საზოგადოება

თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა რექტორის სადავო დისერტაციაზე ახალი კომისიის შექმნა მოითხოვა

14 თებერვალი, 2022 •
თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა რექტორის სადავო დისერტაციაზე ახალი კომისიის შექმნა მოითხოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართა წერილით, სადაც რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის შესასწავლად და საბოლოო სამეცნიერო ექსპერტიზისთვის ინტერსაუნივერსიტეტო კომისიის შექმნა მოითხოვა.

წერილით, რომელიც ნეტგაზეთმა მოიპოვა, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ დღეს, 14 თებერვალს მიმართა საბჭოს.

როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ “ნეტგაზეთთან” განმარტა, ამ საკითხის კვლავ წამოწევის მიზეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის ვაკანსიაზე, ანუ აკადემიურ თანამდებობაზე, გიორგი შარვაშიძის კანდიდატურის განხილვა გახდა.

აღნიშნულ აკადემიურ პოზიციაზე კანდიდატურა მხოლოდ გიორგი შარვაშიძეს ჰქონდა წარდგენილი. წერილიდან ირკვევა, რომ კონკურსის ფარგლებში მიმდინარე წლის 3 თებერვალს გასაუბრება შედგა ერთადერთ პრეტენდენტთან [შარვაშიძესთან], რომელიც საკონკურსო კომისიამ იმავე დღეს გამოაცხადა გამარჯვებულად, დღეს კი აკადემიურმა საბჭომ კონკურსის შედეგი საბოლოოდ დაამტკიცა.

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიურ საბჭოში მისი წარმომადგენლები ასევე ითხოვდნენ, რომ დღევანდელ სხდომაზე შეჩერებულიყო შარვაშიძის განხილვა-დამტკიცების საკითხი ასოცირებული პროფესორის კანდიდატურაზე, თუმცა საბჭოს უმრავლესობამ ამას მხარი არ დაუჭირა.

იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აკადემიური თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი წინაპირობა დოქტორის ხარისხის ქონაა. მისი განმარტებით, ეს კვალიფიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიური თანამდებობის პირთათვის არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების გამო, არამედ სამეცნიერო-პედაგოგიური რეპუტაციისა და სანდოობის თვალსაზრისითაც. გიორგი შარვაშიძის შემთხვევაში, ზარანდიას თქმით, აკადემიურ წრეებში მისი სადისერტაციო ნაშრომის საკითხზე მსჯელობა კვლავაც ცხარედ მიმდინარეობს და, “სამწუხაროდ, არსებობს კითხვის ნიშნებიც”.

ამის მიზეზი კი რექტორის სადავო დისერტაციაა, რომლის გარშემოც თითქმის 3 წლის წინ აქტიური განხილვები მიმდინარეობდა. საქმე ეხება დაახლოებით 140-გვერდიან აკადემიურ ნაშრომს, რომელსაც „თავისუფლების მონიტორმა“ გამოძიება მიუძღვნა და 2019 წლის ნოემბერში საუბრობდა მასში პლაგიატის არსებობაზე.

“რადგან ეს დისერტაცია ბადებს კითხვის ნიშნებს, ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა შეიქმნას მიუკერძოებელი კომისია – არა ერთი ან ორი უნივერსიტეტის ფარგლებში, როგორც ეს უკვე მოხდა, არამედ უნივერსიტეტთაშორისი ფორმატით, რომელიც ამ ნაშრომის პირუთვნელ სამეცნიერო ექსპერტიზას ჩაატარებდა და, შესაბამისად, აღნიშულ შეკითხვებსაც საბოლოოდ გასცემდა პასუხს.

საუნივერსიტეტო სივრცეში ამ კითხვის ნიშნების არსებობა, მით უმეტეს, რექტორთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალზე დამაფიქრებელია. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე, უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური კეთილსინდისიერება, როგორც ცოდნის შექმნისა და გადაცემის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, განუხრელად იყოს დაცული”, – განმარტა ზარანდიამ.

იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლის, მორის შალიკაშვილის განმარტებით, ინტერსაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის საკითხი აკადემიური საბჭოს დღევანდელ კენჭისყრაზე არ დამდგარა, თუმცა იყო დისკუსია მის გარშემო. დისკუსიის ფარგლებში შარვაშიძის დამტკიცების მომხრეების არგუმენტი კი იყო, რომ რექტორის სადისერტაციო ნაშრომი შიდასაუნივერსიტეტო კომისიამ უკვე განიხილა და პლაგიატად არ მიიჩნია. შესაბამისად, არ დაკმაყოფილებულა იურიდიული ფაკულტეტის მოთხოვნა განხილვა-დამტკიცების გადადების თაობაზე.

“იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლობას რაც შეგვეძლო, ის იყო, რომ სხვა კოლეგებისთვის კიდევ ერთხელ მოგვეწოდებინა, რომ ეს საკითხი [რექტორის შესაძლო პლაგიატის] ერთხელ და სამუდამოდ ამოწურულიყო. ეს იყო ჩვენი მიზანი – შეიქმნას ისეთი კომისია, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტის წევრებით არ იქნება დაკომპლექტებული და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას ამას წერტილი. ეს ბატონი შარვაშიძისთვისაც კარგი იქნებოდა და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტისთვის, რადგან ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს”, – განაცხადა საბჭოს წევრმა, მორის შალიკაშვილმა ნეტგაზეთთან.

იურიდიული ფაკულტეტის წერილში აღნიშნულია, რომ კონკურსის შედეგების განხილვა-დამტკიცება უნდა შეჩერდეს არამხოლოდ “შესაძლო აკადემიური არაკეთელსინდისიერების ფაქტის” გამო, ასევე” ინტერესთა კონფლიქტის საფუძველზე”. ამ კუთხით ფაკულტეტის არგუმენტაცია ასეთია: ასოცირებული პროფესორის ვაკანსიაზე კონკურსი რექტორმა გამოაცხადა, მასში თვითონვე მიიღო არაკონკურენტული მონაწილეობა, გამარჯვებულად გამოვლინდა და ამასთანავე, შედეგის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანოს ex officio თავმჯდომარეა.

აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა. სასწავლო დაწესებულებაში განმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე აკადემიური საბჭოს წევრებმა იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წერილში დასმულ საკითხებზე იმსჯელეს და მოისმინეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაც. საბოლოოდ კი აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატმა [მოქმედმა რექტორმა] კონკურსში მონაწილეობა კანონის ყველა წესით მიიღო. ამ პოზიციას საბჭოს 31 წევრიდან მხარი დაუჭირა 25-მა, ოთხი წევრი იყო წინააღმდეგი, ორმა წევრმა კი, მათ შორის გიორგი შარვაშიძემ, კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

“აღსანიშნავია, რომ კანდიდატის აკადემიურ ხარისხთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი 2019 წელს გაეცა, როდესაც საკითხი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა. კომისიის დასკვნას როგორც აკადემიური საბჭოს, ისე სენატის წევრები 2019 წელსვე გაეცნენ და ამით ყველა კითხვას გაეცა პასუხი”, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.


თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ „თავისუფლების მონიტორმა“. საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა. მოგვიანებით თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ.) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

კაჭკაჭიშვილი დასძენს, რომ ამ დოზით თანხვედრა არა მხოლოდ შესაძლო პლაგიატზე, არამედ დისერტაციის ცუდ ხარისხზეც მეტყველებს.

საქმე ის არის, რომ დისერტაციაში 40 გვერდი 2012 წლის პარლამენტის დადგენილებას ეთმობა, თუმცა ეს უკანასკნელი ბიბლიოგრაფიაში მითითებული არ არის. რექტორი და უნივერსიტეტი ამბობს, რომ ეს პლაგიატი არ არის, ვინაიდან საჯარო დოკუმენტებზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები, ავტორთა ბიბლიოგრაფიაში არმითითება კი, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზი იყოს.

გიორგი შარვაშიძე ასევე ამბობს, რომ თავად იყო იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, ვინც ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტზე მუშაობდა. გარდა ამისა, მან საკუთარ ტექსტის სხვა ნაწილებში თანაავტორები არაერთხელ მოიხსენია, მათ შორის გადაუხადა მადლობაც.

რექტორის დისერტაციაში პლაგიატი უარყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.

გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. 2020 წელს ის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს.

ამ თემაზე გირჩევთ ვრცლად:

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი