საზოგადოება

5 მაღალსართულიანი კორპუსი სარეკრეაციო სივრცის ნაცვლად — მოსახლეობის პროტესტი მუხიანში

22 ივლისი, 2022 • 3049
5 მაღალსართულიანი კორპუსი სარეკრეაციო სივრცის ნაცვლად — მოსახლეობის პროტესტი მუხიანში

მუხიანში, ალეკო გობრონიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებული დიდი მდელოს გადარჩენას ცდილობს. სამეზობლოსთვის ეს უბრალო მდელო არ არის — ეს არის სოციალური თუ სპორტული თავყრილობის ერთ-ერთი მთავარი წერტილი მუხიანში.

საუბარში მეზობლები აუცილებლად გეტყვიან, რომ სწორედ ამ მდელომ გადაარჩინა ისინი პანდემიის დროს, რადგან ტრანსპორტის არარსებობისა და თვითიზოლაციის დროს ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც „ფეხის გაშლა“ შეეძლოთ.

სარეკრეაციო სივრცე მუხიანში, ალეკო გობრონიძის 22-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამ ტერიტორიაზე კომპანია გეგმავს ხუთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას. სამეზობლო ამბობს, რომ თუ ეს ასე მოხდა, ისინი დაკარგავენ არა მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიას, არამედ შანსსაც, რომ მუხიანს ჰქონდეს ერთი დიდი ცენტრალური პარკი.

„ასე მგონია, ჩემს სახლს მართმევენ“

გობრონიძისა და მიმდებარე ქუჩის მოსახლეობა მდელოსთან (რომელსაც სიონსაც ეძახიან) 21 ივლისს დილიდან შეიკრიბა. აქ დილის საათებში უცხო პირები მოვიდნენ და სამშენებლო ღობის მიმდებარედ დადგნენ. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ შავმაისურიანი უცხო პირები კომპანიის მიერ არიან დაქირავებულები.

დილიდანვე ეზოში მიმდებრე კორპუსის მცხოვრებლები შეიკრიბნენ. იხსენებენ, რომ დაიწყეს ხმაური, ადგილზე მოვიდა პოლიციაც.

ნეტგაზეთი ადგილზე დაახლოებით დღის ორის ნახევარზე მივიდა. ამ დროისთვის დაუსრულებელ სამშენებლო ღობესთან რამდენიმე პოლიციელი იდგა, კორპუსის ეზოში კი, მოსახლეობა. აქვე გავიცანით ირინა გოგრიჭიანი, რომელიც 45 წელია აქ ცხოვრობს. მან გვითხრა:

„აქ სულ იყო სტადიონი, იყო სპორტული კომპლექსი, რომლითაც სარგებლობდა მუხიანის მთლიანი მოსახლეობა — ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი მოხუცები. მაგრამ რამდენჯერმე გადაიყიდა ეს ტერიტორია, საბოლოოდ კი ახლა გაიყიდა ერთ-ერთ კომპანიაზე.

დაგეგმილ მშენებლობას მოსახლეობა ვაპროტესტებთ და გავაგრძელებთ კიდეც ამ პროტესტს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

გახედეთ, ახლაც კი თამაშობენ იქ ბავშვები. მუხიანს არ გააჩნია სხვა არცერთი ალტერნატიული ტერიტორია, სადაც ჩვენი შვილები გავლენ და გახალისდებიან.  ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ადგილას გაშენდეს სკვერი, სპროტული კომპლექსები, კეთილმოეწყოს ეს ადგილი, როგორც ამას დაგვპირდა ბატონი კახა კალაძე და ჩვენი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე. პირობას, რომელსაც არჩევნების წინ დებენ, შესრულება სჭირდება. ნუთუ არ ვიმსახურებთ, რომ გვქონდეს ნორმალური პარკი?!“

ირინა გოგრიჭიანი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ირინა გვიყვება, რომ მათთან მერიისა და გამგეობის არცერთი წარმომადგენელი არ მისულა – „ვიბრძვით ჩვენი ნერვების ფასად, არ დავთმობთ ამ ტერიტორიას“.

„ამ კორპუსებში დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს. აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, აქ გაიზარდა ჩემი შვილიც. კოვიდის დროს ამ ადგილმა გადაგვატანინა. ჰაერს ვყლაპავდით, გამოვდიოდით. ასე მგონია, ჩემს საკუთარ სახლს მართმევენ და მაგდებენ სახლიდან, იმდენად მტკივვნეულია ამ ტერიტორიის დაკარგვა“, – ამბობს ირინა გოგრიჭიანი ნეტგაზეთთან.

მუხიანი ადრე და ახლა. ფოტო FB-ზე გამოაქვეყნა მოძრაობამ „ჩემი ქალაქი მკლავს“.

მდელოსთან მომიჯნავე კორპუსში ცხოვრობს 12 წლის ანა ტალახაძის ბებია. დღეს დაგეგმილ მშენებლობას მოზარდიც აპროტესტებდა. ის გვიყვება, რომ ძალიან ხშირად რჩება ბებიასთან და ძმასთან ერთად ამ ადგილას თამაშობს. კითხვაზე, რატომ აპროტესტებს მშენებლობას, ანა გვპასუხობს:

„იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღე ჩამოვდივარ და ვვარჯიშობ. აქ რომ აშენდება ეს შენობები, ჰაერიც დაბინძურდება, უფრო ბევრი მანქანა ივლის, დავკარგავთ ხედს, აღარ იქნება ჰაერი ისეთი სუფთა. ძალიან ცუდია… ვეღარც ვივარჯიშებ“.

ანა ტალახაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ძაღლ ტორისთან ერთად მშენებლობას ეწინააღმდეგება ანა ფალავანდიშვილიც, რომელიც მოპირდაპირე ქუჩაზე ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ მუხიანში ეს ადგილი საერთო შეკრებისაა, შესაბამისად, მომიჯნავე ქუჩებიდანაც მოსახლეობა განტვირთვისთვის აქ მოდის.

„პირველ რიგში, ეს არის ერთადერთი ასეთი ტერიტორია, მსგავსი ტერიტორია არ გვაქვს, რომელსაც ასეთი დიდი პოტენციალი აქვს. აქ შეიძლება როგორც სტადიონის, ისევე სკვერის, ასევე ძაღლების პარკის გაშენება, თუნდაც საცურაო კომპლექსისი აშენება… ეს ადგილი, შეიძლება ითქვას, რომ არის მუხიანის გული — ახლოს მდებარე ქუჩებიდან ყველა აქ ვიკრიბებით.

კოვიდის პერიოდში მოვიყვანე ჩემი ძაღლი და ეს იყო სივრცე, სადაც შევძელი მისი გაზრდა, გასეირნება, თამაში“, — ამბობს ანა.

„მეც მაქვს მშვიდად თამაშის უფლება“ — წერია ტორის პლაკატზე.

ანა ფალავანდიშვილი ტორისთან ერთად. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კორპუსში, რომელიც „სიონს“ გადაჰყურებს, უკვე 20 წელია ცხოვრობს ხათუნა ბარაბაძე. ის ამბობს, რომ მოსახლეობა მდელოზე სისხამ დილით იკრიბება და ვარჯიშობს, მათი ნაკადი კი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება.

„პანდემიის პერიოდი რომ იყო, განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენით ამ სივრცის მნიშვნელობა. ზამთრის პერიოდში დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ფარნებით დავდივართ ირგვლივ, ვსეირნობდით.

დაახლოებით 2004 წლიდან ყოფილა თურმე საუბარი იმაზე, რომ აქ კორპუსი აშენებულიყო. შიგადაშიგ იყიდებოდა ტერიტორია, ხდებოდა გადაყიდვა. ბოლო ინვესტორს, როგორც ვიცი, 7 კორპუსის ჩადგმა უნდა… ეს საშინელებაა, რომ მოხდეს. აქ მთელი მუხიანიდან იკრიბება ხალხი, ასაკობრივი ზღვარი აქ მომსვლელების იწყება თვეებიდან“, — დასძენს ის.

ხათუნა ბარაბაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მუხიანის მეზობლობას მხარს უჭერს და ეხმარება მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ . შაბათს, 20:00 საათზე აქ აქცია გაიმართება, მთავარი მოთხოვნა  მუნიციპალური პარკის შექმნაა.

რას აპირებს კომპანია?

საგზაო მხრიდან ტერიტორია ნაწილობრივ შემოსაზღვრულია სამშენებლო ღობით. სამეზობლო ამბობს, რომ კომპანიას არ მისცეს მეტი ფართობის შემოსაზღვრის საშუალება.

ღობეზე ჩანს 5 მაღალსართულიანი შენობების ე.წ. რენდერები ანუ ფოტომონტაჟები. ხუთივე შენობა აქ უნდა აშენდეს.

სამშენებლო ღობე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელ და ბიზნესზონებს უნდა მოიცავდეს, ჯერ კიდევ 2019 წელს დაამტკიცა თბილისის საკრებულომ. 2021 წელს კი მერიის არქიტექტურის სამსახურმმა გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ასევე მითითებულია საინფორმაციო დაფაზე.

დაფისა და პროექტის მიხედვით, მდელოზე შენობები ამგვარად  უნდა გადანაწილდეს:

2022 წელს ტერიტორიას შეეცვალა მფლობელი. შესაბამისად, ამიერიდან სამართლებრივ აქტებში, შპს „დი დი ჯის“, შპს „ლენდ ინვესტის“, სს „ემსი ფროფერთის“ ნაცვლად დამკვეთად დაფიქსირდება შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნესჯგუფი“.

„საქართველო-ისრაელის ბიზნესჯგუფის“ 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე ბესიკ პაპისმედოვია, ხოლო მეორე ნახევარი ეკუთვნის შპს „ორენ გრუპ ჰოლდინგს“. თავის მხრივ, ჰოლდინგის 100%-იანი წილის მფლობელი ისრაელში რეგისტრირებული კომპანიაა.

ნეტგაზეთის კითხვების საპასუხოდ მერიამ დამატებითი დეტალების მოწოდებისგან თავი შეიკავა. ჩვენს შეტყობინებას არ უპასუხა არც გლდანის რაიონის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი