საზოგადოება

უკრაინელი ცოლ-ქმარი “აზოვსტალში” მუშაობის შემდეგ რუსთავის ქარხანაში დასაქმდა

8 ივლისი, 2022 •
უკრაინელი ცოლ-ქმარი “აზოვსტალში” მუშაობის შემდეგ რუსთავის ქარხანაში დასაქმდა

ცოლ-ქმარი ელენა და ოლექსანდრ კოჩმარები უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაში 30 წელზე მეტი მუშაობდნენ, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, სხვა უკრაინელების მსგავსად, მათი ცხოვრებაც შეიცვალა. საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ახალი სამსახური რუსთავში, შპს “რუსელოისის” ფეროშენადნობთა ქარხანაში დაიწყეს. საკუთარი ამბავის შესახებ ისინი ნეტგაზეთთან ჰყვებიან:


გზა მარიუპულიდან რუსთავამდე

“ომამდე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ცხოვრება საქართველოს ამ ქალაქში გაგრძელდებოდა. აქამდე საქართველოც არ გვქონდა ნანახი. ისე კი მუდამ ვოცნებობდით საქართველოს კურორტებზე დასვენებაზე – ბათუმში, ბორჯომში. დღეს კი საქართველო ჩვენი სახლი გახდა. სხვა სახლი უკვე აღარ გვაქვს.

24 თებერვლამდე, როცა საშინელებათა ან ომზე ფილმებს ვუყურებდი ხოლმე საღამოობით ტელევიზორთან, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ იგივე სიუჟეტების გმირი მეც გავხდებოდი – გამოვდიოდი ღამით ქუჩაში და ყველაფერი ცეცხლის ალში იქნებოდა გახვეული, ჩემ გარშემო კი- გვამები..

ჩვენი საცხოვრებელი კორპუსები “აზოვსტალთან” ძალიან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ ყველა ჭურვის და თვითმფრინავის ობიექტი ვიყავით. პრაქტიკულად ძალიან მალე ყველაფერი დაინგრა, აფეთქებებმა სახლში ფანჯრები გამოანგრია, ყინავდა ისე, როგორც გარეთ. რამდენიმე დღეში მეზობლებთან ერთად “ბუნკერში” ჩავედით. არ გვქონდა არც ელექტროენერგია, არც ინტერნეტი, რა ხდებოდა გარშემო, ისიც არ ვიცოდით”, – ამბობს ოლექსანდრ კოჩმარი.

ოლექსანდრ კოჩმარი; ფოტო: ნეტგაზეთი

ოლექსანდრ კოჩმარი; ფოტო: ნეტგაზეთი


“ერთ დღეს, როდესაც უკანასკნელი პროდუქტით საჭმელს ეზოში შეშაზე ვაკეთებდი, ჭურვი მოფრინდა, რომელმაც კორპუსის მინები ჩამოამსხვრია და ეს ნამსხვრევები საჭმლის ქვაბში ჩაიყარა. მეორე ქურაზეც საჭმელი მედგა. ვიფიქრე, ამას მაინც გადავარჩენ-მეთქი და მთელი ძალით ვწვდი ცხელ ტაფას. მხოლოდ რამდენიმე წამში გავაცნობიერე, რომ ხელები სულ დამწვარი მქონდა”.

ომიდან რამდენიმე კვირაში ყველა რესურსი ამოგვეწურა. ყოველდღიურად უფრო საშიში იყო დარჩენა. ჩვენ და კიდევ რამდენიმე მეზობელმა უსაფრთხო დრო შევარჩიეთ [ვიცოდით, რომ ორი ჭურვის შემდეგ ცოტა ხანს სიმშვიდე იქნებოდა] და გავიქეცით ტყე-ტყე. რამდენიმე დღე გზაში ვიყავით იქამდე, სანამ რუსეთის საფილტრაციო ბანაკში მოვხვდით. სიცივეში, გაყინულ დარბაზში ასობით ადამიანს რამდენიმე დღე-ღამე მოგვიწია ყოფნა. იყო რთული დაკითხვა, აინტერესებდათ, სად ვმუშაობდით, გვყავდა თუ არა ვინმე ახლობელი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სად მივდიოდით და ა.შ. ჩვენ მოვიტყუეთ, რომ როსტოვში ნათესავები გველოდნენ და გამოგვიშვეს. მერე უკვე ვლადიკავკაზიდან საქართველოში მოვხვდით”.

რუსთავი

ჩვენთან ერთად გზაში კაცი მგზავრობდა, რომელსაც ახლობელი უნდა დახვედროდა საქართველოში. ჩვენ ძალიან დაბნეული ვიყავით, არ ვიცოდით, თავიდან ვისთან უნდა მივსულიყავით. ამ კაცმა კი თქვა, რომ რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროში შეუძლია ჩვენი მიყვანა, სადაც უკრაინელი ბიზნესმენი ეხმარებოდა უკრაინელებს განთავსებაში. მართლაც, სასტუმროში უპრობლემოდ მოგვიღეს.

რამდენიმე დღეში რუსთავში კაცი გავიცანით ქუჩაში, რომელსაც მოვუყევით ჩვენი ისტორია და ის, რომ “აზოვსტალში” 30-ზე მეტია ვმუშაობდით. მან კი თქვა, რომ რუსთავშიც არის მსგავსი ქარხნები და დაელაპარაკება ერთ-ერთი ფეროშენადნობთა ქარხნის, “რუსელოისის” წარმომადგენელს და “ვნახოთ,  რა გამოვაო”.

ძალოან მალე გასაუბრებაზე დაგვიბარეს და სამსახურში აგვიყვანეს. სასტუმროში ცხოვრების ათი დღის განმავლობაში უკვე სამსახური გვქონდა, ეს ძალიან დიდი გამართლებაა. ჩემს ქმარს თავისივე პროფესიით მოუწია მუშაობის დაწყება. მე დამლაგებლად ვმუშაობ აქ.

“აზოვსტალში” მემანქანედ ვმუშაობდი. ხელფასები მეტი გვქონდა, დაახლოებით სამჯერ მეტი. წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთაც შეგვეძლო წასვლა და დასვენება. ომამდე ერთი თვით ადრე ეგვიპტეში ვისვენებდით.

მე ყოველთვიურად ხელფასი 360, ხოლო ჩემს ქმარს 770 ლარი ერიცხება. ბინას აქვე ახლოს 650 ლარად ვქირაობთ. დანარჩენი გადასახადებში და საჭმლისთვის უნდა ვიმყოფინოთ. ჩვენთან ერთად ჩვენი შვილიც ცხოვრობს. მან წელს დაამთავრა სკოლა და აბიტურიენტია. ომამდე გეგმავდა, რომ ხარკოვში ან ოდესაში საზღვაო სასწავლებელში ჩააბარებდა. ახლა საქართველოში უნდა ჩაბარება საზღვაო აკადემიაში, მაგრამ როცა გავიგეთ, რომ 4500 ლარი ღირს სწავლა, ძალიან შევწუხდით. ამდენი რომ შევაგროვოთ, რამდენიმე თვე არ უნდა ვჭამოთ”.

ოლექსანდრ კოჩმარი და ელენა კოჩმარი; ფოტო: ნეტგაზეთი

ოლექსანდრ კოჩმარი და ელენა კოჩმარი; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი