საზოგადოება

საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა – რატომ?

12 მაისი, 2022 • 2079
საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა – რატომ?

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სიტყვით გამოსვლებში ხშირად უსვამენ ხაზს იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანამ უკრაინელ ლტოლვილებს გაუწია.

თუმცა დღემდე არ არსებობს საქართველოში მყოფი ათასობით უკრაინელი ლტლოვილის დახმარების ერთიანი, სისტემატიზებული სამთავრობო გეგმა.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ლტოლვითა დაბინავებაა,  საკითხს ჯერჯერობით მუნიციპალიტეტები კურირებენ. თუმცა მათი რესურსი ამოწურვადია და ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ 1 თვით. ამის შემდეგ კი უკრაინელები კერძო ინიციატივების იმედად რჩებიან ან ქვეყანას ტოვებენ.

„საცხოვრებლის პრობლემის გამო გერმანიაში გვიწევს წასვლა“

ხარკოველი კატერინა მალიკი ქმართან ერთად საქართველოში 26 თებერვალს ჩამოვიდა. ომის დაწყებამდე სამოგზაუროდ იყო წასული, თუმცა უკან, სამშობლოში – სადაც ამ დრომდე იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები – ვეღარ დაბრუნდა.

ნეტგაზეთმა კატერინა და ოლექსეი ქართულ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ გააცნო. კატერინა  მაშინ გვიყვებოდა, რომ როდესაც მის ქვეყანაში ომია, ქართველების მხარდაჭერა მისთვის და მისი მეუღლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

დღეს კატერინა და ოლექსეი ქვეყნის დასატოვებლად ემზადებიან –  მათ სასტუმროდან ასახლებენ, ბინის გაურკვეველი დროით დაქირავების შესაძლებლობა კი არ აქვთ.

საცხოვრებლის ცვლასა და თან არსებულ გამოწვევებს კატერინა ასე იხსენებს:

„თავდაპირველად ვიქირავეთ ბინა 2 კვირით, რადგან გვეგონა, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. ამ ბინაში 3 კვირა გავატარეთ, შემდეგ კი დავიწყეთ უფასო საცხოვრისის ძებნა, რადგან სამსახური არ გვქონდა.

დავიწყეთ [სოციალურ ქსელებში] სხვადასხვა ჩატების თუ ჯგუფების მოძიება, ასე ვიპოვეთ სასტუმრო „ამბასადორი“, რომელიც უკრაინელებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობდა მარტის ბოლომდე. პირადად მივწერეთ სასტუმროს და დავსახლდით.

მას შემდეგ, რაც „ამბასადორში“ ყოფნის დრო გავიდა, გვითხრეს, რომ ამიერიდან მერია მოაგვარებდა ჩვენი დაბინავების ამბავს და შემოგთავაზებდა სხვა სასტუმროს. გვითხრეს, რომ წასვლისას მოგვემსახურებოდა ავტობუსიც. ასეც მოხდა.

ჩვენ ახლა სხვა სასტუმროში ვართ. აქაც გვითხრეს, რომ აპრილის ბოლომდე ვიქნებოდით, შემდეგ კი განგვცხადეს, რომ ომის ბოლომდე შეგვეძლებოდა დარჩენა – მაგრამ ერთი კვირის წინ შეცვალეს ეს დათქმა და ისევ თქვეს, რომ კვირის ბოლომდე უნდა დაგვეცალა ოთახი. განმარტეს, რომ ამ ეტაპისთვის აღარ აქვთ ფინანსური რესურსი, დაეხმარონ უკრაინელებს.

რამდენიმე დღის წინ დავრეკეთ მერიაში, საერთო ცხელი ხაზზე. აქაც დაგვპირდნენ, რომ არცერთ უკრაინელს არ დატოვებდნენ საცხოვრებლის გარეშე, არ ინერვიულოთ, ახლა კი თქვენს საკონტაქტოს გადავცემთ ადამიანს, ვინც ამას კურირებსო. 15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ საბოლოოდ, კვირის ბოლომდე მაინც უნდა დაგვეცალა სასტუმრო. მთელი ეს პერიოდი კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდათ და ხშირად იცვლებოდა მოცემულობა…“

კატერინა ამბობს, რომ მადლიერია დახმარებისთვის, თუმცა ამ პერიოდს თან ახლდა ძალიან დიდი დაბნეულობა.

„სწორად გაგვიგეთ, ძალიან გვესიამოვნა, რომ გვეხმარებოდა თბილისის მერია – მაგრამ მოულოდნელი იყო… წინასწარ რომ გავეფრთხილებინეთ ვადებზე, ჩვენც უფრო მოვწესრიგებდოით. ახლა კი გამოვიდა, რომ რამდენიმე დღე დაგვრჩა იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას. ძალიან რთულია…“.

საბოლოოდ, კატერინამ და მისმა მეუღლემ 15 მაისისთვის გერმანიაში გასაფრენი ბილეთები იყიდეს. ქალმა იცის, რომ იქ დაეხმარებიან როგორც საცხოვრისით, ასევე, ფინანსურად და დასაქმების თვალსაზრისით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მივმართეთ თბილისის მერიის პრესსამსახურსა და ცხელ ხაზს. პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უწყებამ გამოყო სპეციალური თანხები ლტოლვილთა დაბინავებისთვის. უფრო კონკრეტული მონაცემებისთვის კი, თუ რა თანხები გამოიყო და რამდენ უკრაინელს გაუწიეს დახმარება, საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა [ავტორისგან: რაც საბოლოოდ ვქენით კიდეც, თუმცა ამ გზით ინფორმაციის მოპოვებას, სულ მცირე, 10 სამუშაო დღე უნდა].

განახლება, 25 მაისი: თბილისის მერიამ ოფიციალურ წერილზე პასუხად გვითხრა, რომ 2022 წლის 19 მარტიდან, დაბინავებული ჰყავს სულ 3500-მდე უკრაინის მოქალაქეობის ან/ და უკრაინის ტერიტორიაზე დროებითი/მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირი. მათგან 1200-მდე ადამიანმა სასტუმროები დატოვა. 

„ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული კატეგორიის პირებს სთავაზობს ისეთი მუნიციპალური სერვისებით უსასყიდლოდ სარგელობას, როგორიცაა მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით, სპორტული, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და პირველადი ჰუმანიტარული საგნების ხელმისაწვდომობა,“ – გვიპასუხა მერიამ. 

რაც შეეხება ცხელ ხაზს, აქ გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე უკრაინელ ლტოლვილებს 1 თვით უზრუნველყოფენ საცხოვრისითა და საკვებით. კითხვაზე, რა ხდება ერთი თვის შემდეგ, გვიპასუხეს, რომ ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ გარემოებებზე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მერია კავშირზე იქნება.

„საზოგადოება აკეთებს იმას, რასაც სისტემურად სახელმწიფო უნდა აკეთებდეს“

სხვა კერძო თუ არასამთავრობო ინიციატივების მსგავსად, ელენე ხოშტარია და მისი მოძრაობაც („დროა“) ცდილობენ დაეხმარონ საქართველოში მყოფ უკრაინელებს. ხოშტარია ამბობს, რომ ლტოლვილების დახმარების სტრატეგიის არარსებობა ლოგიკური გაგრძელებაა „ოცნების“ პოლიტიკის.

„2-3 იძულებითი განცხადების გარდა, სადაც რუსეთის ხსენებაც კი არ არის, პრაქტიკულად, ჩვენ არანაირი პოლიტიკა არ გვაქვს უკრაინის დახმარება/მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამიტომ, მე არცერთი წამით არ მქონია მოლოდინი, რომ მთავრობა უკრაინელებს მიხედავს, მით უფრო, რომ ჩვენსავე დევნილებს ძალიან აკლიათ ყურადღება მთავრობის მხრიდან“, – დასძენს ის.

ომის დაწყების შემდეგ „დროას“ გუნდი პოლონეთში გაემგზავრა, უკრაინის საზღვართან. ხოშტარია იხსენებს, რომ სწორედ აქ დაინახა ის საჭიროებები, რაც ლტოლვილებს აქვთ, ჩამოსვლის შემდეგ კი მოძრაობამ ერთგვარი სისტემა ჩამოაყალიბა მათ დასახმარებლად.

„ჩვენ ხელში გაიარა დაახლოებით 1500-მა ადამიანმა, რომელთაც სხვადასხვა ტიპის დახმარება გავუწიეთ. მათგან 500 ან ცოტა მეტი დროებით ჩამოვიდა აქ, შემდეგ ევროპაში წავიდა. აქ ჩერდებიან დაახლოებით 10-14 დღე, სანამ საბუთებს მოაწესრიგებენ, რაშიც ასევე ვეხმარებით. ჩემთან ვინც გაიარა, იქიდან 600-700 ადამიანი არის უკვე აქ.

წარმოუდგენელია ის ისტორიები, რასაც ვისმენთ. ყველა, ვინც აქ ჩამოდის, თავისებურად ტრავმირებულია ომით, ბავშვები ჩამოსვლამდე კითხულობენ, შუქი თუ იქნება აქო. მათთან ასევე ვთანამშრომლობთ სამართლებრივადაც, ვაწარმოებთ იმ დანაშაულთა აღრიცხვას, რაც რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა“.

„ვცდილობთ, რომ ეს ხალხი აქ დავასაქმოთ. დაახლოებით 70 ადამიანი უკვე დავასაქმეთ და კიდევ ვაგრძელებთ, იმიტომ, რომ ყველაზე მთავარია მათთვისაც – თავად გვთხოვენ ხოლმე, რომ დასაქმდნენ, იმიტომ, რომ არ უნდათ ასე მუქთად ყოფნა. საქმდებიან სადისტრიბუციო კომპანიებში, სალონებში, კაფეებში და სხვა. გვქონდა ერთი შემთხვევა, ერთ-ერთი მუსიკოსი, ჰობოისტი დავასაქმეთ ვახტანგ კახიძის ორკესტრში“.

ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ ხოშტარია ამბობს, რომ ამ ყველაფერს რესურსი სჭირდება, რომელიც ხალხის ენთუზიაზმზეა დამოკიდებული – „არაფერი განუსაზღვრელი თანხები ამას არ სჭირდება. აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ იქ რაღაც პატარა სასტუმრო იქნება, არ არის ისეთი თანხა, რომელსაც ვერ გავწვდებით. არ არსებობს, სიკვდილს გამოქცეულ ხალხს ვუთხრათ, დასახმარებლად ფული არ გვაქვსო“.

„მერია არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც რაღაცას აკეთებს, და ჯანდაცვის სამინისტრო, ამ უკანასკნელთან 3-4 შემთხვევაზე გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის მეხმაურებოდნენ ნამდვილად. მაგრამ პროგრამები არ არის, უბრალოდ უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. ერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც დიალიზის პროგრამაში ჩასვეს, მაგრამ საერთო მიდგომა – რომ გაერთიანებულიყო ამ ადამიანთა საჭიროებებზე პასუხი – არ არის. მერიას აქვს ნაქირავები რამდენიმე სასტუმრო და იქ არის კვებაც, თუმცა, ვფიქრობ, არ არის საკმარისი. ბევრი ადამიანი მერიამ ვერ დაასახლა, ამიტომ ჩვენ ვასახლებთ. ამ მხრივ, პრაქტიკულად ვავსებთ ერთმანეთს. ყოფილა შემთხვევა, რომ მე პირადად მერს დავუკავშირდი. მაგალითად, შშმ პირის შემთხვევაში ადაპტირებული სასტუმროს შოვნა ძალიან გაჭირდა და მერიას აქვს ნაქირავები ერთი ასეთი სასტუმრო და იქ განთავსდა ადამიანი“, – იხსენებს ხოშტარია.

„საზოგადოება აკეთებს იმას, რასაც სისტემურად სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. აკეთებს ნამდვილად და აკეთებს ძალიან ბევრს“.

„მთავრობა მუშაობს გეგმაზე“

4 მაისს ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ბათუმში მყოფი უკრაინელები ჰყვებოდნენ, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში სასტუმროს დაცლა მოსთხოვეს. ამის საპასუხოდ კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მათი რესურსი ამოწურვადია და უფასო საცხოვრისის სანაცვლოდ დეპარტამენტი ლტოლვილებს დაეხმარება იაფი ბინების შოვნაში.

უკრაინელი ლტოლვილები

წერილი, რომლითაც სასტუმრო „თანამგზავრში“ უკრაინელებს ოთახის დაცლა მოსთხოვეს. ფოტო: ბათუმელები

ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ერთიანი პოლიტიკა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სახელმწიფოს ჯერჯერობით არ აქვს. ამას თავის განცხადებაში ხაზს უსვამს სახალხო დამცველიც, რომელიც:

„მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს – მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება”.

კითხვით, თუ რას აპირებს სახელმწიფო უკრაინელი ლტოლვილებთან დაკავშირებით, ნეტგაზეთმა მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავად იმყოფებოდა რუსეთის მიერ განადგურებულ ბუჩაში.

ჩვენ ვკითხეთ სერგეენკოს, თუ აქვს ან აპირებს თუ არა სახელმწიფო ერთიანი სტრატეგიის დანერგვას ლტოლვილთა დასახმარებლად.

„რა თქმა უნდა, უკრაინელ ლტოლვილებს მხარდაჭერა სჭირდებათ და ასე უბრალოდ არ დავტოვებთ, ყურადღების გარეშე. რამდენადაც ვიცი, უკვე დასრულებულია მუშაობა გეგმაზე და ალბათ, უახლოეს დღეებში უკვე საჯარო განცხადებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ასე არ დავტოვებთ“, – უთხრა სერგეენკომ ნეტგაზეთს.

სერგეენკოს თქმითვე, მისთვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია – „სტრატეგიას არ დავარქმევდი, უფრო სამოქმედო გეგმაა, თუ რა ზომები იქნება მიღებული“.

კონკრეტულ გეგმაზე ჯერჯერობით არ საუბრობს არც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ დროს აზრაშვილს ჰკითხეს დღეს საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებზე. მინისტრმა ისაუბრა გეგმაზე, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, კერძოდ:

„ამ ეტაპზე უკრაინელ ლტოლვილებს ჩვენ ვუფინანსებთ ყველა გადაუდებელ თუ გეგმურ სამედიცინო სერვისს. ასევე, მათგან ყველაზე მოწყვლადებს გარკვეული სოციალური დახმარებითაც ვეხმარებით. ასევე, სახელმწიფო აჭარაში, თბილისში და კიდევ რამდენიმე ქალაქში საცხოვრებლით ეხმარება. დღეისათვის არიან სასტუმროებში და ახლა ვმუშაობთ გეგმაზე, თუ როგორ მოხდეს მათი გადანაწილება სხვადასხვა სახლებში თუ ბინებში“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

ამ გეგმის შესახებ ცნობის გადასამოწმებლად და ასევე დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას. მათგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემებით, ომის გამო ქვეყანა იძულებით დატოვა 5,981,358-მა ადამიანმა. მათი უმეტესობა – 3 200 000-ზე მეტი ადამიანი პოლონეთშია, მილიონამდე კი, რუმინეთში.

მთავრობის ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ახლა 30 ათასამდე უკრაინელი იმყოფება.

ნეტგაზეთი ამ პრობლემაზე ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდა. არქივიდან ეს მასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 2.5 მლნ-ს აჭარბებს, რას აპირებს თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი