ახალი ამბები

“რეგრესული ტენდენციები სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესში” – ღია წერილი

2 თებერვალი, 2022 • 1420
“რეგრესული ტენდენციები სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესში” – ღია წერილი

პროფესიული თეატრალური კრიტიკის წევრები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ თეატრებში სამხატვრო სახელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი კითხვის ნიშნებით, გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და მავნებლურ შედეგებს იწვევს სფეროს განვითარების თვალსაზრისით.

განცხადების ავტორების თქმით, რიგ შემთხვევაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ერთპიროვნულად ნიშნავს პირებს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. რიგ შემთხვევაში იმართება კონკურსები, რიგ შემთხვევაში კი განუსაზღვრელი ვადით იწელება საკონკურსო შედეგების გამოცხადება. ამასთან, წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ გაუმჭვირვალეა პროცედურა და მისი ვადები:

„უცნობია, რომელი კვლევისა და არგუმენტების საფუძველზე ინიშნებიან კონკურსის გარეშე და ასევე უცნობია, რის საფუძველზე ეზღუდებათ გარკვეულ რეჟისორებს კონკურსში მონაწილეობა. უცნობია კონკურსის ჩაშლის მიზეზები. მაგალითად: სამინისტრომ ყოველგვარი განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა გორის გიორგი ერისთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი, რის შედეგადაც აღნიშნულ თეატრში მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა დავით ჩხარტიშვილს, რომლის 4 -წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრის შემოქმედებითი წარმატება აღიარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერების თქმით, მეორე მხრივ, მინისტრმა ერთპიროვნულად, დასაბუთების გარეშე, დანიშნა 4 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და აღნიშნავენ, რომ უცნობია მიმდინარე კონკურსებში წარდგენილი კანდიდატების ვინაობა და მათი პროგრამები. ასევე, ხელმომწერების თქმით, უცნობია პროფესიონალთა სარეკომენდაციო საბჭოს მუშაობის შედეგები, რეკომენდაციები.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 6 დეკემბერს გამოცემული “საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება” ამცირებს და აკნინებს პროფესიონალთა როლს და პროფესიული შეფასების მეთოდს:

„სახელმწიფო თეატრების ადმინისტრაციული და ფინანსური მოწყობა რეგულირდება კანონით თეატრის შესახებ. რომელშიც სხვა მრავალთან ერთად გაწერილია თეატრების მმართველი მენეჯმენტის დანიშვნის პროცედურა. კანონის სისუსტეზე მიუთითებს პროფესიული წრეების და პროფესიული აზრისთვის მინიჭებული სუსტი როლი, რაც მთლიანობაში ზღუდავს სფეროს დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას. ასევე ზღუდავს თეატრების დამოუკიდებლობას რიგ საკითხებთან მიმართებაში”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწრების თქმით, 2021 წლის დეკემბრის დებულება კიდევ უფრო ამცირებს პროფესიონალთა სარეკომენდაციო საბჭოს სამოქმედო სივრცეს და ჩინოვნიკებს უზრდის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას.

მათი თქმით, ამის დასტურია დებულებაში არსებული მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად“:

„აღნიშული ცვლილებების საფუძველზე ჩაშლილად გამოცხადდა კონკურსი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში. საბოლოოდ, შედეგად მივიღეთ, სავარაუდოდ, პარტიული მსოფლმხედველობის და პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება, რომელზეც გავლენა ვერ მოახდინა სარეკომენდაციო საბჭომ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად გამორიცხავს კონკურსანტის პროფესიული მიღწევებისა და წარდგენილი პროგრამის ანალიზს.

შესაბამისად , მიგვაჩნია, რომ ახალი დებულება ზღუდავს თეატრების თავისუფლებას, განვითარებას და სფეროს მჭიდროდ აკავშირებს პოლიტიკურ და პარტიულ დღის წესრიგთან. დებულება აკნინებს პროფესიონალთა ჩართულობას და პროფესიონალიზმის მნიშვნელობას სფეროს მართვის პროცესში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დებულება საგანგაშო ტენდენციების გამაძლიერებელია და ამიტომაც, კატეგორიულად მიუღებელი“ – წერია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორების თქმით, პროცესში არ ისმის და უცნობია სარეკომენდაციო საბჭოს ამჟამინდელი წევრების პოზიცია და როლი აღნიშულ ქაოსურ და მავნებლურ პროცესთან მიმართებაში. შედეგად, მათი თქმით, მწვავდება სფეროს შიგნით არსებული ღირებულებრივი და პრინციპული შეუთანხმებლობა და გააზრებული არ არის საბჭოს პასუხისმგებლობა სფეროს წარმომადგენელთა მიმართ, მიმდინარეობს კულუარული კომუნიკაცია, რაც კლავს ღია, პრინციპებზე და სტრატეგიაზე შეთანხმებულ ერთიან ხედვას.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საჭიროა:

  • მოქმედება შეეზღუდოს “საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულებას” და მისი ანალიზი მოხდეს მრავალფეროვან პროფესიულ წრეში, რაკი მხოლოდ სარეკომენდაციო საბჭო ვერ ახდენს გავლენას პროცესებზე. მხოლოდ სფეროს წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე მოხდეს დარგის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
  • აუცილებელია კონკურსების ერთიანი მიდგომით წარმართვა და ყველა კონკურსანტისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა, ვადების გაწერა და ყველა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, მათ შორის, კონკურსანტების ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამები. არგუმენტირებული იყოს გადაწყვეტილებები და არგუმენტები გამოქვეყნდეს.
  • შეჩერდეს გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის კონკურსი, ვიდრე არ განიხილება წინარე – ჩაშლილად გამოცხადებული კონკურსის შესახებ არგუმენტირებული და დეტალური ინფორმაცია.
  • საინიციატივო ჯგუფი სამომავლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს თეატრის შესახებ კანონის იმგვარად დახვეწას, რომ გაძლიერდეს თეატრების დამოუკიდებლობა და პროფესიონალთა გავლენა სფეროს განვითარების პროცესში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გვანცა გულიაშვილი
  • სოფო კილასონია
  • სოფო ნადიბაიძე
  • თამარ შუკაკიძე
  • ანა კვინიკაძე
  • თამარ ცაგარელი
  • თეა კახიანი
  • ტატო ჩანგელია

მასალების გადაბეჭდვის წესი