ახალი ამბები

“ვაგრძელებთ ქვეყანაში მყოფი 28 000 უკრაინელის დახმარებას” – ღარიბაშვილი პოლონეთში

5 მაისი, 2022 • 2148
“ვაგრძელებთ ქვეყანაში მყოფი 28 000 უკრაინელის დახმარებას” – ღარიბაშვილი პოლონეთში

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ უკრაინის დასახმარებლად 7 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ მან პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე.

„საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500 ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება.

ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნვლვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე, სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს.

გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის საფოსტო ოპერატორის (Ukrposhta) თანახმად, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი