საზოგადოება

ზელენსკიმ დაასახელა, რუსეთის რა მოთხოვნებზე შეიძლება შეთანხმება და რაზე — არა

27 მარტი, 2022 • 4239
ზელენსკიმ დაასახელა, რუსეთის რა მოთხოვნებზე შეიძლება შეთანხმება და რაზე — არა

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებში არც განიხილავს „დენაციფიკაციას და განიარაღებას“.

„ჩვენ საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან რაღაც დემილიტარიზაციაზე და დენაციფიკაციაზე სასაუბროდ. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარი საკითხებია“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასეთი ულტიმატუმი რუსულმა მხარემ ბელარუსში პირველ შეხვედრაზე წარმოადგინა.

„რაც შეეხება რუსული ენის დაცვის საკითხს, მე დელეგაციას დავაბარე, რომ ომის ყოველი შემდეგი დღე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმის გაგებას, საერთოდ რა არის რუსული ენა. ადამიანები თავად არ მოინდომებენ რუსულად საუბარს. ჩვენთან ყველა საუბრობს, რა ენაზეც სურს. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ სარკისებრი პატივისცემა შეიძლება იყოს კულტურის, ენისა და საერთო ფასეულობების შესახებ ყველა მეზობელთან. მე ამას ვიღებ. ეს ყველაფერი მაინც სახალხო გამოკითხვით გადაწყდება“, — თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს სპეკულაციების დასრულებას რუსულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით და თუ ვინმეს სურს რუსული კერძო სკოლის გახსნა, გარკვეული პირობებით.

„თქვენ ხსნით [სკოლას] ჩვენთან, ჩვენ ვხსნით თქვენთან. თუ რამეს გამოსცემთ აქ, გამოვცემთ თქვენთანაც. რუსეთის სახელმწიფო ენის პატივისცემა გსურთ? პატივი ეცით უკრაინის სახელმწიფო ენასაც და მორჩა“, — თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველა მეზობელთან სურს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას ენის ორმხრივ პატივისცემაზე.

„უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს ბირთვული სტატუსის გარეშე — ჩვენ მზად ვართ, ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მთავარი პუნქტი. ეს იყო პირველი პრინციპული საკითხი რუსეთის ფედერაციისთვის და, რამდენადაც მახსოვს, ამისთვის დაიწყეს ომი. მერე დაიწყეს ულტიმატუმის პუნქტების დამატება“, — განაცხადა ზელენსკიმ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა უბრალოდ ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.

„უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და მათთვის [რუსეთისთვის] განვიხილავ. ეს ღრმად დამუშავებულია. მაგრამ მე მაინტერესებს, რომ ეს არ იყოს კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმის ფურცელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ფურცელი იქცეს სერიოზულ შეთანხმებად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ყველა გარანტორის მიერ. აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტორი სახელმწიფოების პარლამენტებში და აუცილებლად უნდა იყოს რეფერენდუმი უკრაინაში“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, რასაც პარლამენტის ორი სესია და ერთწლიანი განხილვა სჭირდება, რეფერენდუმი კი უფრო სწრაფი გზაა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს პრეზიდენტ პუტინთან, ხოლო გარანტორები არაფერს მოაწერენ ხელს, თუ უკრაინაში რუსეთის ჯარი იდგება. ზელენსკის თქმით, უკრაინის მიზანი ახლა არის რუსეთის ჯარის გაყვანა კომპრომისულ ტერიტორიებზე, სადაც ისინი 24 თებერვლამდე იდგნენ.

„მე მესმის, რომ ვერ ვაიძულებთ რუსეთს, სრულად გაათავისუფლოს ტერიტორიები. ეს მესამე მსოფლიო ომთან მიგვიყვანს. ამიტომ ვამბობ, ეს კომპრომისია — დაბრუნდით იქ, სადანაც ყველაფერი დაიწყო და იქ შევეცდებით, დონბასის რთული საკითხი გადავწყვიტოთ“, — დასძინა ზელენსკიმ.

ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დონბასის და ყირიმის საკითხი აუცილებლად განსახილველი და გადასაწყვეტია და ის არასდროს გეგმავდა თავდასხმას დონბასზე და ყირიმზე.

1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმით უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა — შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა — აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“. ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან. თუმცა რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია ყირიმის ანექსიით.

ცნობისთვის, 2010 წელს, პრეზიდენტი იანუკოვიჩის დროს, უკრაინამ კანონმდებლობით განსაზღვრა უბლოკო სტატუსი. მიუხედავად ამისა, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მანამდე კი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. მაიდნის მოვლენების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში უკრაინამ უბლოკო სტატუსზე უარი თქვა.

ამ თემაზე:

ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება — ზელენსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი