ახალი ამბები

სერგეენკო ბუჩაზე: ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი

19 აპრილი, 2022 • 1097
სერგეენკო ბუჩაზე: ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი

პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს თქმით, ის რაც უკრაინაში ნახა, „იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი“.

ამის შესახებ სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„საბრძოლო მოქმედებები უკვე აღარ მიმდინარეობდა, თუმცა ქალაქებს აშკარად ეტყობოდა, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურება. მიზანმიმართულად იყო განადგურებული აფთიაქები, საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი კორპუსები. ჩვენ რომ ჩავედით, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა საერთო სასაფლაოებიდან ექსჰუმაცია და იქვე ატარებდნენ ექსპერტიზებს. იყო მასობრივი დასაფლავების ადგილები, სადაც უბრალოდ უდანაშაულო ადამიანები იყვნენ დახოცილები. ძალიან მძიმე იყო და, მით უმეტეს, მძიმე იყო შესაფასებლად. მაშინაც და მერეც ჩემთვის კითხვა დაუსვამთ, თუ რა არის ეს? მე არ მაქვს ლექსიკონში ის სიტყვა, რომელიც მოკლედ და სხარტად აღწერს იმას, რაც მე ვნახე. ეს იყო ყველაფერი ერთად — სისასტიკე, არაადამიანობა, გნებავთ, გენოციდი, ტერორი, თუმცა გამოძიება იმ საათებშიც მიმდინარეობდა, ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები იქ იყვნენ და ეჭვი არ მეპარება, ამას ძალიან მალე მკაფიო სახელი დაერქმევა“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.

მანამდე „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება სჭირდება იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასოს. კითხვაზე, თუ რა ახსნა აქვს მმართველი გუნდის წევრების განსხვავებულ შეფასებებს, სერგეენკომ უპასუხა, რომ პოზიციებს შორის განსხვავება არ არის.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ დელეგაციის წევრები ვიყავით როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე, ოპოზიციის წევრები, იქ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ერთი გუნდი,ისე ვიყავით, არანაირი სხვაობა არ იყო ჩვენს დამოკიდებულებასა და რეაქციას შორის იმაზე, რაც იქ ვნახეთ. რაც შეეხება ტერმინ გენოციდს, დამერწმუნეთ, არავინ არ ერიდება ამ სიტყვის გამეორებას, გნებავთ, კიდევ გავიმეორებ — გენოციდი. ამაზე ტაბუ არ არის. მე ხაზს ვუსვამ, მე იქ რაც ვნახე და რაც მოვისმინე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს 90-იანებსა და 2008-ში, შემზარავი იყო. ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი. ერთდროულად იყო სისასტიკე, არაადამიანური მოპყრობა, მიზანმიმართული განადგურება მშვიდობიანი მოქალაქეების. განადგურებაცაა და განადგურებაც, წარმოუდგენელი რაღაცები იყო. დამერწმუნეთ, ტერმინ გენოციდს არავინ არ ერიდება. მეხუთეჯერ ვიტყვი – გენოციდი, რაიმე შეიცვლება ამით? არანაირი პოზიციის სხვაობა არ არის ამაში, უბრალოდ თავისი წესი და რიგი აქვს ყველაფერს. ეს არის ან იურიდიული ტერმინი, ან სახელმწიფომ უნდა აღიაროს. მე გესაუბრებით როგორც ერთი ადამიანი, რომელიც იქ იყო და თავისი თვალით ნახა და მოისმინა ყველაფერი და გიდასტურებთ, რომ მორიდებით არავინ არ ერიდება და ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისზე წავალთ საკუთარ ღირსებასთან თუნდაც იმისთვის, რომ რაც იქ ვნახეთ, რეალურად ამას დავარქვათ თავისი სახელი“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი თავი შეიკავა, ეწოდა გენოციდი უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

მაკრონს France 2-ის ეთერში ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა მსგავს ტერმინს, რაზეც უპასუხა, რომ „უფრო ფრთხილად იქნებოდა მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან, რადგან ეს ორი ხალხი (უკრაინელები და რუსები) ძმები არიან“.

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება არც მისთვის და არც მაკრონისთვის საკმარისი არ არის და გენოციდს საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება სჭირდება.

გენოციდზე ბაიდენის განცხადება არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის საკმარისი არაა – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი