ახალი ამბები

ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება — ზელენსკი

15 მარტი, 2022 • 29933
ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი ნატოს წევრობაზე “ოცნებას უნდა დაემშვიდობოს”. უკრაინული გამოცემა UNIAN-ის თანახმად, ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, 15 მარტს განაცხადა.

“გასაგებია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის, ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ადამიანები ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა “ღია კარის” შესახებ, მაგრამ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის გაანალიზებას იწყებს და გვაქვს საკუთარი თავის და ჩვენი პარტნიორების იმედი, რომლებიც გვეხმარებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვისკენ, თუმცა აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა დაბალია.

“ამჟამად უკრაინა არ აცხადებს პრეტენზიას ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გააქტიურებაზე. სულ ვამბობთ, რომ ჩვენი ცის დაცვა საჭიროა ისე, როგორც ალიანსის ცის, თუმცა გვესმის, რომ ყოველთვის არის “მაგრამ” და როგორი პასუხი ექნება ალიანსს, თუკი ევროპის აღმოსავლეთით ისინი უკვე ითხოვენ დაცვას.

ღმერთმა არ ქნას, თუ მათთან რუსული რაკეტები ჩააღწევს, მით უფრო რუსული თვითმფრინავები… რუსეთი ლვოვის ოლქს დაესხა თავს, რაკეტები ნატოს საზღვრიდან 20 კილომეტრის სიახლოვეს ჩამოვარდა. რუსული დრონი კი ალიანსის ტერიტორიაზე უკვე დაეცა”, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი უკვე კვირაზე მეტია ითხოვს უკრაინის თავზე ცის დაკეტვას, თუმცა ნატო ამ ნაბიჯს არ დგამს.

რას ნიშნავს ცის ჩაკეტვა?

„ცის ჩაკეტვა“ საჰაერო სივრცის კონტროლსა და მასში სხვა მხარეების შეღწევის გამორიცხვას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩაკეტილ საჰაერო სივრცეში უცხო მხარის თვითმფრინავი მაინც შეფრინდება, ის უნდა გაანეიტრალონ, ანუ უნდა ჩამოგდონ, რაც, ბუნებრივია, სამხედრო შეიარაღების გამოყენებას გულისხმობს.

ნატოს ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ უკრაინის „ცის ჩაკეტვასა“ და უკრაინაში ძალების გაგზავნას, რადგან ნატო არ არის ომის მონაწილე მხარე და მასში ჩარევამ, შესაძლოა, რუსეთთან ომი გამოიწვიოს.

წარსულში საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მაგალითად გამოდგება სადამ ჰუსეინის ერაყში, ქურთეთის (ქურთისტანის) საჰაერო ცის ჩაკეტვა, რა დროსაც ქურთი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული „ანფალის კამპანიის“ შემდეგ, რომელსაც ქვეყანათა ნაწილი გენოციდად მოიხსენიებს, დასავლურმა სახელმწიფოებმა სადამ ჰუსეინის ძალებს ამ სივრცეში ფრენა აუკრძალა, რათა თავიდან აეცილებინათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი