გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი “სრულიად აბსურდული” მიზეზებით დაიწყო. გერმანული “დოიჩე ველეს”(DW) ცნობით, შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ “ნატო” არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის.
ამ საკითხზე კანცლერმა ბერლინში, ფედერალური მთავრობის ღია კარის დღეზე საჯარო დიალოგის დროს ისაუბრა. მისი განცხადებით, ომის დაწყებამდე მოლაპარაკებების დროს დაარწმუნა პუტინი, რომ უკრაინა არ შეუერთდებოდა “ნატოს” “მომდევნო 30 წლის განმავლობაში”.
მიუხედავად ამისა, შოლცის სიტყვებით, პუტინს “სრულიად აბსურდული” იდეები ჰქონდა: მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ ბელარუსი და უკრაინა რეალურად არ უნდა იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
მოსკოვი წლების განმავლობაში ადანაშაულებს “ნატოს” აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებაში რუსეთის ინტერესების საზიანოდ.
DW-ს მიხედვით, შოლცი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს ომი 24 თებერვლამდე გაცილებით ადრე დაგეგმა.
“ეს არის ომი, რომელიც პუტინმა, რუსეთმა დაიწყო, მისი მეზობელი ქვეყნის დაპყრობის აშკარა განზრახვით. ვფიქრობ, ეს იყო თავდაპირველი მიზეზი”, — აღნიშნა კანცლერმა.
რუსეთი ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული, თუმცა, შოლცის თქმით, ბუნდოვანია, ასე გაგრძელდება თუ არა და, შესაბამისად, დათმობა არ არის გონივრული სტრატეგია.
“პუტინს რეალურად ჰქონდა იდეა, რომ ფლომასტერი გაეტარებინა ევროპის მიწის გარშემო, შემდეგ კი ეთქვა: „ეს ჩემია და ეს შენია“ “, – თქვა შოლცმა და დასძინა, რომ გერმანია ამას ვერ დათანხმდება.
თუმცა გერმანიის კანცლერმა იქვე გაუსვა ხაზი, რომ პუტინთან დიალოგს არ შეაჩერებს.
ამავე შეხვედრაზე შოლცს ჰკითხეს, რატომ არ აწვდის გერმანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს, რის საპასუხოდაც კანცლერმა ჩამოთვალა იარაღის ტიპები, რომლებიც ბერლინმა კიევს უკვე მიაწოდა ან მომავალში მიაწვდის.
“გერმანია [უკრაინას] აწვდის უამრავ იარაღს” და “ამავდროულად არის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესში”, — ხაზი გაუსვა შოლცმა.
თუმცა, კანცლერის თქმით, დღის წესრიგში ასევე დგას იმის “უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს ომის ესკალაცია”.
შოლცმა ისაუბრა Gepard-ის ტიპის საზენიტო-საარტილერიო სისტემის, Panzerhaubitze 2000-ისა და მრავალი სარაკეტო გამშვების შესახებ, რომლებიც უკრაინას უკვე მიაწოდეს. მან ასევე ახსენა Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და Cobra-ს ტიპის საარტილერიო რადარები, რომლებიც, კანცლერის სიტყვებით, მალე ჩავა უკრაინაში.
შოლცის განცხადებით, გერმანია გააგრძელებს უკრაინისათვის იმ რესურსების მიწოდებას, რომლებიც ამ უკანასკნელს თავდაცვისათვის სჭირდება.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
მომზადებულია DW-ს მიხედვით