საზოგადოება

რატომაა მნიშვნელოვანი “Moskva”-ზე თავდასხმა – ანალიზი

14 აპრილი, 2022 • 5339
რატომაა მნიშვნელოვანი “Moskva”-ზე თავდასხმა – ანალიზი

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, Moskva-ს დაზიანება არის როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულების მატარებელი, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანია. ამის შესახებ ექსპერტების შეფასებებს BBC აქვეყნებს.

Moskva სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინზე უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა. გუშინ, 13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში Moskva-ს უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები მოხვდა, რის გამოც მას ცეცხლი ეკიდა. მოგვიანებით ცეცხლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამაც გაავრცელა.

აშშ-ის საზღვაო ომის კოლეჯში რუსეთზე კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მაიკლ პეტერსენის შეფასებით, ჯერ ადრეა იმის შესახებ საუბარი, რა მოხდა რეალურად, თუმცა “იკვეთება, რომ უკრაინელებმა ზღვაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს”.

პეტერსენის თქმით, ხომალდის ასაკის მიუხედავად, შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალების სიმბოლოა.

“ვფიქრობ, მას [Moskva-ზე თავდასხმას] აქვს როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულებაც”, – განმარტავს ის.

პეტერსენის თქმით, უკრაინელებმა საკუთარი საზღვაო ფლოტის უმეტესი ნაწილი 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისას დაკარგეს, ამიტომ “ამას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ მათ კიდევ შეუძლიათ რუსულ სამხედრო ძალაზე ისე დარტყმა, რომ მოსკოვი ნამდვილად დააზარალონ”.

პეტერსენის განმარტებით, Moskva-ს დაზიანებას შეიძლება  ჰქონდეს “მნიშვნელოვანი სამხედრო ღირებულებაც”  იმ მხრივ, რომ ამის შემდეგ რუსეთის საზღვაო ფლოტი ნაპირიდან უფრო შორს გადაიწევს.

“შესაძლოა, ამან გავლენა მოახდინოს რუსეთის შესაძლებლობაზე, რომ სანაპიროზე მყოფი ჯარები პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოს. ასევე, შესაძლოა ხელი შეუშალოს მათ სანაპირო რეგიონებში საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფაში. ვფიქრობ, ეს რუსეთის ფლოტს აიძულებს, დაფიქრდეს “, – ამბობს პეტერსენი.

უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრის და უკრაინის მთავრობის სამხედრო მრჩევლის, მიკოლა ბიელიესკოვის თქმით კი, მომხდარი “ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია [უკრაინელების] სულისკვეთების ასამაღლებლად”.

თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ Moskva ძველი გემია და რუსეთი უკრაინაზე საკრუიზო რაკეტებით თავდასხმისთვის უფრო ახალ გემებს იყენებს, “მაგრამ შავ ზღვაში ის მაინც რუსული ფლოტის ფლაგმანია და, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ზიანი – არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ მორალურადაც”.


უკრაინული მედიის თანახმად, შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო კრეისერ Moskva-ს მოხვდა უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები, რის გამოც მას ცეცხლი უკიდია.

რუსული სარაკეტო კრეისერი Moskva წარმოადგენს 1164 პროექტის ატლანტის კლასის ლიდერ გემს.

ის თავდაპირველად ააგეს საბჭოთა კავშირში, უკრაინაში, მიკოლაევის ოლქში. გემის პირველი სახელი „Slava“, ანუ დიდება იყო.

გემი გამოიყენებოდა 1989 წელს, სსრკ-სა და აშშ-ს შორის გამართულ მოლაპარაკებების დროს, რომელიც ისტორიაში მალტის სამიტის სახელით შევიდა. სამიტში საბჭოთა კავშირის მხრიდან მონაწილეობდა იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე.

მოგვიანებით, 2000 წელს, გემს დღევანდელი სახელი ეწოდა.

2008 წელს მონაწილეობდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ასევე, სირიისა და ყირიმის ანექსიის კამპანიებშიც.

სწორედ ეს გემი მოუწოდებდა კუნძული ზმეინის დამცველებს დანებებისაკენ.

სარაკეტო კრეისერი აღჭურვილია სარადარო და სარაკეტო სისტემებით, ასევე, ტყვიამფრქვევებითა და ნაღმტყორცნებით.

კრეისერს შეუძლია ვერტმფრენების მიღებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი