უფრო უარესი შედეგებიც მივიღეთ ამ განახლებული პროცედურებით“, – აცხადებს გურო იმნაძე.

მისი თქმით, აქცენტი და ფოკუსი საბოლოო გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს და არა კანდიდატთა ნომინირებაზე, რადგან მნიშვნელოვანია თუ რა ლოგიკით და მიდგომებით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ყველა საპარლამენტო სუბიექტი.

„დანარჩენი რას ემსახურება, ამაზე სპეკულაციები შეიძლება, ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ესეც იყოს, რომ კანდიდატების არწარდგენით „ოცნება“ ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას. ყველა პროცესში შეიძლება იყვნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ორგანიზაციები ჩართული, მათი მიერ მოხდება კანდიდატის ნომინირება და მერე უკვე „ქართული ოცნება“ ერთი შეხედვით თითქოს სხვა სუბიექტის მიერ ნომინირებულ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

ამიტომ ნომინირების საკითხი ნამდვილად არ არის წამყვანი ამ შემთხვევაში. ჩვენთვის ეგეც არ იქნებოდა პრობლემა, თუკი „ქართული ოცნებაც“ წარადგენდა კანდიდატს, მთავარია როგორი კანდიდატებს გაუკეთებდა ნომინირებას და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას რა ლოგიკით და არგუმენტაციით მიიღებს“, – ამბობს გურო იმნაძე.

თუმცა არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, იმნაძეც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ინიციირებული შეფასების სამუშაო ჯგუფის აზრი ბუნდოვანი.

„იმიტომ, რომ საბოლო ჯამში მთავარი საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის, თუ რამდენად აქვს პოლიტიკური მზაობა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები გვერდზე გადაწიოს და იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი უფლებრივი სტანდარტებით.

ამას ჯერჯერობით ეს შემოთავაზებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს და პირიქით, შეიძლება უფრო მეტად ქმნიდეს განცდას და ილუზიას, რომ რაღაცები უფრო მეტად გამჭვირვალე და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც შეიძლება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არა პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ისევ პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით იყოს მიღებული“, – აცხადებს იმნაძე.

როგორ გაგრძელდება სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმის პარალელურად „ოცნებამ“ ახალი პროცედურები წარადგინა, ჯერ უცნობია. როგორც ნეტგაზეთთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ამ საკითხზე კონსულტაციებს გაივლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი