საზოგადოება

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს „კადიროველები“ აკონტროლებენ – არახამია

4 მარტი, 2022 • 5431
ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს „კადიროველები“ აკონტროლებენ – არახამია

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად „კადიროველები“ აკონტროლებენ.

უკრაინის მთავრობამ 4 მარტის დილას დაადასტურა, რომ გასულ ღამეს განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს (იგივე ენერგოდარის) ატომური ელექტროსადგურის დაკავება შეძლეს.

დავით არახამიამ, – რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინას წარმოადგენს, – იმავე დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა:

„ახლა ამ ბირთვულ ობიექტებზე, ატომურ ობიექტებზე სამოქალაქო პირებს აკონტროლებენ ეგრეთ წოდებული კადიროველები, ჩეჩენი მებრძოლები“.

მისი თქმით, „კადიროველებმა“ დახოცეს ობიექტის თანამშრომლები, რომლებიც იქ ათწლეულობის განმავლობაში მუშაობდნენ.

არახამია ასევე აცხადებს, რომ სანამ სადგური „კადიროველების“ ხელშია, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ გასცემს:

„წუხელ, როდესაც დაიწყო შეტევა ობიექტებზე, ჩვენ ავუხსენით მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საერთოდაც, ჩვენ არ შეგვიძლია, – და ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთსაც კი არ შეუძლია, – გარანტიის მოცემა, რა არის მათ [„კადიროველების“] თავში“.

დეპუტატმა ასევე თქვა, რომ შიშობს, ატომურ ობიექტს შანტაჟისთვის გამოიყენებენ:

„შეიძლება, შემდეგ რუსეთიც დააშანტაჟონ, თქვან, „მიეცით დამოუკიდებლობა ჩეჩნეთს“ ან რაიმე მსგავსი. ერთი სიტყვით, ფაქტორივად, კონკრეტული ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჩაიგდო ხელში ბირთვული ობიექტები“, – განაცხადა დავით არახამიამ.


კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა არის ომის დანაშაული.

უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ბირთვული ელექტროსადგურები ააშენეს.

უკრაინაში ამჟამად 4 მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურია, მათ შორის, ხმელნიცკის, როვნოს, სამხრეთ უკრაინისა და ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის სადგურები. ეს უკანასკნელი კი ექვსი რეაქტორითა და გამომუშავებული ენერგიის მოცულობით, ევროპაში უდიდესია.

უკრაინას უკავშირდიება მსოფლიოს პირველი ბირთვული კატასტროფაც, რომელიც ჩერნობილის სადგურზე მოხდა. კატასტროფას გრძელვადიან პერსპექტივაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბირთვული ენერგიის მკვლევრების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განლაგებული რომელიმე ბირთვული რეაქტორი დაზიანდება, განმეორდება ჩერნობილის ტრაგედია და შესაძლოა, რომ კატასტროფის მასშტაბები გაცილებით დიდი იყოს.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი