საზოგადოება

საქართველო არაა ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის

14 ივლისი, 2022 •
საქართველო არაა ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის

40-ზე მეტი ქვეყანა ავრცელებს ერთობლივ განცხადებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ.

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის საფუძველზე, მიმართა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც 16 მარტს გამოსცა დროებითი ღონისძიება და რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.

ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი სახელმწიფოები და ევროკავშირი რუსეთს დაჟინებით მოუწოდებენ, შეასრულოს დროებითი ზომების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა დავის მხარეებისთვის.

„სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის ბრძანების შეუსრულებლობა წარმოადგენს რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შემდგომ დარღვევას… ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით უკრაინის ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და სასამართლოს შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნდამენტური ფუნქცია, დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობით“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენოციდის კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ინტერესშია, რომ არ მოხდეს კონვენციის ბოროტად გამოყენება.

„სწორედ ამიტომ, წინამდებარე დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის კონვენციის მხარეები, აპირებენ ჩაერიონ ამ პროცესებში. ამ საქმეში წამოჭრილი სერიოზული კითხვების გათვალისწინებით და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შორს მიმავალი შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა შეძლონ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გაუზიარონ ზოგიერთი არსებითი დებულების თავიანთი ინტერპრეტაცია. რუსეთი პასუხისმგებელია მის ქმედებებზე. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას, და დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო რეპარაციას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიკვლიოს ყველა ვარიანტი, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას სასამართლოს წინაშე მის წარმოებაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ალბანეთი
  2. ანდორა
  3. ავსტრალია
  4. ავსტრია
  5. ბელგია
  6. ბულგარეთი
  7. კანადა
  8. ხორვატია
  9. კვიპროსი
  10. ჩეხეთი
  11. დანია
  12. ესტონეთი
  13. ფინეთი
  14. საფრანგეთი
  15. გერმანია
  16. საბერძნეთი
  17. ისლანდია
  18. ირლანდია
  19. იტალია
  20. იაპონია
  21. ლატვია
  22. ლიეტუვა
  23. ლუქსემბურგი
  24. მალტა
  25. მარშალის კუნძულები
  26. მოლდოვა
  27. მონაკო
  28. მონტენეგრო
  29. ნიდერლანდები
  30. ახალი ზელანდია
  31. ჩრდილოეთ მაკედონია
  32. ნორვეგია
  33. პალაუ
  34. პოლონეთი
  35. პორტუგალია
  36. რუმინეთი
  37. სან მარინო
  38. სლოვაკეთი
  39. სლოვენია
  40. ესპანეთი
  41. შვედეთი
  42. გაერთიანებული სამეფო
  43. აშშ
  44. ევროკავშირი

განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მანამდე, 40-მდე ქვეყანასთან ერთად, მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით.

უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს ჰააგაში, როგორც გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC).

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რატომ არ არის საქართველო ICJ-ში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერებს შორის. საგარეო უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ირწმუნება, რომ განცხადებაზე ხელმოწერის წინააღმდეგი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

„მოგმართავთ საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს, აპირებთ თუ არა შეუერთდეთ უკრაინის ამ სარჩელს, რომელსაც უკვე 40 სახელმწიფო შეუერთდა?! ჩემი ინფორმაციით, საკითხი პირადად პრემიერს და მის კანცელარიას აქვს გაჭედილი. სამარცხვინოები ხართ“, — მიმართავს უგულავა პრემიერ-მინისტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი