ახალი ამბები

“თუ მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვეცდები ვნახო, საიდან მოდის ეს აზრი” – წულუკიანი

23 მარტი, 2021 • 1345
“თუ მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვეცდები ვნახო, საიდან მოდის ეს აზრი” – წულუკიანი

“შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის” – ასე პასუხობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კითხვას, როგორი იქნება მისი მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებულ სტრუქტურებში მუშაობენ, ღიად გამოხატავენ სიმპათიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ” და გამოდიან “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

აღნიშნული კომენტარი წულუკიანმა 19 მარტს “პოსტივის” ეთერში გააკეთა. შალვა რამიშვილის კითხვის საპასუხოდ წულუკიანმა მისი გამოცდილება გაიხსენა იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას და თქვა, რომ უწყებიდან მხოლოდ ის კადრები გაათავისუფლა, რომლებიც სტრუქტურის “საბოტაჟს” ეწეოდნენ:

“იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც მე გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო იმიტომ, რომ ისინი პირდაპირ ოპოზიციის აქტივისტები და არ იყვნენ საჯარო მოხლეები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს. იყო პოლიტიკით დაკავებული, არადა, საჯარო მოხელისთვის პოლიტიკა არის მხოლოდ არჩევნების დღეს ან საკუთარ სამზარეულოში. ეს იყო პატარა ჯგუფი. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები კონკურსით”, – თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროდან არ გაუთავისუფლებია კადრები, რომლებიც “პოლიტიკური ნიშნით სისტემის წინააღმდეგ საბოტაჟს” არ აწყობდნენ და მისი მმართველობის პირობებში “იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად”:

“მაგრამ ვინც იქ დამხვდა და არ ეწეოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ – მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, იმიტომ, რომ მის დროს მოსულები იყვნენ, მე რომ წამოვედი, არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერც ერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი ჩემი მმართველობის პირობებში იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად და შეერივნენ ახალ კადრებს. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, მათ, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე ვიმუშავე 8 წელი”, – ამბობს წულუკიანი.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, წულუკიანი ამბობს, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი ან რეჟისორი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, დაინტერესდება გაიგოს, საიდან მოდის მათი განსხვავებული აზრი და შეეცდება გაიგოს, რამდენად უშლის ეს ხელს ორგანიზაციის ფუნქციონირებას:

“რაც შეეხება ამ სისტემას, ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას” ,– ამბობს თეა წულუკიანი.

იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას ხელს არ უშლის, დასაქმებულების განსხვავებულ მოსაზრებებში პრობლემას ვერ ხედავს:

“თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი. ამიტომ ეს მე არ მეჩვენება ერთი და იმავე სისტემად” ,– განაცხადა თეა წულუკიანმა “პოსტივის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი