საზოგადოება

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე ომიდან ერთი თვის თავზე

24 მარტი, 2022 • 9383
რა ხდება უკრაინის ფრონტებზე ომიდან ერთი თვის თავზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ერთი თვე გავიდა.

მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, რომ ბლიცკრიგით [სწრაფად] აეღო მთელი ქვეყანა და, როგორც თავად აცხადებდა, მისი “დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” დაეწყო, ომი სამ სხვადასხვა ფრონტზე გაიშალა და დროში გახანგრძლივდა.

ომის მკვლევრებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების თანახმად, რუსეთმა ცუდად დაგეგმა და ცუდად ახორციელებს მის მიერ დაწყებულ სამხედრო აგრესიას.

ნეტგაზეთი ამ მასალაში გთავაზობთ უკრაინის ფრონტებზე არსებულ უახლეს მდგომარეობას, მხარეების განლაგებას, შეტევათა მიმართულებასა და ომის ერთი თვის თავზე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას.

ჩრდილოეთის ფრონტი

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მიმართულებიდან- ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან.

ჩრდილოეთი მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას თავს დაესხნენ  ასევე ბელარუსის ტერიტორიიდანაც. შედეგად, მათ შეძლეს ძირითადად იმ ტერიტორიების დაკავება, რომლებიც მდებარეობს უკრაინა-ბელარუსის და უკრაინა-რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

ამჟამად ჩრდილოეთის ფრონტი კიევის ჩრდილო-დასავლეთიდან იწყება და ჩერნიჰივის, სუმისა და ხარკოვის ოლქების გავლით, ქალაქ ხარკოვამდეა გადაჭიმული.

კიევს ყველაზე ახლოს რუსული ჯარები დასავლეთიდან, მათ შორის ჩერნობილის რადიაციული ტერიტორიის გავლით, გოსტომელის, ბუჩასა და ირპინის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ.

ომის ერთი თვის განმავლობაში, კიევი, მათ შორის, ამ მიმართულებიდან იბომბებოდა საარტილერიო ცეცხლით, თუმცა 23 მარტის საღამოს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეს ირპინიდან უკან დაახევინეს. ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ამ მიმართულებაზე უკრაინულები მცირე და წარმატებულ კონტრშეტევებზე გადადიან.

წითელი ფერი – რუსული ოკუპაციის ზონა;  სტაფილოსფერი – ტერიტორია, რომელსაც რუსეთის განცხადებით, თავად აკონტროლებს; ცისფერი – ტერიტორია, რომელიც უკრაინელებმა დაიბრუნეს; ცისფერი წერტილები – ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. წყარო – ომის კვლევის ინსტიტუტი.

როგორც CNN წერს,  შესაძლოა, რუსული ჯარები უფრო იზოლირებული გახდეს, თუ უკრაინელები კიევთან შეძლებენ თავიანთი მიღწევების გამაგრებას.

CNN-ის თანახმად, თუ უკრაინული ძალები გააძლიერებენ კონტროლს ქალაქ მაკარივზე, რუსეთის ძალებს გაუჭირდებათ კიევის დასავლეთის მისადგომების დაცვა და შემდეგ უფრო სამხრეთისკენ გადაადგილება. მაკარივი კიევიდან დაახლოებით 48 კმ-ში მდებარეობს და მისი დაბრუნების შესახებ უკრაინამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

გარდა ამისა, შესაძლოა, მდინარე ირპენის ადიდებამ ლოჯისტიკური სირთულეები შეუქმნას ამ არეალში მყოფ რუსულ ჯარებს, ისევე, როგორც სარკინიგზო ხიდის დანგრევამ ირპენის ჩრდილოეთით.

თუ უკრაინული ძალები განამტკიცებენ მიღწევებს ბუჩასა და ჰოსტომელთან, ანუ იქ, სადაც კიევის მიმართულებაზე რუსეთის ყველაზე მოწინავე პოზიციებია, შესაძლოა, რუსული დანაყოფები მოწყვლადი გახდეს ალყაში აღმოჩენის კუთხით. ჰოსტომელთან ახლოს მდებარე ანტონოვის საჰაერო ბაზაზე რუსებს არტილერია ჰყავთ განთავსებული.

ამასთან, CNN-ის თანახმად, მაკარივის [რომელზეც უკრაინამ კონტროლის დაიბრუნა] ჩრდილოეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით, არის ქალაქი ბოროდიანკა, რომელსაც რუსული და ჩეჩნური [კადიროველები] ძალები აკონტროლებდნენ და  თუ უკრაინელები აიღებენ ბოროდიანკას, შესაძლოა, რუსეთის წინ მყოფი ნაწილები დანარჩენ არმიას გამოეთიშონ.

ასევე არსებობს მინიშნებები, რომ  რუსული ძალები წარუმატებლობას განიცდიან კიევის ჩრდილოეთით, იმ რაიონებში, რომლებსაც თითქმის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან იკავებდნენ. ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეო ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინელები ქალაქ მოშუნში შევიდნენ, რომელიც კიევის ჩრდილოეთით მდებარეობს 35 კმ-ში.

ჩრდილოეთ ფრონტზე რუსეთი აკონტროლებს ჩერნიჰივის (რუს. ჩერნიგოვი) ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ჩერნიჰივის სამი მხრიდან რუსულ ალყაშია, მას მაინც უკრაინელები აკონტროლებენ. რუსული ძალები აკონტროლებენ სუმისა და ხარკოვის ოლქების ჩრდილოეთ ნაწილსაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ალყის მიუხედავად, ქალაქები მაინც უკრაინული კონტროლის ქვეშ რჩება.

აღმოსავლეთ ფრონტი

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, საბრძოლო მოქმედებები 2014 წლის კონფლიქტის შემდგომ, მცირე ინტენსივობით მაინც გრძელდებოდა, შედეგად, 2022 წელს, ომის დაწყების მომენტში აღმოსავლეთ ფრონტი ძირითადად ემთხვეოდა უკრაინის სამთავრობო ჯარებისა და რუსეთის მიერ მართული სეპარატისტების კონტაქტის ხაზს.

სამხედრო მკვლევრების შეფასებით, ამ მიმართულებაზე უკრაინული ძალების მიერ შედარებით უკეთესად იყო მოწყობილი თავდაცვითი პოზიციები.

ომის დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა შეძლეს ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია. ასევე, დაიკავეს დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილი და ალყაში მოაქციეს ქალაქი მარიუპოლი. დონეცკის ოლქის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს კვლავ უკრაინული მხარე აკონტროლებს.

მარიუპოლის ალყაში მოსაქცევად რუსეთმა, გარდა აღმოსავლეთიდან შემოსული ძალებისა, გამოიყენა ანექსირებული ყირიმიდან წამოსული ნაწილებიც, რომლებიც მარიუპოლს დასავლეთ მიმართულებიდან მიუახლოვდნენ. მიუხედავად ბრძოლებისა, მარიუპოლი კვლავ რჩება უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ.

ამჟამად ბრძოლები ქალაქის მისადგომებთან მიმდინარეობს.

ქალაქი მარიუპოლი ქვეყნის სამხრეთით, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის ორივე მხარისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

მარიუპოლის მდებარეობა რუსეთის ფედერაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელ გზაზე

უკრაინელებისთვის ეს ქალაქი არის აზოვის ზღვაზე გასასვლელი და ამჟამად რუსული შეტევის ზურგში მდებარე „ანკლავი“, რომელიც ზღუდავს რუსულ მხარეს შეტევის სხვა, მაგალითად, ოდესის მიმართულებებზე განვითარების შესაძლებლობას.

საოკუპაციო ძალებისთვის მარიუპოლის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებულ ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს. ასევე, ამ ქალაქის აღების შემთხვევაში, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, შეტევის სხვა მიმართულებით განხორციელებისთვის ძალები გამოათავისუფლოს.

მარიუპოლში უკრაინის მხრიდან ამჟამად იბრძვის “აზოვის” პოლკის, რეგულარული არმიისა და მესაზღვრეების ნაწილი.

სამხრეთის ფრონტი

ომის დაწყების პირველივე დღეს, რუსული ჯარები დანარჩენი უკრაინის ტერიტორიაზე სამხრეთიდან, ანექსირებული ყირიმიდანაც შეიჭრნენ.

რუსეთმა მხოლოდ სამხრეთის ფრონტზე შეძლო შედარებით დიდი საქალაქო ცენტრების, მათ შორის – ხერსონის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის დაკავება. ასევე დაიკავა ქალაქი ენერგოდარი, სადაც უკრაინის ყველაზე დიდი ბირთვული ელექტროსადგური და ექვსი ბირთვული რეაქტორია განთავსებული.

შედეგად, საოკუპაციო ძალები ამჟამად აკონტროლებენ ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების სამხრეთ ნაწილს. ასევე, მიკოლაევის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთს.

მიუხედავად რუსეთის მიერ ტერიტორიების კონტროლისა, უკრაინული მხარის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარე სოფელ ჩორნობაივკაში (ასევე მის აეროპორტში) შეჭრილი რუსული ძალები და სამხედრო ტექნიკა ზედიზედ, სულ მცირე, 9-ჯერ მოიგერიეს და გაანადგურეს.

ასევე, უკრაინელებმა 24 მარტს ბერდიანსკის პორტში გაჩერებული რუსული სადესანტო გემი სარაკეტო დარტყმით ააფეთქეს.

რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ხერსონის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის, მიკოლაევის დაკავება, რის შემდეგაც, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მას გაუჩნდებოდა შესაძლებლობა, რომ ჩრდილოეთიდან მიახლოებოდა საპორტო ქალაქ ოდესას.

ქალაქ ოდესას, ისევე როგორც ოდესის მთლიან ოლქს, უკრაინული მხარე აკონტროლებს.

მხარეების დანაკარგები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 15 800 ადამიანი,
  • ტანკი – 530 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 597 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 280 ერთეული
  • MLRS – 82 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 47 ერთეული
  • თვითმფრინავი – 108 ერთეული
  • ვერტმფრენი – 124 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 1 033 ერთეული
  • გემი / ნავი – 4 ერთეული
  • საწვავმზიდი – 72
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50
  • სპეციალური აღჭურვილობა – 16

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 255 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 189 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა
  • 1 564 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა
  • 158 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა
  • 612 საველე არტილერია
  • 1 367 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა
  • საერთო ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალების 184 თვითმფრინავისა და ვერტმფრენის განადგურებაზე ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 23 მარტს, საღამოს, განაცხადა.

ნატოს მაღალი რანგის ოფიცრის განცხადებით, ალიანსის დაანგარიშებით, დაახლოებით 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი შეეწირა ომს უკრაინაში.

საერთო ჯამში კი, 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა, დაიკარგა ან გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი