კომენტარი

ჩემი ქალაქი ოკუპანტებმა დაიკავეს, მათ ყოველდღე აქციებს ვუწყობთ – ელენა მელიტოპოლიდან

8 მარტი, 2022 • 4602
ჩემი ქალაქი ოკუპანტებმა დაიკავეს, მათ ყოველდღე აქციებს ვუწყობთ – ელენა მელიტოპოლიდან

მელიტოპოლი პატარა უკრაინული ქალაქია ზაპოროჟიის ოლქში, რომელიც ახლა რუს სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. სწორედ აქ ცხოვრობს ჩვენი რესპონდენტი – ელენა ბელკინა, თავის შვილთან ერთად.

მელიტოპოლი სამხრეთ უკრაინაში მდებარეობს და ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც რუსი სამხედროები შეიჭრნენ.

მელიტოპოლი რუკაზე

ქალაქის ყველა შესასვლელთან ამჟამად რუსული სამხედროები დგანან, ისინი მოქალაქეებს არ უშვებენ. ამასთანვე, ნელ-ნელა იწურება პროდუქტებიც, თუმცა, ამ და სხვა სირთულეების მიუხედავად, ელენა გვიყვება, რომ მოქალაქეები ყოველდღე უმართავენ რუს სამხედროებს საპროტესტო აქციებს.

„ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის აქციებზე“

„ახლა უსაფრთხოდ ხართ?“ – ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც ელენას დავუსვით. მანამდე მელიტოპოლთან კავშირი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. რადგან სიგნალი იხშობოდა.

ელენამ გვითხრა, რომ ამჟამად ის და მისი ვაჟი სახლში არიან და არაფერი ემუქრებათ:

„თუმცა ორი დღის განმავლობაში ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა გარესამყაროსთან – არც სატელეფონო და არც ინტერნეტი. რადგან რუსი თავდამსხმელები კავშირს ახშობენ. ვერავის ვუკავშირდებოდით ეს დღეები“, – ამატებს ელენა.

ელენა ბელკინა

მელიტოპოლი ერთ-ერთი პირველი დასახლება იყო, რომელიც რუსებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავეს. ელენა ბელკინა იხსენებს, რომ პირველ დღეებში იყო აფეთქებები, როგორც ქალაქგარეთ, ასევე ცენტრში, ახლა კი იკლო – „თუმცა პერიოდულად ისვრიან რაღაც რაკეტებს. ქალაქის შიგნით – არის პატარა ავიაქალაქი, სადაც დილის 05:00 საათზე 2 რაკეტა ისროლეს. და ასევე, გვესმის, რომ ჩვენს ოლქში, სხვა ქალაქებშიც ისვრიან“.

ელენა ბელკინა ამბობს, რომ სამხედროები დადიან ქალაქში, მათ მანქანებსა და ჯავშანტექნიკას ასო Z აწერიათ.

„ამასთანავე, მათ დაიკავეს ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაც. ამ შენობაში რაც კი მანქანები იყო, ოკუპანტებმა ისინიც აიღეს და სარგებლობენ – დადიან ქალაქში.

მშვიდობიან მოქალაქეებს, როგორც წესი, არ ეხებიან. თუმცა, პირველ დღეს, როდესაც მიტინგი გვქონდა, მაშინ ისროდნენ. ერთ-ერთი დემონსტრანტი კაცი ფეხში დაჭრეს. როგორც მახსოვს, ეს 25 თებერვალს მოხდა. მაშინ, როდესაც პირველად შემოვიდნენ ჩვენს ქალაქში, მოსახლეობა კი შევეწინააღმდეგეთ, გადავეფარეთ მათ მანქანებს. ისინი კი ისროდნენ, ძირითადად -ჰაერში, მაგრამ საბოლოოდ დაიჭრა კიდეც ერთი“, – ამბობს ის.

ამჟამად  მელიტოპოლში ქალაქის ბრძოლები არ არის, თუმცა დაკეტილია შესასვლელიც და გამოსასვლელიც  – მოქალაქეები ვერ ტოვებენ ქალაქს. ელენა ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ოლქმა მელიტოპოლს გადასცა მედიკამენტები – „რადგან აქ იწურება წამლები. მათ კი ეს სასწრაფო მანქანა დაცხრილეს… მიუღებელია ასეთი საქციელი. ყოველ დღე ჩვენთან მიტინგები იმართება რუსების წინააღმდეგ“.

„საჭმელი ჯერჯერობით ქალაქში არ შემოუტანიათ. რაც გვქონდა ქალაქში, ჯერჯერობით იმ სასურსათო ნობათს ყიდიან მაღაზიები. მაგრამ ბევრ სუპერმარკეტში უკვე დაცარიელდა დახლები.

პირველივე დღიდან ჩვენთანაც იყვნენ მაროდიორები, იყო პანიკაც და ბევრი მაღაზია გაიტანეს კიდეც. ახლა ასეთი რაღაცები აღარ ხდება. მერიის ორგანიზებით მოხალისეები შეიკრიბნენ და ქალაქის პატრულირებაში იღებენ მონაწილეობას“, – ამბობს ელენა ბელკოვა და ამატებს, რომ საავადმყოფოები ჯერჯერობით გამართულად მუშაობენ.

ქალაქში ამჟამად დაკეტილია სკოლები და ბაღები. ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა – „ამიტომ ყველა სახლში ზის და ისიც არ ვიცით, ფული როდემდე გვეყოფა,“.

„ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი მუდამ გვიხშობენ კავშირს. შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია ინფორმაცია გავავრცელოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება აქ რეალურად – ის, რომ ხალხი ეწინააღმდეგება მათ, გამოდიან მიტინგებზე. ისინი [რუსები] კი თავიანთ ხალხს უჩვენებენ, რომ თითქოს მილიტოპოლი მათ ბედნიერად ხვდება. წარმოიდგინეთ, 2 დღე სრულიად მოწყვეტილი ვიყავით სამყაროს – ვერც ინფორმაციას ვიღებდით.

თუმცა, ვფიქრობ, ეს მათი მიზანიცაა – რომ ჩვენ არ ვიცოდეთ, რა ხდება, და ვერც ჩვენ ხმას ვაწვდენდეთ სხვებს.

ასევე, უკვე რთულია ქრონიკული და მძიმედ ავადმყოფთათვის წამლების შოვნა.. თითქოს შემოუშვეს ერთი მანქანა მედიკამენტებით, მაგრამ არ ვიცით, ვის და როდემდე ეყოფა. არც ის ვიცით, სამომავლოდ თუ შემოუშვებენ პროდუქტებისა და მედიკამენტების გადამტან მანქანებს“.

მოქალაქეები ამჟამად თავშესაფრებში არ არიან. ქალაქში კი ამოქმედებულია კომენდანტის საათი, 18:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე.

„ყოველდღე მიტინგზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის. ხალხი ხვდება, რომ უნდა გამოვიდეს გარეთ, აჩვენოს პროტესტი. ჩვენ არსად წასვლა არ შეგვიძლია და არც გვინდა ჩვენი სახლებისა და ბინების მიტოვება.“

მელიტოპოლი ძალიან ახლოს არის ენერგოდართან, რომელშიც ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. მას რუსეთი რამდენჯერმე დაესხა თავს, ამჯერად კი კიევის კონტროლის ქვეშაა – „თუ ეს სადგური აფეთქდება, მელიტოპოლი ნამდვილად აღარ იარსებებს“.


რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო. მოქალაქეებმა არ იციან, რა ელით წინ. თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას და დანებებას არ აპირებენ.

ერთ-ერთი მათგანი ქრისტინა ოდენცოვაა. ამ ლინკზე შეგიძლიათ მისი ისტორია წაიკითხოთ:

„ჩემი ქალაქი დავტოვეთ, არ ვიცით, წინ რა გველის“ — ქრისტინა ოდესიდან


უკვე მე-13 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

ომის პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის. თუმცა, ჯერ უშედეგოდ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი