საზოგადოება

„ჩემი ქმარი ახლა აზოვსტალშია, მე საქართველოში“ — მარიუპოლელი ქალის ისტორია

21 აპრილი, 2022 • 6293
„ჩემი ქმარი ახლა აზოვსტალშია, მე საქართველოში“ — მარიუპოლელი ქალის ისტორია

უკრაინული ორნამენტებით მოქარგული ორი ნაჭერი იმ თითზე ჩამოსათვლელ ნივთებს შორისაა, რომელთა ჩამოტანაც ტატიანამ მარიუპოლიდან სიღნაღში შეძლო. შეხვედრისთანავე ქალი მათ მაგიდაზე გვიშლის.

ადგილობრივი ადათის თანახმად, ნაჭრები მის შვილსა და სიძეს ქორწილის დღეს გადაეცათ ბედნიერებისა და ბარაქის ნიშნად. ტატიანა ამბობს, რომ როცა ნაჭრები ხელში უჭირავს, თითქოს ორივე მათგანი კვლავ მის გვერდითაა.

ქალმა მარიუპოლში დატოვა მთელი თავისი ცხოვრება, მათ შორის, პატარა ცხოვრებისეული წვრილმანებიც: ფოტოალბომები, ძვირფასეულობა და სხვა.

„ვერ წამოვიღე, მაგალითად, ის იარლიყებიც, რომელიც სამშობიაროში დაგვირიგეს. მათზე ჩემი შვილების დაბადების დრო, წონა და სახელი ეწერა. თმის კულულებთან ერთად ვინახავდი“, — იხსენებს ტატიანა.

უკრაინული ორნამენტი ტატიანას ნაჭრებზე. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ტატიანას შვილი ახლა რუსეთშია, ნათესავთან. ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია,  დისშვილი კი — მესაზღვრე. ამჟამად ორივე მათგანი მარიუპოლის ბოლო ციხესიმაგრედ წოდებულ მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალს“ სხვებთან ერთად აფარებს თავს. სხვადასხვა მონაცემით, „აზოვსტალის“ ბუნკერებში, სულ მცირე, 2 ათასი ადამიანია დაბანაკებული, მათ შორის არიან ბავშვებიც. ობიექტი რუსეთის არმიის ალყაშია და განუწყვეტლივ იბომბება.

ქმარზე საუბრისას ტატიანა ცრემლებს ვერ იკავებს. მისი უსაფრთხოების გამო ქალმა გვთხოვა, არც მისი სახე გამოგვეჩინა და არც ნამდვილი სახელი და გვარი დაგვესახელებინა.

ტატიანამ უმცროს შვილთან ერთად ათასობით კილომეტრი გაიარა, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა. გზა ძალიან გრძელი და მტკივნეული იყო, რადგან მას ქალაქის დატოვებამდე ორივე ხელი მოსტყდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მხნეობას ინარჩუნებს, როგორც თავად ამბობს, „შვილის გამო“:

„ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ — დამოუკიდებლად. ასეთი გამონათქვამია, ჩიტი, რომელმაც ერთხელ მაინც გაიგო თავისუფლების გემო, უკან, გალიაში არ დაბრუნდება“.

ტატიანას სიღნაღში, სასტუმროში შევხვდით, სადაც ტატიანას გარდა კიდევ რამდენიმე უკრაინელი ოჯახი დროებით ცხოვრობს. ქალს ვთხოვეთ მოეყოლა, თუ როგორ დატოვა რუსეთის მიერ თითქმის ბოლომდე განადგურებული მარიუპოლი.

ერთი თვე გზაში მოტეხილი ხელებით

ტატიანას თვალები უბრწყინდება ომამდელ მარიუპოლზე საუბროსას.

იხსენებს ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს, სკოლებისა და საავადმყოფოების რეაბილიტაციას. ამბობს, რომ მარიუპოლი ევროპული მისწრაფების ქალაქია, სადაც სტუმრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ, მათ შორის, სხვადასხვა ფესტივალსა და დიპლომატიურ ღონისძიებაზე.

ის დიდხანს გვიყვება ქალაქის პორტზე, პირსზე, მარიუპოლის შუაგულსა და სავაჭრო ცენტრებზე, მუზეუმებზე, უნივერსიტეტებზე, სკვერებზე — ყველა იმ ადგილზე, რომელიც რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ მიწასთან გაასწორა, ან მძიმედ დააზიანა.

„24 თებერვალს შვილმა გამაღვიძა, დაიყვირა, „გვბომბავენ“. წამოვხტი საწოლიდან, ისეთი დაბნეული ვიყავი, ვიდექი და არ ვიცოდი, რა მექნა. ეს იყო შოკი, თითქოს ორგანიზმი მოქმედების უნარს კარგავს. არ იცი, რას მოკიდო ხელი, რა წამოიღო, რა არის საჭირო. შემდეგ, უკვე ნელ-ნელა თავი ხელში ავიყვანე“, — იხსენებს ის.

ტატიანას მეზობლის სახლი. ქალი ვარაუდობს, რომ თავისი სახლიც ამ დღეშია.

ამ მომენტიდან ტატიანა ყველაფერს დეტალურად იმახსოვრებს, ინტერვიუში ყველაზე პატარა დეტალებზეც კი ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ მალევე სახლიდან მისი ქალიშვილისა და სიძის ბინისკენ გაიქცა. უთხრა, რომ უსაფრთხო ადგილი ეპოვათ, თავად კი სამსახურში — ადგილობრივ საავადმყოფოში დააპირა წასვლა. ის იქ უმცროს მედდად მუშაობდა.

საავადმყოფოში მისვლამდე კოლეგებმა დაურეკეს. უთხრეს, რომ მისვლას აზრი არ ჰქონდა. შესაბამისად, ტატიანა ქალიშვილს შეხვდა და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ქალაქგარეთ, ახლობლის სახლის სარდაფისკენ გაემგზავრა.

„24 თებერვლიდან ჩვენ სარდაფში ვიყავი. საერთოდ არ ვიყავით ამისთვის მზად, არ გვქონდა პროდუქტი. იმ მომენტისთვის [სარდაფში] ორი ოჯახი იყო, 6 მარტს კიდევ შემოგვიერთდნენ. შესაბამისად, კვების საკითხი მწვავედ დაგვიდგა.

2 მარტს მე და ჩემმა დაქალმა გადავყწვიტეთ, რომ ერთად წავსულიყავით მაღაზიისკენ. მაშინ ისროდნენ აღმოსავლეთისა და ცენტრის მხარეს, ჩვენთან კი, განაპირას, ჯერ კიდევ შეიძლებოდა გადაადგილება. ჩვენ გავიქეცით მაღაზიისკენ, აფთიაქებს ვეძებდით, რათა რაიმე მოგვეტანა. ახალ ნაწვიმარზე მოვრბოდი და წავიქეცი. წაქცევისას ორივე მაჯა მომტყდა.

კიდევ კარგი, რომ საავადმყოფოში ვმუშაობ. გავიქცეი საავადმყოფოში. ვიცოდით, იქ ექიმებმა არ მიატოვეს მოსახლეობა… ტრავმატოლოგმა ალექსანდრ პეტროვიჩმა გვითხრა, არც ვიცი, რა გიყო, რადგან ანესთეზიოლოგი საავადმყოფოში აღარ არისო“, — ამბობს ტატიანა.

საბოლოოდ ხელები რაიონული საავადმყოფოდან მოსულმა მედდებმა შეუხვიეს იმ სამედიცინო აღჭურვილობით, რაც ჯერ კიდევ იყო დარჩენილი. ხელებზე იქვე დაადეს თაბაშირიც.

„ჩემი კოშმარი ის იყო, რომ სარდაფში ამ პერიოდისთვის იმყოფებოდნენ ჩემი დაქალი 2 შვილით, ჩემი ქალიშვილი, ვაჟი და კიდევ 2 შვილიშვილი. და მესმოდა, რომ ასეთ რთულ მომენტში მათთვის ბალასტი გავხდი, რადგან ვერაფრით ვეხმარებოდი — ვერც საჭმელს ვამზადებდი, ვერც შვილიშვილებს ვუვლიდი. საშინელება იყო ამის გააზრება. თუმცა, საბოლოოდ, შევეგუე და ნელ-ნელა ვეხმარებოდი კიდეც“.

სარდაფში ციოდა, ღამით კი ისროდნენ. ტატიანა იხსენებს, რომ ბავშვებს ძილისას ზედ ყველაფერს აფარებდნენ — როგორც საბნებს, ასევე ჩანთებსა და სხვა ნაჭრებს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თუ სახლთან ახლოს ჭურვი აფეთქდებოდა, ბავშვები ნამსხვრევებისგან შეძლებისდაგვარად დაეცვათ.  თავად ტატიანა კი მოტეხილი ხელის გამო სავარძელზე ვერ წვებოდა. ის იატაკზე იწვა.

სარდაფში ხშირად ითიშებოდა ელექტროენერგია, არ იყო გათბობა. ზოგჯერ სარდაფში შეფარებულებს საეკლესიო სანთლების ანთება უწევდათ.

სიწყნარის პერიოდში კი ბავშვები თამაშობდნენ. მას შემდეგ კი, რაც ისინი იძინებდნენ, ტატიანა „რობინზონ კრუზოს“ კითხულობდა, „1950-იან წლებში იყო ეს წიგნი გამოცემული, იქვე ვიპოვე, სარდაფში“.

ტატიანას შვილი და შვილიშვილი სარდაფში.

ოჯახი სარდაფიდან 17 მარტს ამოვიდა. ამ პერიოდისთვის ტატიანა და მისი ოჯახი ხვდებოდა, რომ ქალაქი უნდა დაეტოვებინათ — „სარდაფი ვეღარ დაგვიცავდა“. 

„ჩვენ დავიწყეთ სარდაფიდან იმ პირადი ნივთების ამოტანა, რაც თან გვქონდა. დავიწყეთ მანქანის მოყვანა, რომელსაც მანამდე ვმალავდით. დავდექით კოლონაში და ნელ-ნელა, კუს ნაბიჯებით მივდიოდით“.

ტატიანამ მარიუპოლი რამდენიმე დღეში დატოვა და შვილთან ერთად ხერსონისკენ გაემგზავრა, სადაც მისი სიძე იმყოფებოდა. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ზუსტად არ იცოდნენ, რომელ დასახლებაში იყო კაცი.

ტატიანა აღწერს მარშრუტს მარიუპოლიდან სიღნაღამდე. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ხერსონამდე გზა ძალიან შორი იყო. ამიტომ გზაში ტატიანას ქალიშვილის მანქანა ქალაქ მელიტოპოლში გაჩერდა, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული.

„მელიტოპოლში ხალხს არ უნდოდა, სხვებისთვის ბინა ექირავებინათ. ჩუმ-ჩუმად აკეთებდნენ ამას. ეშინოდათ. საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ ქალაქის გარეუბანში ბინის დაქირავება. ამ ბინის მეპატრონეების ძალიან მადლიერი ვართ.

ჩვენ მათ დოკუმენტები ვაჩვენეთ, რომ დაგვემტკიცებინა, ნამდვილად მარიუპოლიდან ვიყავით. მათ არ უნდოდათ ოკუპანტებისთვის ბინის მიქირავება. როდესაც ბინა მოგვაქირავეს, დაგვიტოვეს პური და კარაქი. 20 დღის განმავლობაში, რაც გზაში ვიყავით, პური არ გაგვისინჯავს. მეზობლებმა კი მოგვიტანეს ვაშლები ჩვენი შვილებისთვის.

ისეთი სასიამოვნო იყო… ვერც აღვწერ. თან მხოლოდ კონსერვების 2 ქილა გვქონდა და ჩვილისთვის დატეხილი ორცხობილა, რადგან ფორმულა არ გვქონდა. არასდროს დაგვიფასებია პური ისე, როგორც იმ მომენტში“.

მელიტოპოლში ტატიანამ ცოტა ხანი დაჰყო, მას შემდეგ, რაც მათ ბარათით ანგარიშსწორების შესაძლებობა გაუჩნდათ და საწვავიც იშოვეს, მანქანა ხერსონისკენ დაიძრა. ათობით ბლოკპოსტის გავლის, სამხედროების, გადამწვარი მანქანებისა და მიტოვებული სახლის შემდეგ, ერთ-ერთ დაბაში ტატიანამ სიძე იპოვა.

„რადგან კომენდანტის საათი დადგა, აღარ გაგვიშვებდნენ. მივდიოდით სათითაოდ ღობესთან, ვთხოვდით ხალხს, რომ შევეშვით, შევეფარებინეთ. ბევრმა უარი გვითხრა, ბოლოს კი ერთმა კაცმა, რომელმაც დაგვინახა, რომ მანქანაში ბავშვები გვყავდა, ეზოში მდგარ ფარდულში შეგვიყვანა. მანქანაც იქვე ახლოს დავმალეთ.

მოვეწყეთ, მოგვიტანეს გადასაფარებლებიც. ცოტა ხანში კი ვთხოვეთ, იქნებ ცხელი წყალი მოგვიტანოთ, ბავშვმა ჩაი მაინც რომ დალიოსო. უარი გვითხრეს, ცოტა ხანში კი სახლში შეგვიძღვნენ და გაშლილი მაგიდა დაგვახვედრეს. პირველად, ამ პერიოდის განმავლობაში, წინ დაგვიდგეს კარტოფილი, პური, სალის ნაჭერი… მიგვიღეს ძალიან თბილად, საოჯახოდ, ღია გულით. 

მეორე დილას ჩავსხედით მნაქანაში, თუმცა მივხვდით, რომ ვერც ხერსონში დავბრუნდებოდით და ვერც ოდესაში. ვიცოდით, რომ იქ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩვენ ერთადერთი შესაძლო გზა სიმფეროპოლი იყო — რუსეთისკენ“.

რუსეთის ქალაქ ეკატერენბურგში ტატიანას სიძეს ნათესავები ჰყავს. შესაბამისად, ისინი ქალაქში არა ლტოლვილების, არამედ სტუმრების სტატუსით ჩავიდნენ. ეს კი ნიშნავდა დამატებით შემოწმებას და ოჯახის აღრიცხვაზე აყვანას.

ეკატერინბურგში ყოფნას ტატიანა ცუდად იხსენებს. ამბობს, რომ იქ მყოფი ხალხს „როგორ ვთქვა, არ ვიცი.. ხალხს არ აქვს დანაშაულის განცდა. ჩვენს ნათესავებს ვესაუბრეთ… მათ ჰგონიათ, რომ ნაცისტებისგან გვათავისუფლებენ“. ტატიანა სახლიდან არ გამოდიოდა: „ვცდილობდი, არ გამოვჩენილიყავი“.

ბევრი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ტატიანა ვაჟთან ერთად ეკატერინბურგიდან ვლადიკავკაზში ჩავიდა, შემდეგ კი, ლარსის გავლით — საქართველოში. მისი ქალიშვილი სიძესთან ერთად ახლა უსაფრთხოდ არის ეკატერინბურგში.

„სიღნაში ამ პერიოდისთვის უკვე იმყოფებოდა ის ოჯახი, ვისთან ერთადაც სარდაფში ვიყავით. ისინი შეუთანხმდნენ მღვდელს და მის ცოლს [ავტორისგან: მამა ისიდორე და მისი მეუღლე ირმა, სასტუმროს მფლობელებთან ერთად, უკრაინელ ოჯახებს ეხმარებიან] სწორედ ისინი შეუთანხმდნენ სასტუმროს მფლობელებს, რომ ჩვენც ჩამოვიდოდით. მათ უზრუნველყვეს მანქანა და წაგვიყვანეს ვალდიკავკაზიდან საქართველოში“, — გვიყვება ტატიანა.

ტატიანას ხელები. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

კავშირი „აზოვსტალთან“

კავშირი ქმართან ტატიანას ბოლო დღეებში იშვიათად აქვს. ინტერვიუს დაწყებამდე ქმრისა და დისშვილის სელფი გვანახა, რომელიც აზოვსტალის სარდაფშია გადაღებული. ეს მისთვის იმის ნიშანია, რომ ორივე ცოცხალია.

ქმარი აქამდე, უბრალოდ, მწერდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, მეუბნებოდა, რომ ცოცხალია. როცა შესაძლებელი იყო, რეკავდა. 1-2 წუთს ველაპარაკებოდი ან თუნდაც, მე ვწერდი, რომ აი, საზღვარი გადავკეთეთ, რომ მივდივარ საქართველოში და სხვა. ვფიქრობდი, რომ თუ ხაზზე გამოვა, წაიკითხავს. აქამდე ის კითხულობდა. ბოლო შეტყობინებებში, მაგალითად, მწერდა მხოლოდ „ცოცხალი ვარ“ [უკრ: живий]. ეს სიტყვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ერთი სიტყვა“. 

რუსეთის იერიში აზოვსტალზე. ფოტო: EPA-EFE/MARIUPOL CITY COUNCIL

ტატიანა სმარტფონზე ამოწმებს სიახლეებს. „ვაიბერში“ სხვადასხვა საინფორმაციო არხის მეშვეობით იცის, რომ აზოვსტალში ბევრი ხალხია, მათ შორის, მისი ქმარი. კაცს, რომელიც მანამდე ჯარში მსახურობდა, ახლა კი სამხედრო ჰოსპიტლის მძღოლია, ქალაქიდან არ გამოუშვებდნენ.

„არასდროს არ ყოფილა ჩვენ შორის ჩაგვრა რუსეთის ან იმ მოქალაქეების, ვინც დონცეკსა ან ლუგანსკში ცხოვრობდა. პირიქით, მათ სპეციალური სოციალური დახმარებაც ეძლეოდათ. ასევე, ბავშვებს, ვინც ამ ორ რეგიონში სწავლობდა, მარიუპოლის უნივერსიტეტებში იღებდნენ გამოცდების საფუძველზე…

ჩვენ დავიწყეთ ევროპისკენ მისწრაფება…რუსეთში ყოფნისას დავინახე, რომ სოფლებსა და დასახლებებში დგას ხის ძველი ქოხები, არ არის გზა, ვითარდება მხოლოდ დიდი ქალაქები. ახალგაზრდობას რაც შეეხება, ისინი ვერ ხედავენ, არ ესმით, გაიძახიან, რომ პუტინი მართალია. როდესაც ჩავრთე ტელევიზორი და დავინახე იგივე სახები, რომლებსაც ვხედავდი 1980-იან წლებში….

ძალიან ხილულია განსხვავება თავისუფალ უკრაინასა და პუტინის რუსეთს შორის. ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ.. ასეთი გამონათქვამია, ჩიტი, რომელმაც ერთხელ მაინც გაიგო თავისუფლების გემო, უკან გალიაში არ დაბრუნდება.

ჩვენთვის – უკრაინისთვის და საქართველოსთვის – როგორც სულიერად, ასევე აზროვნებით, ევროპა უფრო ახლოსაა. აქ მაგალითად, თავისუფლად ვსუნთქავ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთის ენა ბოლომდე არ გვესმოდეს, თქვენ ჩვენი გესმით. ჩვენ ორივე ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ვართ და ჩვენს მიწას არ დავთმობთ. და ასევე, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის, ოჯახი ძალიან ძვირფასია“, — ამბობს ტატიანა, პერიოდულად კი ტირის.

ინტერვიუს ბოლოს ტატიანამ გვითხრა, რომ როდესაც რუსი პროპაგანდისტები უკრაინელი ხალხის „გათავისუფლებაზე“ საუბრობენ, მისთვის ეს გაუგებარია.

„მინდა გავიგო, რისგან მათავისუფლებს პირადად მე და ჩემს ოჯახს რუსეთი? დამინგრიეს სახლი, ჩემი შვილების ბინები გაანადგურეს… მარიუპოლში ყველაფერი დავტოვე — ჩემი მშობლების საფლავებიც.. ყველაფერი. და ვიცი, რომ ვერ დავბრუნდები იქ ვერასდროს. არ მესმის, რისგან გაგვათავისუფლეს. არაფერი დამიშავებია მათთვის

ისიც არ მესმის, თუ მათ პორტი უნდოდათ, ან ქარხნები, ან საწარმოები, რატომ ბომბავენ? რატომ ანადგურებენ?!

ჩვენ დარწმუენბული ვართ, რომ ჩვენები ბოლომდე გაძლებენ, ისინი ნამდვილი პატრიორები არიან, განათლებულები და ნიჭიერები. ისინი უკან არ დაიხევენ“, — გვითხრა ტატიანამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი