საზოგადოება

“ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე” – ომბუდსმენი უკრაინელ ლტოლვილებზე მთავრობას მიმართავს

7 მაისი, 2022 • 1574
“ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე” – ომბუდსმენი უკრაინელ ლტოლვილებზე მთავრობას მიმართავს

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ნათელი გახადოს თუ როგორ, როდის და სად მოხდება იმ უკრაინელი ლტოლვილების განსახლება, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სასტუმროში იმყოფებიან.

უწყების განცხადებიტ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს – 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება.

პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ომბუდსმენის შეფასებით, ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში

“სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს – მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმში მყოფი ლტოლვილების ნაწილს 6 მაისიდან სასტუმროს დატოვება უწევთ, თავდაპირველად გაზეთმა ბათუმელებმა გაავრცელა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/407884/

მასალების გადაბეჭდვის წესი